ბავშვთა ასაკში უნებლიე ტიკები, ნერვული გამოვლინებები ხშირი პრობლემაა, რაზეც ბევრი მშობელი დარდობს. ასეთ დროს შესაძლოა, თვითნებურ მედიკამენტურ მკურნალობასაც მიმართონ, რაც, სპეციალისტების თქმით, დაუშვებელია. რა იწვევს ბავშვებში ნევროზულ აშლილობას, რა ნიშნებით ვლინდება ის, რა შეიძლება გახდეს უნებლიე შარდვის, ტიკების, ღამის შიშების მიზეზი და როგორ შეიძლება მშობელმა ეს პრობლემა მართოს, აქტუალურ თემაზე Mshoblebi.ge-ს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე ესაუბრება:
- ნევროზულ აშლილობას დღეს როგორც შფოთვას, ისე მოვიხსენიებთ. შესაძლო მიზეზები მრავალფეროვანი და უმეტესად, კომპლექსურია. გარემოში ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელსაც ბავშვის მხრიდან რაიმე ფორმით სჭირდება ადაპტაცია, შეიძლება შფოთვის მიზეზი გახდეს. გადაჭარბებული დადებითი ემოციაც კი. შფოთვის სიმპტომების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, ბავშვის ტემპერამენტი და ემოციების მართვის ინდივიდუალური უნარებია მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც, რამდენად ძლიერია სტრესული ფაქტორი და გახანგრძლივებული დროში. შფოთვის გამომწვევი მიზეზების სპექტრი ბავშვის ასაკის მიხედვით იცვლება. ადრეული ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად მშობელთან განშორების შფოთვას აღნიშნავენ, როდესაც, მაგალითად, დედა სამსახურს უბრუნდება და ბავშვს უწევს ოჯახის სხვა წევრებთან, ან ძიძასთან დარჩენა; ან ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში. საყურადღებოა ასევე რეჟიმის რუტინაში მკვეთრი ცვლილება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს შფოთვის მიზეზი;
კლინიკურ სურათში წამყვანია ბავშვის ქცევის ცვლილება - მომატებული ჭირვეულობა, დაუმორჩილებლობა, ტანტრუმებიც. გამორიცხული არ არის, პირიქით, მეტისმეტი დათრგუნვა, უხასიათობა, ინტერესის დაკარგვა საყვარელი სათამაშოების და აქტივობების მიმართ. ხშირი სიმპტომებია ასევე თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ენისბორძიკი, უნებლიე შარდვა, მოტორული და ვოკალური ტიკები, მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა-ღებინებაც კი. შესაძლებელია უკვე არსებული ქრონიკული მდგომარეობების გამწვავებაც. აღნიშნული სიმპტომები ხშირად დაუსრულებელი გამოკვლევების საბაბი ხდება, რაც დამატებითი სტრესის წინაპირობაა ხოლმე.
- თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები დროში გახანგრძლივდა, მით უფრო თუ ინტენსივობა იმატებს და არღვევს ბავშვის ყოველდღიურ აქტივობას, აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა.პირველი ვიზიტი უმჯობესია ოჯახის პედიატრთან. აუცილებელია, რომ შინაგანი ორგანოების მხრიდან სიმპტომების სამედიცინო მიზეზები იყოს გამორიცხული. ამის შემდეგ ან პარალელურადაც, თუ უკვე გვაქვს ეჭვი ფსიქოგენურ მიზეზებზე, ბავშვის რუტინაში არის მკაფიო მინიშნება და დროში კავშირი სტრესულ ფაქტორსა და სიმპტომებს შორის, ჩვეულებრივ ერთვება ნევროლოგი და ფსიქიატრი. მულტიდისციპლინური გუნდის წევრები არიან ასევე ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომლებიც საჭიროების მიხედვით და ეტაპობრივად ერთვებიან ბავშვთან მუშაობაში.
- მარტივი მოტორული ტიკები საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, მათ შორის, ბავშვთა ასაკში. ითვლება, რომ ყველა მეხუთე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია მოტორული ტიკი. ინტენსივობა და ხანგრძლივობა ვარიაბელურია სხვადასხვა პაციენტში. სტრესულ ფაქტორებს და შფოთვას შეუძლიათ ტიკების პროვოცირება ან გამძაფრება, მაგრამ მხოლოდ სათანადოდ განწყობილ ადამიანებში. ტიკების რეალური მიზეზია გენეტიკურად განპირობებული წინასწარ განწყობა, რომელიც რომელიღაც ასაკში იწყებს კლინიკური სიმპტომების მოცემას. საკმაოდ მაღალია ოჯახური შემთხვევების სიხშირე. ტიკები არ არის გადამდები, ვერ განვითარდება მიბაძვით. სტრესი შეიძლება იყოს საბაბი, მაგრამ არა პირველადი მიზეზი. ტიკებს ახასიათებს სპონტანური შეწყვეტა და მოგვიანებით განახლება. ნებისმიერი ასეთი განახლება შეიძლება სტრესული ფაქტორით პროვოცირდეს, მაგრამ შესაძლებელია სპონტანურადაც მოხდეს.
- პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ტიკები ადამიანის ორგანიზმში თავისთავად არ ახდენს დამაზიანებელ გავლენას არც ნერვულ და არც სხვა სისტემაზე. ტიკების მიმდინარეობა ჩვეულებრივ ტალღისებრია. მას ბუნებრივად აქვს მატება-კლების და აღმოცენება-ჩაქრობის ეპიზოდები. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი მკურნალობის გარეშეც შესაძლებელია დადგეს რემისია. ასეთი გამოსავალი საკმაოდ ხშირია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტიკების მკურნალობისთვის სპეციფიური პრეპარატი არ არსებობს, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტიპის მედიკამენტურ მკურნალობას მხოლოდ დროებითი ან შედარებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მიზანშეწონილია პრეპარატების გამოყენებისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. უფრო ეფექტურია ტიკების მაპროვოცირებელი და გამაძლიერებელი ფაქტორების თავიდან არიდება. კერძოდ, დაუშვებელია შენიშვნის მიცემა, მოწოდება, რომ მოძრაობები აკონტროლოს. ტიკები უნებლიე მოძრაობებია, რომლის დროებითი კონტროლი, ან ხანმოკლედ გადავადება შეიძლება, მაგრამ ამას მოგვიანებით, პირიქით, გახშირება და გაძლიერება შეიძლება მოჰყვეს. ტიკებს ნამდვილად აძლიერებს ემოცია და სტრესული გარემო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განერვიულების შიშით ბავშვთან გაუმართლებელ დათმობებზე წავიდეთ და წავახალისოთ არასასურველი ქცევა. ტიკების სიხშირეზე უარყოფითად აისახება ასევე გაჯეტების ჭარბი მოხმარება. რაც შეეხება მედიკამენტებს, რომელთა დახმარებითაც რეალურად ჭარბი მოტორული და ვოკალური ტიკების მართვაა შესაძლებელი, საკმაოდ რთული და გვერდითი მოვლენების მქონე პრეპარატებია და მათი მოხმარება აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. მათი ეფექტურობა, სამწუხაროდ, არ არის მაღალი, ამიტომ ტიკების შემთხვევაში მიდგომა ყოველთვის კომპლექსური და ინდივიდუალურია.
- ღამის შიშები და კოშმარები გავრცელებული პრობლემაა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ორივე მათგანი, თავისთავად საკმაოდ კეთილსაიმედო პროგნოზის მქონე მდგომარეობაა, თუმცა მნიშვნელოვნად არღვევს ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს. დამეთანხმებით, რომ ბავშვის ძილის ნებისმიერი ტიპის დარღვევა, პირდაპირპროპორციულად აისახება ოჯახის უფროსი წევრების ძილზე. ღამის კოშმარების ქვეშ იგულისხმება ცუდი სიზმარი, რომელიც აშინებს ბავშვს. ის იღვიძებს ტირილით, შეიძლება ჰქონდეს საწოლიდან და ოთახიდან გაქცევის მცდელობა, ეხუტება მშობლებს, შეძლებისდაგვარად უყვება სიზმრის შინაარსს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ზრდასრულმა წევრებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოუსმინონ ბავშვს და დაარწმუნონ გარემოს უსაფრთხოებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თავად მშობელი იყოს მშვიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამშვიდების მცდელობა არ იქნება დამაჯერებელი. ღამის კოშმარი, ჩვეულებრივ, კარგად ახსოვთ მეორე დღეს. ამიტომ, თუ მას რეგულარული ხასიათი აქვს, სასურველია, რომ დღის მანძილზე ვესაუბროთ ბავშვს მათზე. შევარბილოთ მათი დამოკიდებულება შიშის ობიექტთან, "გავაკეთილშობილოთ" ის "მონსტრი", რომელიც უფრთხობს ძილს. ამის პარალელურად, ვცადოთ ავუმაღლოთ თვითშეფასება, რომ რაც უნდა საშიში ჩანდეს შიშის ობიექტი სიზმარში, თვითონ უფრო ძლიერი და ღონიერია, უფრო გონიერი და მოხერხებულიც, შესაბამისად, მონსტრი ვერ დაამარცხებს.
