დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს სახეზე გამონაყარისა და საკვებით გამოწვეული ალერგიის შესახებ და ასახელებს პროდუქტებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა. გარდა ამისა, ამავე რუბრიკაში იგი რამდენიმე გავრცელებულ მითსაც ამსხვრევს:
"საკვებით განპირობებული ალერგია, როგორც წესი, რეაქციას დაუყოვნებლივ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ საკვებ პროდუქტებზე გვაქვს ალერგია, ეს მიღებიდან მალევე გამოვლინდება. საკვები ალერგენების ე.წ. დიდი ხუთეული არსებობს. ესენია: კვერცხი და რძე, სოიო და ხორბალი, თევზეული, არაქისი - თხილეული და ციტრუსი. აქედან ზამთრის პერიოდში ყველაზე მეტად აღსანიშნავია ციტრუსები. ციტრუსები - მანდარინი, ფორთოხალი შეიცავს ცილას, რომელიც მცენარის მტვრის მსგავსია, რომელიც ალერგიას იწვევს და ცრემლდენით, რინიტით, ქავილით, გამონაყარით და სხვა ნიშნებით ვლინდება. ამიტომ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც მცენარის მტვერზე აქვთ ალერგია, ყურადღება უნდა მიაქციონ და მათთვის რეკომენდებული არ არის, რომ ციტრუსი მიიღონ. მცირე რაოდენობით მიღებაზეც კი პრობლემები იწყება. მათ შორის, შესაძლებელია ეს ქავილით, ე.წ. ჭინჭრის ციებით გამოვლინდეს და ყველაზე სერიოზულ და ცუდ შემთხვევებში ეს შეიძლება ე.წ. კვინკეს შეშუპებაში გადაიზარდოს, რაც შეიძლება ანაფილაქსიურ შოკშიც გადავიდეს." - ამბობს ზაზა თელია.
ზაზა თელიამ ასევე აღნიშნა, შეიძლება თუ არა, დროთა განმავლობაში, ადამიანს კონკრეტული პროდუქტების მიმართ ალერგია გაუქრეს:
"როგორც წესი, თუ საკვებ ალერგენზე რეაქცია ფიქსირდება და ეს შეიძლება ანალიზითაც იყოს დადგენილი, რჩევა არის ხოლმე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტის მიღებისგან თავი შევიკავოთ, მაგალითად, 1 წლის ვადით. 1 წელიწადში შეიძლება ე.წ. პროვოკაციული ტესტი ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ამ საკვები პროდუქტის ძალიან მცირე რაოდენობით მიღება დაიწყოს და დროთა განმავლობაში, გაზარდოს. თუ რეაქცია არ ფიქსირდება, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ იმუნური სისტემა ჰიპერმგრძნობიარე აღარ არის. ანუ, შესაძლებელია, ალერგიული რეაქცია იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაქრეს. თუმცა, საზოგადოებაში არასწორი შეხედულებაა გავრცელებული. გამონაყარი და ქავილი ყოველთვის ალერგიასთან ასოცირდება და მიმართვიანობა უფრო მეტად ალერგოლოგებისკენაა. დერმატოლოგიური პროფილის პრობლემებით პაციენტები ალერგოლოგებს უფრო ხშირად მიმართავენ.
ასევე, გავრცელებულია მითი, როდესაც სახეზე გამონაყარს თხილეულისა და ნიგვზის მოხმარებას უკავშირებენ. დღეისათვის მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აკნე კავშირშია თხილეულთან, ნიგოზთან, რძის პროდუქტებთან ან შოკოლადთან, არ არსებობს. შესაბამისად, არც რეკომენდაცია არსებობს, რომ აკნეს შემთხვევაში რაიმე სახის პროდუქტი პაციენტს ავუკრძალოთ, თუ, რა თქმა უნდა, საკვებ ალერგენებზე ალერგია არ ფიქსირდება." - აღნიშნავს ზაზა თელია.