სოფო მეიშვილი ფონდის "სიცოცხლე სიკეთისთვის" დამფუძნებელი და პროექტის "წერილი თოვლის ბაბუს" ავტორია. ეს საქმე 9 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად პატარებისა და ხანდაზმულების საახალწლო სურვილებსა და ნატვრას კითხულობს, ფონდის ჯგუფში ათავსებს და ცდილობს, მათი ოცნებები კეთილი ადამიანების დახმარებით აასრულოს. წერილების შინაარსი ხშირად ძალიან ემოციურია, ბავშვები პროდუქტებს, ტკბილეულსა და სასკოლო ნივთებს ითხოვენ, მოხუცებს კი საახალწლოდ ბევრი ისეთი ნივთი უნდათ, რომლებიც მათ ბედნიერებას მიანიჭებს. სოფო საკუთარი საქმიანობისა და პროექტების შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება:
- ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. გადავწყვიტე, რომ ეს დღე მხოლოდ ჩემთვის არ ყოფილიყო განსაკუთრებული და 9 წლის წინ მოხუცებულთა სახლის მოძიება დავიწყე. პირველივესთან დავრეკე, ვთხოვე, რომ სტუმრად მივიდოდი. მასპინძლობაზე დამთანხმდნენ, ჩემს სოციალურ ქსელში დავწერე და ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ. პროდუქტები, ტკბილეული წავუღეთ და მოხუცები ძალიან გავახარეთ. შემდეგ გადავწყვიტე, დედის დღესთან დაკავშირებითაც მივსულიყავი მათთან და ისევ შემომიერთდნენ მეგობრები. ნელ-ნელა უცხო ადამიანებიც გამოხატავდნენ ხოლმე დახმარების სურვილს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ საქმიანობისთვის უფრო მასშტაბური სახე მიმეცა და ფონდი დავარეგისტრირე, რომელსაც "სიცოცხლე სიკეთისთვის" ჰქვია. პირველივე წელს დავიწყეთ პროექტი - "წერილი თოვლის ბაბუს". ქუჩაში ბავშვები ვნახე, გაირკვა, რომ ისინი 7-შვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახში, საოცრად რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. მაშინ მათ ვთხოვე, რომ წერილები დაეწერათ. ნაძვის ხეც არ ჰქონდათ და პროდუქტებიც სჭირდებოდათ, არც გათბობა იყო მათთან და არც ელექტროენერგია. მათი სურვილები შევასრულეთ და აქედან დაიწყო ეს აქტივობაც. პერიოდულად ვაკეთებდი საქველმოქმედო გამოფენებს. სხვათა შორის, კვირას, ბეთლემის 10-ში, ილუზიების მუზეუმის ეზოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვებისთვის საახალწლო სუფრით უზრუნველყოფისთვის საქველმოქმედო გამოფენა გვაქვს. გამოფენაში სხვადასხვა მხატვარი, დიზაინერები იღებენ მონაწილეობას, გვექნება ცოცხალი მუსიკა, კონსერვატორიის სტუდენტები იმღერებენ და სტუმრებს გლინტვეინით გავუმასპინძლდებით. შემოსული თანხით რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტებით უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება წერილებს, შარშან 120 ბავშვისგან მივიღეთ, წელს 100 წერილამდე გვაქვს და კიდევ გრძელდება მიღება.
- მშობლები ფონდის ჯგუფში მიკავშირდებიან, რომელსაც, როგორც აღვნიშნე, "სიცოცხლე სიკეთისთვის" ჰქვია. შესაბამის წერილებს მიგზავნიან. თუმცა, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი, რადგანაც რამდენჯერმე უხერხული სიტუაცია შეგვხვდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს მოთხოვნაც დაგვემატებინა.
- პანდემიამდე თავად ვაგროვებდი სახლში ერთიანად და ჩემს მეუღლესთან ერთად ვარიგებდი. თუმცა, ახლა წერილებზე ვთხოვთ, რომ ტელეფონის ნომერი და ზუსტი მისამართი მიუთითონ და ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ბავშვს საჩუქარი გაუკეთოს და ოცნება აუსრულოს, თავად უზრუნველყოფს გაგზავნას.
- საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დაგვიკავშირდნენ, დღეს დილით მათგან ძალიან ემოციური წერილი მივიღე. გვწერდნენ, რომ დედა ავადაა, მამა კი ეტლში ზის. ბავშვებმა საახალწლო საჩუქარი არ ითხოვეს, საკვები პროდუქტების მიღება სურთ. ზოგადადაც, ყველაზე ხშირად წერილებში ბავშვები საკვებსა და ტკბილეულს ითხოვენ. წელს ასევე ბევრ ბავშვს უკაბელო ყურსასმენები და ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა უნდა.
- ზუსტად იმ პირველი თავშესაფრიდან, რომელსაც 9 წლის წინ მივაგენი, ყოველ წელს ვთხოვ ხოლმე, რომ მოხუცებმა საახალწლო სურვილები გამოგვიგზავნონ, ფონდის ჯგუფში ვათავსებთ და ვუსრულებთ სურვილებს. მათაც ძალიან საინტერესო თხოვნები აქვთ ხოლმე, ამბობენ, რომ ლამაზი კაბები, მძივი, ფრჩხილის ლაქი, ტუჩსაცხი და მსგავსი ნივთები უნდათ.
- სხვადასხვა პროექტი მაქვს. მეუღლე და ჩემი 2 წლის შვილი ამ საქმეში ყველაზე მეტად მეხმარებიან. კატო ყოველთვის დაინტერესებულია, ჩართულია და ძილის წინ სულ მეკითხება, მივუტანეთ თუ არა ადამიანებს საჭმელი. თავადაც მიმყავს ხოლმე ნივთების გადასაცემად. პროექტი "წერილი თოვლის ბაბუს" უკვე 8 წელია არსებობს და საახალწლოდ გვაქვს. ეს პროექტი იქამდე იარსებებს, სანამ მე შემეძლება ამის კეთება და მერე, იმედია, კატო გააგრძელებს. სხვა პროექტებიც გვაქვს, რომელსაც მაგალითად, სააღდგომოდ ვახორციელებთ ხოლმე. მოხუცებულთა სახლში დედის დღეს აუცილებლად მივდივარ, წინასასკოლოდ ვცდილობთ ხოლმე, ბავშვებს დავეხმაროთ. ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გვინდა, რომ პატარებს ეს დღე გავულამაზოთ. თუმცა, ყოველდღიურადაც შემოდის ხოლმე წერილები, ვდებ ჯგუფში და კეთილი ადამიანების დახმარებით საჭირო პროდუქტითა თუ ნივთით უზრუნველვყოფთ. ჩემთვის ეს პროექტი ცხოვრების ძალიან დიდი მოტივაციაა და ახალი წელი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მზადებას ოქტომბრის ბოლოდან ვიწყებ ხოლმე, ახლა კეთილი და პოზიტიური ენერგიით დავიხუნძლები და მერე ეს საოცარი ემოცია მთელი წელი მიმყვება.
თამარ იაკობაშვილი