რაც შეეხება ღამის შიშებს, ამ დროს, იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ჩვეულებრივ თვალები აქვს ღია და ახორციელებს გარკვეულ მოძრაობებს, რეალურად ისევ ძილის მდგომარეობაშია, ნაკლებად რეაგირებს ჩვენს საუბარზე და დამშვიდების მცდელობაზე. დილით, როგორც წესი, არაფერი ახსოვს. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რომ ძილში არამიზანმიმართული მოძრაობებით შემთხვევით რამე არ დაიზიანოს. სხვა მხრივ, ზედმეტი ჩარევა და დამშვიდების მცდელობა, პირიქით, უშედეგოა ხოლმე და შეიძლება უკუეფექტიც ჰქონდეს. თუ ძილის შიშების ტიპის ქცევა ხშირია, ეპიზოდები მეტისმეტად ხანმოკლეა (რამდენიმე წუთი) და ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მით უფრო, თუ ღამეში რამდენიმე ეპიზოდი შეიძლება დაფიქსირდეს, მიზანშეწონილია, რომ გავიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია, რათა ძილის პაროქსიზმული მდგომარეობები გამოირიცხოს. სხვა შემთხვევაში, ექიმისგან რჩევა-დარიგების მიღება, რა თქმა უნდა, გვეხმარება, თუმცა დამატებითი კვლევა ან მკურნალობა, როგორც წესი, საჭირო არ არის ხოლმე. პაროქსიზმულ მდგომარეობებთან დიფერენცირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მაქსიმალურად ზუსტად ავუღწეროთ ღამით მიმდინარე მოვლენები. თუ ოჯახი ვიდეო ჩანაწერსაც გააკეთებს და აჩვენებს ექიმს, ეს მნიშვნელოვნად გააიოლებს საქმეს.
- უნებლიე შარდვა ანუ ენურეზი, ასევე ხშირი მოვლენაა ადრეული ასაკის ბავშვებში. არ არის აუცილებელი ყოველთვის კონკრეტულ სტრესულ ფაქტორთან იყოს კავშირში. ისევე, როგორც ტიკების დროს, აქაც ხშირია ოჯახური განწყობა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებსაც გარკვეულ ასაკამდე ჰქონდათ იგივე პრობლემა. ბავშვების უმეტესობას არანაირი ორგანული ტიპის დარღვევა არ უვლინდებათ, ანუ საქმე გვაქვს არაორგანული ტიპის ენურეზთან, რომლის სიხშირე და ინტენსივობა (შარდვის მოცულობა) ასაკთან ერთად ეტაპობრივად იკლებს. ამ დროს მეტი მნიშვნელობა ენიჭება ძილ-ღვიძილის და შარდვის რეჟიმის მოწესრიგებას, ძილის წინ მიღებული სითხის მოცულობის კონტროლს, ვიდრე ნევროლოგიური პროფილით მკურნალობას. ფსიქოგენური მიზეზები გამოსარიცხია, თუ სახეზეა ენურეზის ეპიზოდების არაბუნებრივი და მკვეთრი გახშირება, ისევე როგორც ხანგრძლივი "მშრალი" პერიოდის შემდეგ (6 თვე და მეტი) განახლებული "სველი" ღამეები და დღეები.
