ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი გვანცა არველაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, თუ რა როლი აქვს მშობელს ბავშვის განვითარების პროცესში და რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ეტაპზე სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდეს და შვილს სწორ მიდგომებს უყალიბებდეს:
- ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, პოზიტიური მშობელი სჭირდება. ასევე, სითბო, სიყვარული და მიმღებლობა, ისეთის, როგორიცაა. რა თქმა უნდა, გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, გასათვალისწინებელია. დღეს ბევრი მშობელი, ექიმი, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ბავშვის განვითარებაში, მის ფსიქოსოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში და ნორმალურ განვითარებაში უდიდესი როლი გარემოსა და მშობელს აქვს. ეს ახალშობილობის პერიოდიდანვე და უფრო ადრეც, მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. მესამე ტრიმესტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სმენის აღქმა ყალიბდება და დედის ფსიქოემოციურ სტატუსსა და ბავშვის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. როდესაც ახალშობილი იბადება, ყველანაირი გრძნობითი ორგანო აქვს განვითარებული. ესენია: შეხება, გემოვნება, ყნოსვა, მხედველობა, მაგრამ პირველი კონტაქტი დედასთან აქვს და 10 დღის ასაკში მეხსიერებაში აღბეჭდვის ფენომენი ვითარდება. სოციალური კონტაქტები, დაახლოებით, 3-4 კვირიდან ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ბავშვი გარემოს, სამყაროს აღიქვამს, თვალს აყოლებს და დედა უკვე აქედანვე უნდა იყოს ჩართული. ჩვილობის პერიოდში სითბოს, სიყვარულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მის ფსიქოემოციურ ჩამოყალიბებას მომავალში ზუსტად ეს განსაზღვრავს. ჩვილობის პერიოდში მშობელიც ინტერესდება, როგორ ვითარდება მისი შვილი, რა აქტივობა მოდის და ამ საკითხში დედები ძალიან კარგად არიან ჩართულები და ბევრი წყაროც არსებობს. თუმცა, ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში, ჩემი აზრით, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა აუცილებელი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი როლი. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი მშობელია. ხანდახან ვიცით, გვესმის და აღვიქვამთ, მაგრამ ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება რთულია. წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი მშობელს უყურებს, მას ბაძავს და ასე სწავლობს როგორც მეტყველებას, ასევე ქცევას, კოგნიტურ ფუნქციებს. ამაში მშობლის ძალიან დიდი როლია, რომ ბავშვს ესაუბროს, კომუნიკაცია, ახლო კონტაქტი ჰქონდეს. არსებობს კრიზისული პერიოდები, მაგალითად, 2 წლის ასაკის კრიზისი, როდესაც საკუთარი "მეს" დამკვიდრება ხდება, აქ უნდა ვიცოდეთ, რატომ გამოხატავს ბავშვი ისტერიას. ასევე, პუბერტატის პერიოდში, როდესაც აბსოლუტურად იცვლება მისი ფსიქიკა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვუდგებით ბავშვებს, როგორ ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კვება, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ აუცილებელია იმ მიდგომების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენ უნდა მივაწოდოთ, რომ ბავშვი პიროვნებად ჩამოყალიბდეს, შეიძინოს გარკვეული უნარები, ჩვევები, ჩამოვუყალიბოთ ქცევა და ასევე, ვასწავლოთ გარკვეული ფუნქციები. ეს ჩვენზეა დამოკიდებული - მშობელზე, გარემოზე, სკოლაზე, საბავშვო ბაღსა და სხვა დაწესებულებაზე, სადაც ის იმყოფება.