დაფნისებრი მცენარე წარმოშობით მექსიკიდან მწვანე მსხლისებური ნაყოფით, აცტეკების საყვარელი საკვები და სამკურნალო მცენარე. ფლორიდაში გამოჩენისას ამერიკელებმა მას ალიგატორი მსხალი დაარქვეს. მწვანე ფერის მოზრდილი ნაწყოფი დიდი კურკით და ცხიმოვანი რბილობით - ეს ავოკადოა, ეგზოტიკური ხილი, რომლის მოყვანა სხვათა შორის, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სუბტროპიკებშიც სცადეს და წარმატებით. ავოკადო ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარული ხილია, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ უფროსებიც და აქტიურად გამოიყენება ბავშვთა კვების რაციონშიც.
ეს დიდკურკიანი ეგზოტიკური ხილი მდიდარია ცხიმით და ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი, მათ შორის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს. ალბათ შემადგენლობითაც მიხვდით - ავაოკადო სასარგებლო ხილია. უხდება ხილის და ბოსტნეულის სალათებს ან სულაც გახუხუხულ პურზე წასმული გირჩევნიათ და როცა ამ სასარგებლო პროდუქტს მიირთმევთ, აუცილებელად გახსენდებათ თქვენი პატარა - ავოკადოში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ცხიმები ხომ მისთვისაც სასარგებლო იქნება.
კითხვები ბუნებრივად ისმის, რადგან ავოკადო ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყნისათვის უჩვეულო ხილია, სულ ცოტა ხნის წინ რომ გამოჩნდა სუპერმარკეტებში და მეორეც, ის ცხიმიანია. მიუხედავად ამისა, პასუხი არის - დიახ! ავოკადო შეიძლება აქციოთ ენერგიის საუკეთესო წყაროდ ჩვილისა და უფრო მოზორდილი ბავშვისათვის, მათ ხომ ენრეგიაზე უფრო გაზდრილი მოთხოვნილება აქვთ აქტიური ზრდის პროცესში. ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები პატარას თავის ტვინის განვითარებისთვისაა აუცილებელი, ხოლო ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვთარებას, ანემიის პროფილაქტიკას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქიონირებას, ძვლების სიმტკიცეს.
ავოკადოს არჩევისას უპირატესობა რბილ, დამწიფებულ ნაყოფს მიანიჭეთ, რომელსაც მუქი მწვანე კანი აქვს. ხელის დაჭერისას მწიფე ავოკადო რბილია. გაჭრისას შიგთავსი მწვანე აქვს, კურკისკენ - მოყვითალო- აგურსფერი. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. უმწიფარი, მაგარი ავოკადო კი 3-4 დღეში დამწიფდება და საკვებად ვარგისი გახდება.
5-6 თვიდან აქტიურ განვითარებას იწყებს პირის ღრუში არსებული გემოვნების რეცეპტორები, ამიტომ დროის ამ პერიოდში რეცეპტორების განვათრებისათვის სხვადასხვა გემოს საკვები აუცილებელია. ავოკადოს ნაზი, განსხვავებული გემო და ნაზი ტექსტურა კარგად ეხამება ხილსაც და ბოსტნეულსაც, რძესაც და იოგურტსაც. გახსოვდეთ, ჰაერზე დაყოვნებისას ავოკადო იჟანგება და ფერს იცვლის, ამიტომ შეეცადეთ, ის პატარას ფერის შეცვლამდე მისცეთ.
ავოკადოს მარტივი პიურე - გაჭერით ავოკადო, ამოიღეთ კურკა, კანგაცლილი რბილობი გაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ და შეურიეთ დედის რძეს ან ხელოვნურ ნარევს.
ავოკადო+ხილი - დაჭყლეტილი ავოკადო სხვა ხილს, მაგალითად ბანანს შეურიეთ. ეს წყვილი საინტერესო გემოთი გამოირჩევა.
იოგურტი ავოკადოთი -დაბლენდებერბული ავოკადო შეურიეთ იოგუტს ან მაწონს - გემრიელი და ყუათიანი წახემსება გარანტირებულია.
ყაბაყი ავოკადოთი - გარეცხილი, გაფცქვნილი, დაჭრილი ყაბაყი მოხარშეთ 100 მლ წყალში 10 წთ მანძილზე. მოხარშული ყაბაყი ცოტათი გააგრილეთ. ½ ავოკადო დაჭყლიტეთ, შეურიეთ მოხარშულ ყაბაყს და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი.
თუ თქვენს პატარას ლატექსზე ალერგია აქვს, ავოკადო არ უნდა მისცეთ, რადგან შესაძლოა, ჯვარედინი ალერგია გამოვლინდეს და სარგებლის ნაცვლად პრობლემა მიიღოთ.
ავოკადოს მკვებავი ნიღაბი ასე შეგიძლიათ მოამზადოთ - 1 სუფრის კოვზი დაჭლეტილი ავოკადო და ამდენივე ბანანი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი. დაიდეთ სახეზე სქელ მასად და 20 წუთში ჩამოიბანეთ. გლუვი, ნაზი კანი აუცილებლად გაგახარებთ!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე