თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, გაბრუება, სისუსტე კიდურებში, მხედველობის მოშლა, მგრძნობელობის დარღვევა, ეპილეფსიური გულყრები – ეს ყველაფერი შეიძლება ამა თუ იმ მარტივი დაავადების სიმპტომი იყოს, თუმცა შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნეზეც მიგანიშნებდეთ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უნდა მარტივად გეჩვენებოდეთ სიმპტომატიკა, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და ჩაიტაროთ სათანადო კვლევები. მხოლოდ ასეა შესაძლებელი დაავადებების დროული დიაგნოსტირება და არასასურველი შედეგისგან თავის არიდება.
ზოგადად, თავის ტვინის სიმსივნე ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების ჯგუფს განეკუთვნება. მისი გამომწვევი მიზეზი დღეისთვის უცნობია. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის იმ მეთოდებზე კი, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი თოიძე გვესაუბრება:
- თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები მხოლოდ ნაწილია იმ სიმსივნეებისა, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გვხვდება. თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები, ე. წ. ნეიროეპითელიალური სიმსივნეები, წარმოადგენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განვითარებული სიმსივნეების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. გარდა ამისა, გვხვდება სხვა სახის სიმსივნეები, როგორიცაა: ტვინის გარსებიდან განვითარებული სიმსივნეები, თავისა და ზურგის ტვინის ნერვებიდან განვითარებული სიმსივნეები, თურქული კეხის მიდამოს სიმსივნეები, სხვადასხვა სახის ცისტები და სიმსივნისმაგვარი მოცულობითი წარმონაქმნები, ჩანასახოვანი უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნეები, ასევე თავის ტვინში განვითარებული მეტასტაზები, რაც გამოწვეულია სხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეებით და მრავალი სხვა.
- ძირითად შემთხვევებში, თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევი მიზეზები უცნობია. თუმცა არსებობს სიმსივნის ტიპები, რომლებიც ასოცირებულნი არიან მემკვიდრული დაავადებების გარკვეულ ჯგუფთან - ფაკომატოზებთან. ასეთებია ჰემანგიობლასტომა - ფონ ჰიპპელ-ლინდაუს სინდრომის დროს, სუბეპენდიმური ასტროციტომა - ტუბეროზული სკლეროზის დროს, მენინგიომა ან ნევრინომა - ნეიროფიბრომატოზის შემთხვევაში და სხვა. ზოგი ტიპის სიმსივნე შეიძლება განვითარდეს ემბრიოგენეზის პროცესში არსებული დარღვევების გამო. გარდა ამისა, არსებობს ნაყოფის განვითარების მანკი, რის საფუძველზეც ვითარდება დერმოიდული ან ეპიდერმოიდული ცისტები - სიმსივნისმაგვარი მოცულობითი წარმონაქმნები. რაც შეეხება თავის ტვინის მეტასტაზურ დაზიანებას, ის არის ძირითადი დაავადების შედეგი, რომელიც წარმოდგენილია რომელიმე ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნით. ხშირ შემთხვევაში, თავის ტვინში არსებული მეტასტაზები, ფილტვის სიმსივნისგან არის გამოწვეული.
- თავის ტვინის სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს ზოგადტვინოვანი ნიშნებით, ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანების ნიშნებით და ეპილეფსიური გულყრებით. ასევე, შესაძლებელია თავი იჩინოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებიც ძირითადად ჰიპოფიზის ან ჰიპოფიზთან ახლომდებარე სიმსივნეებს ახასიათებთ.
ზოგადტვინოვანი ნიშნები დაკავშირებულია ქალასშიდა წნევის მომატებასთან. ეს ნიშნებია: თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, გაბრუება და სხვ. შორსწასულ შემთხვევებში მოსალოდნელია ცნობიერების მოშლა სოპორისა და კომის სახით.
ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანების ნიშნები დაკავშირებულია ნერვული ქსოვილის უშუალო დაზიანებასთან ან მის შეშუპებასთან. ეს შეიძლება იყოს სისუსტე კიდურებში, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება პროგრესირდეს სრულ დამბლამდე, მგრძნობელობის დარღვევა, მეტყველების მოშლა სრულ აფაზიამდე, მხედველობის მოშლა, კოორდინაციის დარღვევა და სხვა.
- ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ კვლევას წარმოადგენს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტული გაძლიერებით. იგი იძლევა საშუალებას ოპერაციამდე, მეტ-ნაკლები სიზუსტით ვიმსჯელოთ, თუ რა სახის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, რა სირთულის ოპერაცია ელის პაციენტს, როგორია პროგნოზი და რა შესაძლო გართულებებია მოსალოდნელი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, დამატებით, კომპიუტერული ტომოგრაფიაც მნიშვნელოვანია არსებული ინფორმაციის გაღრმავების მიზნით.
- ხშირ შემთხვევაში, მკურნალობის პირველი ეტაპი, სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთაა. თუ სიმსივნე დაბალი ხარისხის ავთვისებიანობით ხასიათდება, შესაძლებელია მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შემოიფარგლოს. მაღალი ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, პაციენტებს ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სხივური და/ან ქიმიოთერაპია უტარდებათ. არსებობს ნერვული სისტემის სიმსივნეები, რომლებიც არ საჭიროებენ ამოკვეთას, რადგან კარგი შედეგები მიიღწევა მკურნალობის არაქირურგიული მეთოდებით. ასეთ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა - სტერეოტაქსიული ბიოფსია, მხოლოდ მორფოლოგიური დიაგნოსტიკის მიზნით ხორციელდება. ასევე, როგორ წესი, ოპერაციას არ საჭიროებს ჰიპოფიზის ადენომის ერთი ქვეტიპი - პროლაქტინომა.
- დღეს საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ჰოსპიტალი, სადაც ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება, მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგებისა და ზოგადად მაღალკვალიფიციური მედპერსონალის მიერ. მათ შორის მოწინავე პოზიციას იკავებს „ნიუ ჰოსპიტალსი“, რომელიც უახლესი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, რაც წარმატებული მკურნალობის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
- ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე არ არის განაჩენი. ზოგადად, პროგნოზი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხზე და ასევე, სიმსივნის ამოკვეთის რადიკალიზმის შესაძლებლობაზე. დღევანდელი რეალობა იძლევა საშუალებას რიგ შემთხვევებში მივაღწიოთ პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას, თუმცა ეს ეხება დაბალი ხარისხის ავთვისებიანობის სიმსივნეებს. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის შედეგებს, ამ შემთხვევაში მიიღწევა პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.