რა არ უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს და როგორ უნდა ებრძოლოთ სიცხეს - თამარ ობგაიძის რეკომენდაციები - მშობლები

რა არ უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს და როგორ უნდა ებრძოლოთ სიცხეს - თამარ ობგაიძის რეკომენდაციები

2022-12-20 12:06:25+04:00

სეზონური ვირუსები, რომლებიც ძალიან ხშირად მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და ზოგად სისუსტეს იწვევს, ისევ ცირკულირებს და კლინიკებსაც სხვადასხვა ჩივილით ბევრი პაციენტი მიმართავს. თუმცა, მშობლები განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ღელავენ, როდესაც სიცხე დამწევ საშუალებას არ ემორჩილება და ბავშვი თავს ცუდად გრძნობს. რა ტიპის პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ ასეთ დროს, რამდენად გამართლებულია სხეულის გაგრილება სპირტის, ძმრის გამოყენებით და როდისაა პაციენტის კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი, აქტუალურ თემაზე Mshoblebi.ge-ს პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე ესაუბრება:

- მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ სეზონზე მაღალი ტემპერატურა გვხვდება და მისი მართვა გვიწევს, სასუნთქი გზების ინფექციებია, რომლებიც სხვადასხვა ვირუსითაა გამოწვეული. არის გრიპის შემთხვევები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მაღალი ცხელებით გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია ხასიათდება. მნიშვნელოვანია, რომ სიცხის მართვისას ორი პრეპარატი გამოვიყენოთ. პირველია პარაცეტამოლი, რომელიც სხვადასხვა ბრენდული სახით გამოდის როგორც ტაბლეტის, ასევე სიროფისა და რექტალური სანთლის სახით. მისი გამოყენებისას მინიმუმ 4-საათიანი შუალედი უნდა დავიცვათ.დიდი რაოდენობითა და დოზით გამოყენებამ შესაძლოა, ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას, ან თუ თავად ყიდულობთ, ეს არის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი, რომელსაც შესაბამისი დოზა კილოგრამ წონაზე გადაანგარიშების მიხედვით აწერია და ინსტრუქციაც მოჰყვება ხოლმე. თუ ბავშვს ტაბლეტის, სიროფის დალევა არ შეუძლია, შეგიძლიათ, რექტალური სანთლები გამოიყენოთ. მეორე პრეპარატი, რომელსაც მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ვიყენებთ, იბუპროფენია, რომელიც ასევე სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებითა და ფორმით გამოდის. ისიც ურეცეპტოდ გაიცემა და შეძენისას დოზებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. იბუპროფენის გამოყენება მინიმუმ 6 საათის ინტერვალით შეგიძლიათ. არის შემთხვევები, როდესაც ტემპერატურა სიცხის დამწევ საშუალებას არ ემორჩილება. მაგალითად, შესაძლოა, ბავშვს მიეცით პარაცეტამოლი, მაგრამ სიცხემ არ დაიწია. დაახლოებით, 1,5-2 საათში შეგიძლიათ მეორე რიგის პრეპარატი, იბუპროფენი მისცეთ. მაგრამ, შეინარჩუნეთ შუალედები - პარაცეტამოლის შემთხვევაში 4 საათი, ხოლო იბუპროფენის მიღებისას - 6. არის კიდევ ერთი მეთოდი, რასაც ექიმები მშობლებს არ ვურჩევთ ხოლმე და ეს სპირტით სხეულის დაზელა და გაგრილებაა. ბავშვის კანი ძალიან ნაზია და მოზრდილებისაგან განსხვავებით, ძალიან მაღალი შეწოვის ხარისხი აქვს. ამიტომ, სისხლში სპირტი ძალიან სწრაფად შეიწოვება და ადრეულ ასაკში ეს, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის. ამიტომ, თუ აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას შედეგი არ გვაქვს და ბავშვის სხეულის გაგრილებას გადავწყვეტთ, ამისათვის აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა გამოვიყენოთ. ასეთ დროს დაუშვებელია ცივი წყლის გამოყენება, რადგანაც ბავშვს მაღალი ტემპერატურის დროს კანი გახურებული აქვს, სისხლძარღვები გაფართოებულია და სითბოს გაცემა იზრდება. თუ კანზე ცივ წყალს დაასხამთ, სისხლძარღვები მომენტალურად შევიწროვდება და იმის ნაცვლად, რომ ტემპერატურამ დაიწიოს, საპირისპირო შედეგს მიიღებთ. ასევე, არ გამოიყენოთ გაგრილების ეს მეთოდი, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვს აკანკალებს და ხელ-ფეხი ცივი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა კვლავ იმატებს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, თბილად დააფარეთ, გაუთბეთ ხელ-ფეხი. იგივე შეიძლება ვთქვათ გავრცელებულ მეთოდზე - ძმრის გამოყენებაზე. ოთახის ტემპერატურის წყლით სხეულის გაგრილებას ზუსტად იგივე ეფექტი აქვს და მინარევები საჭირო აღარ არის. კიდევ ერთი, რაც მინდა, რომ მშობლებს ხაზგასმით ვუთხრა - ნუ მიიღებთ თვითნებურად ანტიბიოტიკების გამოყენების გადაწყვეტილებას. ტემპერატურის გახანგრძლივება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბაქტერიულ ინფექციასთან გვაქვს საქმე და ანტიბიოტიკით უნდა ვებრძოლოთ. ანტიბიოტიკი სიცხის წამალი არ არის და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

- როდესაც ბავშვი ვირუსს ებრძვის, ტემპერატურა აქვს, ასეთ დროს მშობლები შვილების ბანაობისაგან ხშირად იკავებენ ხოლმე თავს. როგორია სწორი მიდგომა?

