მაღალხელფასიანი მასწავლებლები, სრული თანასწორობა ბავშვებს შორის, უფასო სწავლება და ტრანსპორტი, არავითარი გამოცდა და ბედნიერი, გახარებული ბავშვები
ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში და ბოლო დროს მასზე ბევრი ლაპარაკობს. გარდა იმისა, რომ სწავლების პრინციპები ყველასგან გამორჩეული და ორიგინალურია, ფინელმა ბავშვებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო შედეგები მსოფლიო მასშტაბით, ცოდნის მხრივ. შესაბამისად, ასეთ სწავლებას სერიოზული და ყველაზე სასიკეთო შედეგებიც მოაქვს. იქნებ, ჩვენთანაც იფიქრონ მსგავსი სისტემის შემუშავებაზე, მანამდე კი უფრო ახლოს გავიცნოთ ეს მართლაც ძალიან საინტერესო და ეფექტური სწავლების პრინციპი.
საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სავალდებულო სწავლება ფინეთში 2 საფეხურისგან შედგება: დაწყებითი - ქვედა 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით; ზედა - 7-დან 9 კლასის ჩათვლით. დამატებით მე-10 კლასში მოსწავლეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ შედეგები. ამის შემდეგ ისინი სწავლას აგრძელებენ პროფესიულ კოლეჯში ან ლიცეუმში, ეს იგივეა, რაც ქართული მე-11, მე-12 კლასები.
ფინური "საშუალო" განათლების პრინციპები
არ არსებობს არანაირი ელიტური სკოლა. ქვეყნის ყველაზე დიდი სკოლა ითვლის 960 მოსწავლეს. ყველაზე პატარა სკოლაში კი 11 მოსწავლე ირიცხება. თითქმის ყველა სკოლა საჯაროა, ასევე არის რამდენიმე ათეული კერძო სკოლა. ყველა სკოლა ში ერთნაირი ინვენტარი და პროპორციული დაფინანსებაა.
ერთი რომელიმე საგნის ამორჩევით შესწავლა მეორის ხარჯზე - დაუშვებელია. აქ არ ითვლება, რომ მათემატიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნება. პირიქით. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი კლასების შექმნა, სადაც ისწავლიან ხატვის, მუსიკისა და სპორტისადმი განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ბავშვები.
თუ რა პროფესიისაა ბავშვის მშობელი, მასწავლებელი იგებს აუცილებლობის შემთხვევაში. მასწავლებლისათვის აკრძალულია მშობლის ანკეტური მონაცემების ცოდნა.
ბავშვები არ არჩევენ ერთმანეთს. არ არსებობენ "კარგები" და "ცუდები". მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია. ერთად სწავლობენ როგორც განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული, ასევე ინვალიდის სავარძელზე მსხდომი ბავშვები. ინკლუზიური სწავლება აქ მაღალ დონეზეა განვითარებული. თუ სკოლაში არიან სმენადაქვეითებული ან მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვები, მათთვის ცალკე კლასები იხსნება, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფენ.
მასწავლებელი არ არჩევს ბავშვებს. ყველა მასწავლებელთან ხელშეკრულება იდება 1 წლით. თუ სასწავლო წელმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, მას გაუგრძელდება ხელშეკრულება კიდევ 1 სასწავლო წლით. მასწავლებლებს მაღალი ხელფასი აქვთ: 2500 ევროდან - დამხმარე მასწავლებელს, 5000 მდე - საგნის მასწავლებელს.
სწავლის გარდა უფასოა: კვება, ექსკურსია, მუზეუმი, ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვი მიჰყავს სკოლაში და მოჰყავს სკოლიდან, თუ სკოლა მდებარეობს სახლიდან 2 კმ-ზე შორს. სასწავლო წიგნები, საკანცელარიო მოწყობილობები, კალკულატორი, პლანშეტები და ნოუთბუქიც კი უფასოა. ნებისმიერი მიზეზით თანხის შეგროვება მშობლების მხრიდან - დაუშვებელია.
თითოეული ბავშვისთვის გონებრივი განვითარების მიხედვით ადგენენ ინდივიდუალურ სწავლის გეგმას. გაკვეთილზე, ერთსა და იმავე კლასში ბავშვებს აძლევენ სხვადასხვა სირთულის დავალებას. თუ ბავშვმა "თავისი" დავალება სწორად დაწერა, მას ეწერება "ფრიადი". მეორე დღეს მასწავლებელი ამ ბავშვს მისცემს უფრო რთულ დავალებას. თუ ბავშვმა ვერ შეასრულა ან ვერ გაიგო, საშიში არაფერია, ისევ მისცემს ადვილ დავალებას. კერძო რეპეტიტორები არ არსებობენ. ეს ფუნქცია აკისრია სკოლის მასწავლებელს. იგი ვალდებულია დამატებითი გაკვეთილები ჩაატაროს იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩამორჩა ან რაიმე ვერ გაიგო.
