ბავშვი რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს - 10 საჭირო რჩევა მშობლებს, ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად - მშობლები

ბავშვი რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს - 10 საჭირო რჩევა მშობლებს, ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად

2022-12-21 16:24:44+04:00

ადეკვატური თვითშეფასება გვეხმარება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ. როცა ბავშვს დაბალი თვითშეფასება აქვს, ყოველთვის დაიჩაგრება მათ გვერდით, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებულია.

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება? წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს:

1. ჩაინიშნეთ წარმატებული სიტუაციები

შეგიძლიათ შექმნათ კალენდარი, სადაც თქვენი შვილის წარმატების აღსანიშნავ მოვლენებს მოინიშნავთ. დაე, მალ-მალე და სისტემატურად გაიხსენოს ეს დღეები. ეს დაკვირვება დაეხმარება, კარგად გაიაზროს საკუთარი ნაბიჯები და მომხდარი მოვლენები, იქნება ეს ბურთის კალთაში ჩაგდება თუ ახალი მეგობრის გაჩენა.

2. შენიშვნისას ზომიერება დაიცავით

მაგალითად, თუ ბავშვი გეხმარებათ მაგიდის გაშლაში და ჭიქა გაუტყდა, საყვედურების ნაცვლად, ჯობია, შეაქოთ, რომ თქვენს დახმარებაზე უარი არ თქვა და ასევე უთხარი, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად უფრო ფრთხილად იქნება. ხაზგასმით აღნიშნეთ - "რაც მოხდა, შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, შეიძლება მეც გამტეხვოდა".

3. დაისახეთ რეალისტური მიზნები

ყველა დავალება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ასაკს და მის შესაძლებლობებს. მაგალითად, თუ ბავშვი მათემატიკაში იღებს სტაბილურად ექვსიანს, ნუ შეაგულიანებთ, რომ მეორე დღეს ათიანს მიიღებს. წარმატების გეგმები დაისახეთ ნელ-ნელა და განახორციელეთ თანდათანობით.

4. უპირობოდ გიყვარდეთ

უპირობოდ გიყვარდეს ნიშნავს, რომ გიყვარდეს იმის მიუხედავად, თუ რას როგორ აკეთებს და როგორ იქცევა. არასოდეს მოგბეზრდეთ იმის გამეორება, რომ გიყვართ, მიუხედავად მისი ქცევისა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ და არაფერი დაუშალოთ. ყოველთვის აუხსენით, რომ მისი საქციელი არ მოგწონთ, მაგრამ ისევ ისე გიყვართ. არასოდეს უთხრათ „ცუდი ბავშვი ხარ“: ეს ყოვლად არაკონსტრუქციული პოზიციაა.

bavshvi-yuradgebiani.jpg

5. გჯეროდეთ მისი

მიანდეთ ბავშვს რაიმე საოჯახო მოვალეობები, რომლებთან გამკლავებაც შეუძლია. რწმენა, რომ თქვენ მისი იმედი გაქვთ, ბავშვისთვის ფუნდამენტურია და ეხმარება მას საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობის მოპოვებაში, დაბრკოლებებისადმი შიშის დაძლევაში.

6. აუხსენით, რომ ყველას ეშლება რაღაც, ყველა შეიძლება დამარცხდეს

როცა ყოველთვის მშვიდად და სიყვარულით იღებთ მის როგორც წარმატებას, ასევე წარუმატებლობას, როცა ყოველთვის ეხმარებით წამოდგომაში როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ამით ასწავლით, რომ წარუმატებლობა ყოველთვის შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, მაგრამ წაგებას აუცილებლად მოჰყვება მოგება და წარმატება.

7. დააწესეთ წესები და საზღვრები

ეს ის წესებია, რომლებიც ყოველდღიურად არ შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირებულებას დაკარგავენ. ამ წესებს არც თქვენ უნდა უღალატოთ და ნახავთ, რომ საზღვრების დაწესება ბავშვს უფრო სიმშვიდის განცდას უჩენს და სტაბილურ ადამიანად აქცევს.

8. მხარი დაუჭირეთ მის ნიჭს

ნიჭიერების საკითხში მშობლებს გადამეტებული მოლოდინები ახასიათებთ. ჯობია, ბავშვი გამოვიდეს კარგი ხელოსანი, ვიდრე ცუდი ექიმი. მორიდებულ ბავშვებს არასოდეს აიძულოთ ადამიანების წინაშე თქვან ლექსები, უპასუხონ კითხვებს ყველას გასაგონას. ძალდატანება მორიდებულ ბავშვებს კიდევ უფრო მორცხვს ხდის.

9. ყოველთვის გულშემატკივრობთ მას

შექება და თანადგომა ეხმარება ბავშვს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. ყოველდღე მცირე წახალისებაც კი, როგორიცაა: „დღეს უკეთ ატარებ ველოსიპედს“, „შენი ოთახი ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ადრე იყო“, მას თავდაჯერებას შეჰმატებს. უბრალოდ, შეაქეთ გულწრფელად, შესაძლებლობების გადაჭარბების ან დაუფასებლობის გარეშე.

10. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ

როცა ბავშვი ხედავს, რომ ზრდასრული ადამიანი მას დიდ ყურადღებას უთმობს, ეს ძალიან ახარებს და ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში. გარდა ამისა, არსებობს მრავალი გუნდური თამაში და ყოველდღიური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მშობლისა და შვილის დაახლოებას, ყოველდღიური სტრესის მოხსნას, ურთიერთობების გაუმჯობესებას და თვითშეფასების ამაღლებას. ასეთებია ბურთის თამაში, მებაღეობა, სეირნობა, მაგიდის გაშლა, სათამაშოების მილაგება.

რატომ უქვეითდება ბავშვს თვითშეფასება და რამდენად ხშირად არის ეს მშობლის ბრალი - მიზეზები და გამოსავალი
ბავშვები, რომელთა ოჯახებში ასეთი ტრადიციაა, უფრო ლაღები იზრდებიან და მაღალი თვითშეფასება აქვთ
ასეთი ბავშვები განიცდიან დეპრესიას, ანტისოციალურ ქცევას და უქვეითდებათ თვითშეფასება - რა არის პასიური აგრესია ოჯახში და როგორ ვლინდება ის