მელისა ოდენის ამბავი ამტკიცებს, რომ სასტიკ სამყაროში სასწაულებრივად გადარჩენა და ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია. მელისას მშობლები აიოვას კოლეჯის სტუდენტები იყვნენ. ერთად დადიოდნენ, ბარში ერთობოდნენ და დროს მხიარულად ატარებდნენ და არც ერთი ფიქრობდა, რომ მშობელი გახდებოდა...
მოგვიანებით მელისამ თავის წიგნში დაწერა: "დედაჩემი სპორტსმენი იყო და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, ამიტომ ვერ ხვდებოდა, რომ ჩემზე ორსულად იყო. მითხრეს, რომ აბორტის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ბებიასა და ბაბუას მამაჩემი არ მოსწონდათ და დედა აიძულეს, რომ აბორტისათვის მიემართა..."
მას შემდეგ, რაც მელისას ბებია-ბაბუამ შვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, პირდაპირ უთხრეს, რომ "სირცხვილი არ სჭირდებოდათ" და ბავშვის მოშორება კატეგორიულად მოითხოვეს. ამ დროს მელისას დედა, 19 წლის გოგონა, 8 თვის ფეხმძიმე იყო, ტიროდა და საშინლად იტანჯებოდა, თუმცა აბორტზე მაინც წაიყვანეს.
გასული წლის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტის გაკეთების პრაქტიკა განსხვავებული იყო. ორსულ ქალებს საშვილოსნოში სპეციალურ ხსნარს უშვებდნენ, რომლითაც ნაყოფი, ფაქტობრივად, იწვებოდა. ამერიკაში მსგავსი პრაქტიკა 2002 წელს პრეზიდენტ ბუშის დროს შეიცვალა და აიკრძალა.
ახალგაზრდა სტუდენტს სწორედ ეს საშინელი პროცედურა ჩაუტარდა. ნაყოფი სანაგვეში უნდა გადაეგდოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელმაც მელისა ქირურგიულ განყოფილებაში შეიყვანა, მსგავსი რამ ვერ გაბედა. დაინახა, რომ ბავშვი არათუ გარდაიცვალა, არამედ სუნთქავდა და ტიროდა კიდეც. ჩვილი ხალათში გაახვია და პედიატრთან წაიყვანა. პატარას ბევრი პრობლემა ჰქონდა, უჭირდა სუნთქვა, აღენიშნებოდა სიყვითლე და მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მელისა საკმაოდ მებრძოლო გოგონა აღმოჩნდა. ნელ-ნელა მოძლიერდა, წონაში მოიმატა და განვითარდა. ექთანი, სახელად მერი, რომელმაც იგი სანაგვეში გადაგდებისგან იხსნა, საავადმყოფოში პერიოდულად სტუმრობდა და მის შვილად აყვანას გეგმავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასეც მოიქცა...
5 წლის ასაკში მელისა უკვე თანატოლებს დაეწია. მშობლების საოცარ სიყვარულსა და ზრუნვას გრძნობდა. ოჯახში უდარდელად და ბედნიერად იზრდებოდა, ვიდრე უფროს დასთან, თემისთან კონფლიქტი არ მოუვიდა, რომელმაც უთხრა, რომ ნაშვილები იყო.
მელისამ მშვილებელ მშობლებთან საუბარი საკუთარ წიგნში გაიხსენა. აღწერა, როგორ გაურკვევლობაში იყო და არ ესმოდა, რას ნიშნავდა "ნაშვილები", ან როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება. თუმცა, მშობლებმა დაამშვიდეს, უთხრეს, რომ მისმა ბიოლოგიურმა დედამ აბორტი 8 თვის ასაკში გაიკეთა, თავად კი გადარჩა.
მელისასთვის ეს ორი ახალი ინფორმაცია ძალიან შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ჯერ რომ, ნაშვილები ყოფილა და რომ დედას არ სჭირდებოდა და ასეთ დიდ ორსულობაზე გაიკეთა აბორტი... გოგონა საშინლად ნერვიულობდა და იმედგაცრუებული იყო. მოზარდობის ასაკში დაიწყო დალევა, შეიძინა საეჭვო მეგობრები. თუმცა, მშობლებმა მაინც დააბრუნეს სწორ გზაზე:
"წარსულმა არ უნდა განსაზღვროს შენი მომავალი. ღმერთმა სიცოცხლის შანსი მოგცა და გინდა ასე ადვილად გაფლანგო? უნდა ისწავლო, საკუთარი ცხოვრება შექმნა...” - უთხრეს მშობლებმა მელისას.
ამის შემდეგ გოგონამ სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა განაგრძო. თან ბიოლოგიური მშობლებისა და ბებია-ბაბუის მოძებნა დაიწყო. მელისამ ძიების შემდეგ ბებიასა და ბაბუას მისამართი გაიგო და მათ წერილი გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მათ მისი გამოჩენა არ სწყენიათ და აუხსნეს, რომ იმ დროს მისი დაბადება არასასურველი იყო. თუმცა, ქალი მიხვდა, რომ ბებიასა და ბაბუას დახმარებით დედას ვერ იპოვიდა, რადგან, როგორც გაირკვა, აბორტის შემდეგ მან მშობლებთან საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა...
მელისას იმედი არასოდეს დაუკარგავს, რომ დედას შეხვდებოდა და მისგან მოისმენდა, თუ რატომ თქვა უარი მასზე. დედას მაშინ შეხვდა, როდესაც უკვე გათხოვილი იყო და მეუღლესთან ერთად 2 შვილს ზრდიდა და მიუხედავად პირადი ოჯახური ბედნიერებისა, ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა მაინც სურდა.
ერთ დღეს მას გაუმართლა. დედის ბიძაშვილის წყალობით მასთან კონტაქტზე გავიდა და 3 წლის შემდეგ შეხვდა. მას ოჯახი შეექმნა და ქალიშვილები ჰყავდა. თუმცა აღიარა, რომ გულის სიღრმეში სულ ჰქონდა იმედი, მისი შვილი გადარჩებოდა.
"ჩემთვის ეს შოკი იყო, ამდენი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ დედაჩემს არ სურდა ჩემი არსებობა. ვნერვიულობდი, რომ მას ამის გადატანა მოუწია. გავარკვიე, რომ და მივიდა საავადმყოფოში და ამბის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ თანამშრომლებმა უთხრეს, რომ უკვე გვიანი იყო." მელისამ დედას აპატია და წიგნში უამრავი ემოციური წინადადება დაწერა, რომლებიც გულწრფელ ემოციებს იწვევს. ქალი ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ვადაზე აბორტის გაკეთების მიუხედავად, გადარჩა და არანაირი დეფექტი ან ფიზიკური ნაკლი არ დარჩა.
მას 10 წელი დასჭირდა, რომ ბიოლოგიური მშობლები ეპოვა. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. მელისა ამბობს, რომ ბიოლოგიურ მამას სამსახურში წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ ყველაფერს პატიობდა. ასევე უთხრა, რომ მასთან შეხვედრას ელოდებოდა. 8 თვის განმავლობაში პასუხს უცდიდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მისი ბიოლოგიური მამა გარდაიცვალა.
2008 წლის აპრილში მელისასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. სხვათა შორის, ქალმა იქ იმშობიარა, სადაც თავად გაჩნდა. ახლა მეუღლესთან ერთად 2 შვილს ზრდის და ცდილობს, ყველა იმ ადამიანს გაუგოს, რომლებსაც მისი დაბადება არ სურდათ. ის სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი გახდა, იბრძვის აბორტების წინააღმდეგ და იცავს აბორტის შედეგად დაბადებულ ბავშვებს.