- ჯანსაღ ფსიქიკას მშვიდი და გაწონასწორებული გარემო აყალიბებს. ასევე, რეჟიმის შემუშავება და მიყოლა ბავშვის ყოველდღიურობაში აუცილებელია. მოვლენების სტაბილური თანმიმდევრობა და მოლოდინების გამართლება თავდაჯერებას და სიმშვიდეს ანიჭებს. აუცილებელია ოჯახის უფროსი წევრების ემოციური წონასწორობაც. საკუთარი ემოციების კონტროლით, თითქოს, მაგალითს ვაძლევთ ბავშვებს, თუ როგორ დარჩნენ მშვიდად სტრესულ სიტუაციაში, ან როგორ მართონ იმედგაცრუება და ბრაზი. გაითვალისწინეთ, ემოციები, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მათი მართვაც ისევე უნდა ისწავლოს ბავშვმა, როგორც ნებისმიერი სხვა რამ. ასაკის შესაბამისი სტრესი, როგორებიცაა წესებისა და აკრძალვების ეტაპობრივი მიღება და სურვილის გადავადება, ბუნებრივი და გარდაუვალი მდგომარეობაა ბავშვის ცხოვრებაში. რაც უფრო დროულად და თანმიმდევრულად მოხდება მათი შემოსვლა ბავშვის ყოველდღიურობაში, მით უფრო მშვიდად და უმტკივნეულოდ დამკვიდრდება ისინი მის ფსიქიკაში. უმნიშვნელოვანესია მიუღებელი ქცევის მყისიერი დაბლოკვა, რათა არ მოხდეს უნებლიე განმტკიცება. ამისთვის აუცილებელია ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს ერთი ტიპის და შეთანხმებული დამოკიდებულება არასასურველი ქცევის თუ ჭირვეულობის მიმართ. თუ მაგალითად, ერთიდაიგივე ტიპის ქცევაზე სხვადასხვა დროს გვაქვს სხვადასხვა რეაგირება, იმის მიხედვით, როგორ ხასიათზე ვართ, ან რამდენად ვახერხებთ "გავუძლოთ" ბავშვის ჭირვეულობას. ან მაგალითად, დედისგან წამოსულ აკრძალვას ბავშვთან ერთად აპროტესტებს ოჯახის სხვა წევრი და ბავშვის განერვიულების შიშით აძლევს წესის დარღვევის უფლებას, ერთადერთი რასაც ბავშვი სწავლობს არის ის, რომ ტირილით და ჭირვეულობით შეუძლია მიზანს მიაღწიოს. შესაბამისად, არ აქვს მოთმინების და სურვილის გადავადების არც საჭიროება და არც მოტივაცია. წესის დარღვევის ყველა მომდევნო მცდელობა უფრო ძლიერი და შეუპოვარი ისტერიკის წყარო იქნება. ვინაიდან ბავშვის ზრდასთან ერთად მისი ფიზიკური შესაძლებლობები იმატებს, ისტერიკა და ტანტრუმი ხდება უფრო მაშტაბური და ხანგრძლივი. უკუგანვითარებისთვის კი გვჭირდება მეტი დრო და ბავშვისთვისაც მეტად სტრესულია.
- ბავშვთა ასაკში ძალიან იშვიათია ისეთი ტიპის შფოთვა, რომელსაც რეალურად სჭირდება მედიკამენტი. სამწუხაროდ, ხშირია ხოლმე ამ კუთხით დაინტერესება და ზოგჯერ "მოთხოვნაც" ოჯახის წევრების მხრიდან, რომ დავნიშნოთ "რამე დამამშვიდებელი", ოღონდ "მსუბუქი" - რადგან ყველა აცნობიერებს მედიკამენტების შესაძლო გვერდით მოვლენებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცენარეული წარმოშობა, ყოველთვის მსუბუქის და უსაფრთხოს სინონიმი სულაც არ არის. თვითნებურად მედიკამენტების მიღება დაუშვებელია. ისევე როგორც მეგობრის თუ ნათესავის გამოცდილების გაზიარებით მკურნალობა. ერთ ბავშვთან ეფექტური მედიკამენტი, შესაძლოა სხვასთან გამოუსწორებელი შედეგის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ყოველთვის ვურჩევთ, მივმართოთ სპეციალისტს, განვიხილოთ ბავშვის შფოთვის ყველა გამოვლინება, შესაძლო მიზეზები, ვიზრუნოთ პირველ რიგში ამ მიზეზების და მათი ხელშემწყობი ფაქტორების მოცილებაზე და თუ მედიკამენტი მაინც დაგვჭირდა, გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმის რჩევით და მეთვალყურეობით.
თამარ იაკობაშვილი