ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ბედნიერი, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი გაიზარდოს. თუმცა, ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავად აფერხებენ ხოლმე ამ მიმართულებით ბავშვის განვითარებას. ფსიქოლოგები, რომლებსაც ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, 7 მნიშვნელოვან პრინციპს ასახელებენ, რომელთა დახმარებითაც მშობელს შეუძლია, შვილს ბედნიერი მომავალი აჩუქოს და მის წარმატებასაც ხელი შეუწყოს:
"ბავშვის ბედნიერება" ძალიან ზოგადი ფრაზაა და მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ მშობელს რა მოლოდინები აქვს. მშობლების მიერ ბედნიერების გაგება შეიძლება საერთოდ არ ემთხვეოდეს იმას, რასაც თავად ბავშვი თვლიდეს მნიშვნელოვნად. ამიტომაც, ფსიქოლოგების მთავარი რჩევაა, რომ თქვენთვის ლამაზი კონცეფცია კი არ შექმნათ, იმაზე კი არ იფიქროთ, თქვენ რა მოგიტანთ სიხარულს ბავშვის დახმარებით, არამედ მისი ინტერესები გაითვალისწინეთ. ძალიან ხშირად მშობლები სწორედ ამ შეცდომას უშვებენ - საკუთარ სურვილებს, ვერასრულებულ ოცნებებს შვილების დახმარებით ცდილობენ, კვლავ დაუკავშირდნენ და ამით ბავშვების მთავარ ინტერესებს უგულებელყოფენ.
ბევრი ზრდასრული ადამიანი აღნიშნავს, რომ დაბალი თვითშეფასება წარუმატებლად ცხოვრების ერთ-ერთი წინაპირობაა, რადგანაც ხშირად ისინი, ვისაც საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების არ სჯერათ, ვერც პოტენციალს გამოხატავენ სრულად. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ დაბალი თვითშეფასების საფუძველი სწორედ ბავშვობაშია, რომლის განვითარებაშიც მშობელსა და ირგვლივ მყოფებს ძალიან დიდი როლი აქვთ. წაახალისეთ თქვენი შვილის ინიციატივა და აუცილებლად შეაქეთ იმისთვის, რასაც კარგად აკეთებს. აღნიშნეთ თუნდაც მცირე მიღწევა. წარუმატებლობის პირობებში კი პოზიტიური რამ მოძებნეთ. მაგალითად, თუ ბავშვმა წააგო, შეგიძლიათ, უთხრათ: "ყველაფერი კარგად გამოგივიდა, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა არ შეგეშინდა. მე, ალბათ, ვერ გავბედავდი." მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ შეუძლია, ბევრი ახალი რამ სცადოს და წარუმატებლობების არ შეეშინდეს.
ნუ შეადარებთ სხვებს. ისინი განსხვავებულები არიან, ბევრი სხვადასხვა უნარითა და განვითარებით. ამიტომაც, ერთს თუ გაცილებით უკეთ შეუძლია წაკითხვა, მეორე შესაძლოა, ამას უფრო რთულად აკეთებდეს. მიეცით თქვენს შვილს მოტივაცია და ნუ დათრგუნავთ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა მასზე უკეთ აკეთებს რაღაცას.
მაშინაც კი, თუ ხვდებით, რომ ასაკთან შედარებით, ბავშვის უნარები ჩამორჩება და კარგად არ ვითარდება, ნუ ჩავარდებით პანიკაში და ბავშვის მიმართ კი არ გამოხატოთ ეს ნეგატიური განწყობა და მოლოდინები, გაესაუბრეთ სპეციალისტს და ის სწორ რეკომენდაციებს მოგცემთ.
პატივი ეცით ბავშვის მახასიათებლებს და ნუ მიაწებებთ იარლიყებს. მუდმივმა საყვედურებმა, კრიტიკამ, ცუდმა შეფასებამ და არასასიამოვნო ეპითეტებმა შეიძლება მას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და თვითშეფასება საერთოდ გაუნადგუროს.
ბედნიერი ბავშვი - ბედნიერი მშობლებია. თუ უფროსები დილით კარგ ხასიათზე იღვიძებენ, უყვართ თავიანთი საქმე, სიამოვნებით ზრუნავენ სახლსა და ბავშვებზე, პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს, არიან ცნობისმოყვარეები და გახსნილები ახალი გამოცდილებისთვის, ბავშვი უფრო მეტად აითვისებს ამ ცხოვრების წესს და ბედნიერების განცდა მასაც გადაედება.
ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ბავშვი ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს და მისთვის მცირე ასაკში ძალიან დიდი დატვირთვა საზიანო იქნება. ბავშვი მცირე ასაკში უნდა თამაშობდეს, ხატავდეს, ცეკვავდეს, თანატოლებთან ერთად ერთობოდეს, ეზოში დარბოდეს და ახალ აღმოჩენებს აკეთებდეს. იმის ნაცვლად, რომ 3 წლის ბავშვი ცეკვის წრეზე წაიყვანოთ, მშობლებს შეგიძლიათ, ჩართოთ რიტმული მუსიკა და მასთან ერთად იცეკვოთ, როგორც შეგიძლიათ. ეს ბავშვს ძალიან დიდ ბედნიერებასაც მიანიჭებს და ზედმეტად აღარ დაიღლება. მცირე ასაკში მისი სხვადასხვა აქტივობით, მასწავლებლითა და წრით დაკავება ცუდი არჩევანი იქნება, რადგანაც მომავალში შესაძლოა ამან ნებისყოფასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნას და ინტერესი საერთოდ დაეკარგოს.
გარდა ამისა, ზოგჯერ მშობლებს ბავშვები იმ წრეზე შეჰყავთ, რომელზეც თავად სურდათ, რომ შესულიყვნენ. საუკეთესო არჩევანი სხვადასხვა აქტივობის ცდაა. შემდეგ კი ბავშვი თავად მიხვდება, რომელი აინტერესებს ყველაზე მეტად. აუცილებლად დააკვირდით, სიამოვნებას ანიჭებს თუ არა კონკრეტული აქტივობა ბავშვს, გარბის თუ არა სიხარულით, თუ ტანჯვის შეგრძნება აქვს. გახსოვდეთ, რომ კონკრეტულმა აქტივობამ, წრემ, მასწავლებელმა ბავშვის განვითარება უნდა გამოიწვიოს და არა ბავშვობის წართმევა.
ბევრი მშობელი შვილს ეუბნება: "შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ." სპეციალისტები აღნიშნავენ, მსგავსი ფორმულირების წინადადებებში პრობლემაა, რადგანაც "ყველაზე ლამაზი" პირობითი ცნებაა და შესაძლოა, მოზარდობის ასაკში ამან ბავშვს თვითშეფასებასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები, შეედაროს სხვა თანატილებს და ასე შემდეგ. ამიტომაც, უმჯობესია, თუ ყურადღებას მის კონკრეტულ ნაკვთებზე გაამახვილებთ და ეტყვით, რომ ლამაზი თვალები აქვს, მოგწონთ მისი თმის ფერი, ღიმილი და ასე შემდეგ. გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები მოზარდობის ასაკში თითქმის გარდაუვალია, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონამ თავისი გარეგნობის კონკრეტული უპირატესობების შესახებ იცოდეს.
ეს გავრცელებული შეცდომაა, რასაც ბავშვი დაუმორჩილებლობამდე და გაურკვევლობამდე მიჰყავს. მაგალითად, დედა არ აძლევს კონკრეტული რამის გაკეთების უფლებას, მაგრამ ბებია მაშინვე გვერდით დაუდგება ბავშვს და გააკეთებინებს იმას, რაც სურდა. გარკვეული დისონანსი იქმნება. მნიშვნელოვანია, რომ წესები ბავშვების თანდასწრებით კი არ განიხილოთ, არამედ ოჯახში წინასწარ შეთანხმდეთ, რისი გაკეთება გეჩვენებათ მართებულად და რისი - არა.
თუ ბავშვი ყოველთვის გაწერილი გრაფიკით, დაზეპირებულად დადის სკოლაში, სხვადასხვა წრეზე და დრო არ აქვს, რომ თავისუფლად იყოს, რაღაცაზე იოცნებოს და ფანტაზია განუვითარდეს, ის, დიდი ალბათობით, გაიზრდება ადამიანად, რომელსაც ზედმიწევნით შეეძლება რაღაცების შესრულება, მაგრამ შემოქმედებითობა, კრეატიულობა დააკლდება, რაც ცხოვრებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.