პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან შვილების მიმართ სიყვარულის ხშირი გამოხატვა:
- უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულს სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის განვითარებაში. ბავშვებშიც ასეა, მოზრდილებშიც და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. აღმოჩნდა, რომ როდესაც ნაყოფს დედა და მამა ეფერება, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია.ყველას უნდა გონიერი, მამაცი, ლამაზი შვილი ჰყავდეს. ამ ყველაფრის საფუძველი კი სწორედ ჯანმრთელობაა. თითქოს, ყველაფერში ზომაა საჭირო. მაგრამ, როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არსებობს. იყოს უსაზღვრო, რაც მეტი - მით უკეთესი.
ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ, უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ამ დროს სპეციალური ქიმიური სუბსტანციები, სიამოვნების ჰორმონები, მაგალითად, დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები, გარკვეულწილად ადრენალინიც გამოიყოფა. ბედნიერების შეგრძნებისთვის ბავშვს ეს ყველაფერი სჭირდება. გოგონა, რომელიც სიყვარულითაა გარშემორტყმული, თანატოლებთან განათებული, გაბრწყინებულია. როდესაც გრძნობს, რომ ვიღაცას უყვარს, ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, მთელი საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი, სიხარულით სავსე იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს" - აცხადებს ყარამან ფაღავა.
ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზედმეტი სითბო და ალერსი "რყვნის და აფუჭებს" აფუჭებს ბავშვს. "მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიყვარს კატეგორიული გამოთქმები, არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, სწორი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, მივუთითოთ, მაგრამ ბავშვის მოფერება ნამდვილად არ რყვნის ბავშვს" - ამბობს ყარამან ფაღავა და სიმკაცრის საშიროებასთან დაკავშირებულ შეკითხვასაც პასუხობს:
"რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ამბობენ. მაგრამ ამ გაძლიერებაში იმდენი ენერგიის ხარჯვა სჭირდება ორგანიზმს, იქნებ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები არ შევუქმნათ ბავშვს. ცნობილია ნაპოლეონის ქირურგის დაკვირვება, რომელიც საველე ქირურგიის მამამთავარი გახლდათ. ის ამბობდა, რომ გამარჯვებულ ჯარისკაცებში ჭრილობები უფრო სწრაფად ხორცდებაო. წარმოგიდგენიათ, თითქოს ჭრილობა სულ არაა ტვინთან კავშირში, მაგრამ დადებითი ემოციები ამაზეც კი მოქმედებს. ძალიან ბევრი დაავადებაა, სადაც მეტნაკლებად დამტკიცებულია დადებითი ემოციები როლი. თუნდაც კუჭნაწლავის დაავადებები, ასთმური და შეტევითი ხველა, კანი, სახსრები - თიტქმის ყველა სისტემაში ფსიქოსომატური ფონი მონაწილეობს და მამაჩემი სწორედ ფსიქო-სომატური მიმართულების მომხრე იყო. მე უფრო ორგანიკოსი ვარ, მორფოლოგიურ, ორგანულ ცვლილებას ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის, მეორე მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექიმი ფსიქოსომატიკოსია.
გარდა ჰორმონული ცვლილებებისა, ემოციური ფონის როლს სხვა მტკიცებულებაც აქვს - ტვინიდან კუჭნაწლავამდე ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ქერქვეშა კერები, ნეიროენდოკრინული სისტემა, ნეიროიმუნური სისტემა, ნერვული წნულები კუჭ-ნაწლავში და მიკრობიოტა, იგივე კარგი ბაქტერიები - ეს ყველაფერი ჯამში, ყველაფერზე მოქმედებს და ყველა დაავადება მათი სისუსტის ფონზე უფრო მკაფიოდ და მძიმედ მიმდინარეობს.
მაგალითად, ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრავმაა მშობლის ავადმყოფობა და მშობლების დაცილება, მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომ როგორმე, რამდენადაც შესაძლებელია, ეს აიცილონ თავიდან. დამტკიცებულია, რომ სტრესი და სიამოვნების ჰორმონების დეფიციტი, სტრესული ჰორმონების სიჭარბე, იწვევს დიდ იმუნოლოგიურ დარღვევებს. ეს გამოვლინდება სიმსივნეებში, ძირითადად კი ინფექციების მიმართ მდგრადობის შემცირებაში, ხშირად ავადობაში. ამიტომ სიხარული და სიამოვნება უნდა მივანიჭოთ ერთმანეთს" - ამბობს ყარამან ფაღავა.