ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ასახელებს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა და ასევე, საუბრობს იმ საკვებზეც, რომლებმაც, პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს ანთების განვითარებას. აღნიშნავს იმასაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებისთვის კუჭის მჟავიანობის დაბალანსებას:
- კვების რაციონში ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტების ჩართვა ყოველთვის გვჭირდება ისე, რომ ანთების ხელშემწყობი პროცესებიც გავითვალისწინოთ. როგორც წესი, ანთების ხელშემწყობი პროდუქტებია: ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, მათგან წარმოებული საკვები, მათ შორის, პროცესირებული პროდუქტები. ანთების ხელშეწყობისას შესაძლოა, პროცესირებული ხორცის, განსაკუთრებით წითელი ხორცის, გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ასევე, ცხიმების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ტრანსცხიმები როგორც ანთების გამომწვევი და ხელშემწყობი, ისე განიხილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსცხიმის სხვადასხვა ვერსია, რომელიც მხოლოდ ცხოველური პროდუქტის გამოყენებას არ გულისხმობს, ან მხოლოდ მცენარეულ პროდუქტში არ გამოყოფს პრობლემას. ტრანსცხიმი შეიძლება როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში იყოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ასეთი ტიპის რისკის ფაქტორების შეხამება სამკურნალო წამლებთან იმიტომ, რომ შეიძლება წამლების ეფექტურობა კიდევ უფრო დაქვეითდეს. გასათვალისწინებელია ალკოჰოლის, როგორც ორგანიზმში ანთების განვითარების ხელშემწყობის როლის გამოკვეთაც.
მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია კუჭის მჟავიანობის ბალანსის შენარჩუნება იმისათვის, რომ ორგანიზმმა საკვები პროდუქტებიდან სასარგებლო ნივთიერებები შეითვისოს:
- ღვიძლი ძალიან მდიდარია რკინით. მაგრამ, რა მოხდება, თუ კუჭის შიგთავსი არ არის საკმარისად მჟავე? ასეთ შემთხვევაში, საკვებში იქნება რკინა, მაგრამ მას ორგანიზმი ვერ შეითვისებს. გარდა ამისა, ღვიძლში ასევე ძალიან დიდი რაოდენობითაა B12 ვიტამინი. მაგრამ, ხდება ხოლმე, რომ საკვებში სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებაა, მაგრამ ორგანიზმზე არ აისახება. ეს ყველაფერი ისევ კუჭის მჟავიანობას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ თუ კუჭის შიგთავსში მჟავა არასაკმარისი რაოდენობითაა, მაშინ რამდენიც არ უნდა იყოს პირობითად, B12 საკვებში, ეს ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზე არ აისახება და ამ პროდუქტის ნაკლებობა გვექნება. გამოდის, რომ კუჭის მჟავიანობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კუჭში ბევრი მჟავა აგრესიულ ფაქტორად განიხილება და უამრავ დისკომფორტს გვიქმნის. ასეთ შემთხვევაში, ვიყენებთ სამკურნალო საშუალებებს, რომ ეს მჟავიანობა დავწიოთ. თუმცა, აქაცაა რისკი. ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანები უკონტროლოდ მოიხმარენ კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით თვითნებურად, ხანგრძლივად, წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი რისკი, რომ არა მარტო რკინა, B12 ვერ შეითვისონ, არამედ კალციუმიც ვერ მიიღონ და D ვიტამინის ცვლის დარღვევა და მოტეხილობაც კი შეიძლება განვითარდეს. ნებისმიერი პრეპარატის არჩევისას, როგორი საჭიროებაც არ უნდა გვქონდეს, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული ამ პრეპარატის გამოყენების ვადაც, დოზაც და გამოყენების სქემაც.
მარი მალაზონიამ დაასახელა ასევე ის პროდუქტები, რომლებიც ანთებასთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვეხმარება:
- საკვებს შეუძლია დამხმარე ფუნქცია შეასრულოს იმისათვის, რომ ანთება დავძლიოთ. ასეთ შემთხვევაში, ყოველდღიურ რაციონში მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის გამოყენება, ნედლი სახით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. ასევე, რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებიც ომეგა 3-ითაა მდიდარი. ომეგა 3 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანთება გაანელოს, თრომბოზის რისკი შეამციროს. ამიტომაც, თევზსა და ზღვის პროდუქტებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. C ვიტამინის შემცველი პროდუქტებიდან განსაკუთრებით მდიდარი ციტრუსებია და ისინი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევიან. იმიტომ, რომ მათ, როგორც ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებული თვისებები აქვთ. მნიშვნელოვანია ცხიმოვანი და უნიკალური ცილოვანი შემადგენლობა, რომელიც სხვადასხვა სახის თხილეულს აქვს. ასევე, ორგანიზმის მიკრობიომისა და მიკრობიოტას გაწონასწორებაც გასათვალისწინებელია და ფერმენტირებული რძის ნაწარმი ამის საუკეთესო წყარო გახლავთ. წყლის ბალანსის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ანთების ჩასაქრობად შეიძლება დასახელებულ პროდუქტებთან ერთად ისეთი მცენარეული სახის კომპონენტები გამოვიყენოთ, როგორებიცაა მარცვლეული და ბურღულეული და სხვადასხვა სახის თესლი. ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებები, ურთიერთშეთანხმებით, ერთი მხრივ, თავისთავად ამცირებს ანთების განვითარების რისკს. უკვე არსებული ანთების შემთხვევაში კი, მისი გაღრმავების შესაძლებლობას ამცირებს და მისი უკეთ მართვისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია.