რა არ უნდა დააბრალოთ კბილების ამოჭრას და რომელ საშუალებას შეუძლია ღრძილების გაყუჩების ნაცვლად კრუნჩხვები და გარდაცვალება გამოიწვიოს - მშობლები

რა არ უნდა დააბრალოთ კბილების ამოჭრას და რომელ საშუალებას შეუძლია ღრძილების გაყუჩების ნაცვლად კრუნჩხვები და გარდაცვალება გამოიწვიოს

2023-01-05 11:34:07+04:00

ჩვილის კბილების ამოჭრის პროცესზე საზოგადოებაში ბევრი არასწორი ინფორმაცია არსებობს, რომლებისაც მხოლოდ მშობლებს კი არა, ზოგჯერ ექიმებსაც სჯერათ. სარძევე კბილების პირველადი ამოჭრა თანდათანობითი პროცესია, რომელიც გახანგრძლივებულ დროში, ჩვეულებრივ, ბავშვის სიცოცხლის 4-დან 24 თვემდე მიმდინარეობს. ეს პროცესი ხშირად უქმნის დისკომფორტს ბავშვს და მთელ ოჯახს. კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომებიც კარგად არის ცნობილი.

სიმპტომები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება კბილების ამოჭრას მივაწეროთ

  • კბილების ადგილზე ღრძილების მცირე სიწითლე და შეშუპება
  • ზოგჯერ ამოსული კბილის ზემოთ სისხლიანი სითხით სავსე პარკი ჩანს;
  • ნერწყვის რაოდენობის ზრდა;
  • ძილის დარღვევა (ხშირი გამოღვიძება, ძილის დროს ტირილი);
  • მადის დაკარგვა ან საკვების შერჩევითობა ღრძილების ტკივილის გამო;
  • ჭირვეულობა, ხშირი შფოთვა;
  • ხელები ან სხვა საგნები მუდმივად პირისკენ მიაქვთ;
  • გამონაყარი პირის ირგვლივ, რომლის მიზეზი ჭარბი ნერწყვისგან გაღიზიანებული კანია;
  • ერთი ან ორივე ლოყის კანის უმნიშვნელო სიწითლე.

ეს ძირითადი და ყველაზე ხშირი სიმპტომებია, რომლებიც კბილების ამოჭრას ახლავს. თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ თითოეულ მათგანს ბავშვისთვის დიდი დისკომფორტის შექმნა შეუძია და ნებისმიერი მშობელი არაფერს დაიშურებდა მათ მოსაგვარებლად.

რით შეიძლება ჩვილის დახმარება და ტკივილის შემსუბუქების რომელი საშუალებებია საშიში

  1. შესამჩნევი შვება მოაქვს ღრძილებზე მსუბუქ ზეწოლას: შეგიძლიათ ღრძილების რბილი მასაჟი გაუკეთოთ თითით ან გამოიყენოთ კბილის სათამაშოები.
  2. თუ ტკივილი კვების პრობლემას იწვევს, შეგიძლიათ საკვების განსხვავებული კონსისტენცია შესთავაზოთ ან კვების სხვა მეთოდი სცადოთ (ძუძუ, ჭიქა, კოვზი).
  3. გაცივებული საგნების (კბილების სათამაშოები) და საკვების გამოყენებამ ასევე შეიძლება შეამციროს დისკომფორტი და ტკივილი.
  4. იბუპროფენი ან პარაცეტამოლი რეალურად აყუჩებს ტკივილებს 4-8 საათის განმავლობაში (იბუპროფენი არ შეიძლება 6 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის). თუმცა, ექიმის რჩევის გარეშე ამ პრეპარატს ნუ მისცემთ დღეში 3-ჯერ მეტად და ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ანალგინი და ასპირინი ბავშვებში სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკის გამო.
  5. არ გამოიყენოთ ჰომეოპათიური პრეპარატები, რადგან ინგრედიენტების სისუფთავე და კონცენტრაცია არ არის გარანტირებული მწარმოებლისა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ არც ჩვენს ქვეყანაში და არც მსოფლიოში.
  6. არ არის რეკომენდებული ადგილობრივი ანესთეტიკები გელისა და მალამოების სახით, რადგან სერიოზული გვერდითი ეფექტების დიდი რისკი ახლავს, რასაც შეიძლება ბავშვის გარდაცვალება გამოჰყვეს (ბენზოკაინი - მეტემოგლობინემია, ლიდოკაინი - ცნობიერების დარღვევა, გულის რითმი, კრუნჩხვები) ზოგჯერ პირველი გამოყენების შემდეგაც კი. ადგილობრივი პრეპარატების შემთხვევაში მაღალია დოზის გადაჭარბების რისკიც, რადგან ხანგრძლივად არ მოქმედებენ და მშობლები მალევე უსვამენ მეორე დოზას. თანაც ვინ რამდენ მასას ამოიღებს ტუბიდან, ამის რეგულირებაც შეუძლებელია.
  7. სპირტი და სპირტზე დაფუძნებული ხსნარები არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ ბავშვებში ღრძილების გასაყუჩებლად.

კბილების ამოჭრა ფიზიოლოგიური პროცესია. ცხოვრების ეს ეტაპი ბავშვმა და მისმა ოჯახმა ერთად უნდა გაიარონ. თქვენს შვილს თქვენი მოთმინება, სიყვარული და თანადგომა უფრო სჭირდება, ვიდრე ყველა ზემოცამოთვლილი საშუალება.

როცა კბილების ამოჭრას ტემპერატურა, ფაღარათი და ცხვირიდან გამონადენი ახლავს

  • საქმე ისაა, რომ კბილების ამოსვლის პერიოდი ბავშვის მიერ საშვილოსნოში მიღებული ანტისხეულების დონის შემცირების ეტაპს ემთხვევა. ამ დროს გარემოში ვირუსებისა და ბაქტერიების წინაშე მყოფ ბავშვს შესაძლოა აღარ ჰქონდეს მზა დამცავი ფაქტორები და უფრო ადვილად ხვდება დაავადება, ვიდრე მანამდე.
  • ყველაზე გავრცელებულია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები (ცხელება ხველებით და ცხვირიდან გამონადენი), მეორე ადგილზეა ნაწლავური ინფექციები (დიარეა ცხელებით).
  • კბილების ამოსვლისას ღრძილებში დისკომფორტისა და ტკივილის გამო, ბავშვი ხშირად იდებს ხელებს და უცხო საგნებს პირში, რაც ზრდის პირის ღრუს ლორწოვანზე პათოგენებთან კონტაქტის რისკს.
  • ”ყველაფერი კბილების ბრალი იყო და თავისთავად გაუარა!” - ამას ბევრი მშობლისგან მოისმენთ და მართალიცაა, რადგან ბავშვის ორგანიზმს შეუძლია, დედის მზა ანტისხეულების გარეშეც, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს. ეს მისი იმუნური სისტემის დამსახურებაა.

სიმპტომები, რომლებიც კბილების ამოსვლის ბრალი არ არის და ექიმის ჩარევას მოითხოვს

ცხელება 38 ° C-ზე მეტი, რომელსაც ახლავს დიარეა; სურდო; ხველა; გახანგრძლივებული ჭირვეულობა; გამონაყარი სხეულზე; წყლულები პირში.

ფრთხილად იყავით განსაკუთრებით, თუ ეს სიმპტომები გახანგრძლივებულია ან ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა (ბავშვი ლეთარგიულია, ეძინება, არ თამაშობს, სრულიად უარს ამბობს ჭამაზე და სასმელზე). ეს შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.

ჩვილები დაიღუპნენ ამის გამო - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, როცა ბავშვი კბილების ამოჭრისას ჭირვეულობს
კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ დავეხმაროთ პატარას?
რატომ უნდა შევინახოთ ჩვენი შვილების სარძევე კბილები?
ვირუსი აქვს თუ კბილების ბრალია? - როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ავად ყოფნის მიზეზი?