- ტემპერატურის მიუხედავად, ბავშვის დაბანა აუცილებელია. მაგრამ, თუ მას დისკომფორტი აქვს, მაღალი ცხელების ფონზე მოდუნებულია, დასწიეთ ტემპერატურა და მერე შეგიძლიათ, აბანაოთ. ტემპერატურით მიმდინარე დაავადების დროს ბავშვი ოფლიანობს და ჰიგიენური პირობების დაცვა აუცილებელია. შეიძლება კანზე გამონაყარი და სხვადასხვა დაზიანება განვითარდეს, ამიტომ, თუ ცხელების ფონზე ბავშვი მოდუნებულია, დასწიეთ ტემპერატურა და შემდეგ მიაღებინეთ შხაპი.

- არის რაიმე ქმედება, რაც მაღალი ტემპერატურის დროს ცალსახად არ შეიძლება?

- როგორც აღვნიშნე, არ შეიძლება ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ასევე, თუ ბავშვს როდისმე ფებრილური გულყრა ჰქონია, ანუ ტემპერატურის დროს კრუნჩხვა განვითარებულა, ასეთ შემთხვევაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, რომ ტემპერატურა მაღლა არ ავიდეს. ზოგადად, მშობლებს ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, რომ 38-38,5-მდე დამწევი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, თუ ბავშვი აქტიურია, იკვებება, თამაშობს და სიცხე 38-ნახევარი აქვს, შეგიძლიათ, არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ მედიკამენტი. მაგრამ, თუ მას წარსულში ფებრილური გულყრა ჰქონდა, ტემპერატურას დროულად უნდა ვებრძოლოთ.

- როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი, როდესაც მაღალი ტემპერატურა აქვს?

- ცხელებით მიმდინარე ინფექციების დროს ბავშვს ჭამის მადა არ აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვების მიღება უნდა დავაძალოთ. მისი ენერგია ინფექციასთან ბრძოლაშია ჩართული. ამიტომ, ჯობს, რომ საკვები სურვილისამებრ, პატარ-პატარა ულუფებად მისცეთ. შეეცადეთ, რომ ბევრი სითხე გამოიყენოთ. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, სითხე ორთქლდება. გარდა ამისა, სუნთქვაც გახშირებულია და ორგანიზმი ამ გზითაც აორთქლებს წყალს. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ ბავშვი სითხეებით უზრუნველყოთ. კვებას ნუ დააძალებთ და დღის განმავლობაში მცირე ულუფები გამოიყენეთ.

- როგორი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა, სამოსი, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს?

- ზედმეტად ნუ ჩაათბუნებთ, ბუნებრივი ბოჭკოსგან შექმნილი სამოსი აირჩიეთ. რაც შეეხება ოთახის ტემპერატურას, ახალშობილების შემთხვევაში 22-23 გრადუსია ოპტიმალური, შემდეგ ასაკში, დაახლოებით, 20 გრადუსი. აუცილებელია ოთახის ხშირი განიავება იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი ავადაა, მას ბევრი ჟანგბადი სჭირდება. თუ ყველა კარსა და ფანჯარას დახურავთ, მასთან სუფთა ჰაერი არ მივა. გარდა ამისა, სუფთა ჰაერი აუცილებელია იმისათვის, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც შევუმციროთ ინფიცირების რისკი.

- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს სპეციალისტის დახმარება და კლინიკაში გადაყვანა სჭირდება?

- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თუ ტემპერატურა დამწევ მედიკამენტებს ემორჩილება, შეგიძლიათ პირველი-სამი დღე დაკვირვების ქვეშ მართოთ, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ უარესდება. მაგრამ, თუ ხედავთ, რომ ტემპერატურა სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, არ იკვებება, აღებინებს, არის უჩვეულოდ ძილიანი, აქვს გულყრა - ეს არის საშიშროების ზოგადი ნიშნები, რომელთა დროსაც შესაძლოა, დაუყოვნებლივ დაგვჭირდეს ჰოსპიტალიზაცია. გარდა ამისა, დააკვირდით სუნთქვის სიხშირეს, ხომ არ არის გაძნელებული ან ხომ არ იდრიკება გულ-მკერდი. ასეთ შემთხვევაშიც აუცილებელია, ექიმის ჩართულობა და კლინიკაში გადაყვანა. გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს ექიმთან იმისათვის, რომ ზუსტი რეკომენდაციები მიიღოთ და რაიმე ტიპის გართულება არ გამოგრჩეთ.

თამარ იაკობაშვილი