ფინელები ამბობენ: "ან ვამზადებთ ცხოვრებისთვის, ან - გამოცდებისთვის. ჩვენ ვირჩევთ პირველს". ამიტომ ფინეთის სკოლებში გამოცდები არ არის.
ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. მათ ბავშვობიდან იციან, რა არის პორტფოლიო, კონტაქტები, საბანკო ბარათები. შეუძლიათ შექმნან საკუთარი სავიზიტო ბარათები, საიტები ინტერნეტში და მრავალი სხვა.
პირველ რიგში, სკოლის თანამშრომლებს არ ამოწმებს და არ მიუთითებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არავინ. თუ ლიტერატურის გაკვეთილზე ჩართულია სასწავლო ფილმი და ბავშვს არ აინტერესებს იგი, მას შეუძლია წაიკითხოს წიგნი. ითვლება, რომ მოსწავლე ირჩევს იმას, რაც მისთვის სასარგებლოა.
სწავლობს ის, ვისაც უნდა სწავლა. პედაგოგები შეეცდებიან გაუღვიძონ ინტერესი ამა თუ იმ საგნის მიმართ, მაგრამ თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ რაიმე, მისთვის საინტერესო პროფესიას შეასწავლიან, რაც ცხოვრებაში გამოადგება და არ "დაბომბავენ" ორიანებით. ყველა ხომ არ ააგებს თვითმფრინავს, ვინმემ ხომ უნდა იცოდეს ავტობუსის ტარება? სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა არ აგრძელებს სწავლას კოლეჯში ან ლიცეუმში. ვიღაცისთვის საინტერესოა პროფესიული სასწავლებელი. და რაც მთავარია, ერთიც და მეორეც ერთნაირად ფასდება ქვეყანაში.
ფინელებს მიაჩნიათ, რომ სკოლამ უნდა მისცეს ბავშვს მთავარი - შეძლოს იცხოვროს დამოუკიდებლად. პედაგოგები არ ერევიან სკოლის პერიოდში მოსწავლეებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებში, ცდილობენ გვერდიდან, შეუმჩნევლად აკონტროლონ სიტუაცია, ოღონდ არ ჩაერიონ. ბავშვმა უნდა შეძლოს თავისი თავის დაცვა - ამით აჩვევენ ცხოვრებისეულ სირთულეების გადალახვას.
ქვეყანაში შეფასების 10-ბალიანი სისტემაა, მე-7 კლასამდე გამოიყენება სიტყვიერი შეფასება: საშუალო, დამაკმაყოფილებელი, კარგი და ფრიადი. ყველა სკოლა ჩართულია სახელმწიფო ელექტრონულ სისტემა "Wilma"-ში,სადაც თითოეულ მშობელს ეძლევა თავისი შესასვლელი კოდი. მასწავლებლები აკეთებენ ჩანაწერებს, შენიშვნებს, წერენ შეფასებებს, უტოვებენ საჭირო შეტყობინებას მშობელს. პროგრამაში ჩანაწერებს აკეთებს სკოლის ექთანიც.
ნიშნებს ფინეთის სკოლებში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ ბავშვის მოტივაციისთვისაა, თვითშემოწმებისთვის და თუ მოინდომებს, გააუმჯობესებს თავის მიღწევებს. ნიშანი არანაირად არ მოქმედებს ბავშვის რეპუტაციაზე.
ყველაზე მთავარი, რასაც ფინეთის სკოლა აკეთებს, არის ის, რომ ბავშვები ნერვული დაძაბულობისაგან არ იღვიძებენ ტირილით, არ ოცნებობენ, რომ მალე გაიზარდონ, არ ეზიზღებათ სკოლა, არ აქვთ ნერვული სტრესი გამოცდების წინ, არც მათ და არც მათი ოჯახის წევრებს. მშვიდები, ბედნიერები კითხულობენ წიგნებს, უყურებენ ფილმებს, სრიალებენ გორგოლაჭებზე, ველოსიპედებზე, ქმნიან მუსიკას, თეატრალურ პიესებს, მღერიან და ხარობენ ცხოვრებით.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