"მოზარდს არც უმაღლესში სწავლა სურს და არც მუშაობა, შუაღამემდე სერიალებსა და ფილმებს უყურებს" - რა უნდა გააკეთოს მშობელმა? - მშობლები

"მოზარდს არც უმაღლესში სწავლა სურს და არც მუშაობა, შუაღამემდე სერიალებსა და ფილმებს უყურებს" - რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

2023-01-12 11:22:20+04:00

სკოლის დასრულების შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სურთ სწავლის ამ საფეხურზე გაგრძელება. ეს კი მშობლებსა და ახლობლებში ნერვიულობას იწვევს, ფიქრობენ, რომ დიპლომისა და ოფიციალური ხარისხის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ, პროფესიულ სასწავლებლებს კი ზოგჯერ არასერიოზულად და ,,არაპრესტიჟულად“ თვლიან. თუმცა, წლებთან ერთად, მაინც ბევრი ახალგაზრდა იკავებს თავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარებისაგან.

რატომ არ სურთ ბავშვებს უნივერსიტეტში ჩაბარება?

უმაღლესი განათლების პრესტიჟის დაცემაზე უკვე დიდი ხანია, საკმაოდ ბევრი საუბრობს. სამყარო სწრაფად იცვლება, ცოდნა კი ზოგჯერ მოძველებულია. თუმცა, ფსიქოლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა გაიგონ, რატომ არ სურს მის შვილს უნივერსიტეტში ჩაბარება. უარს ამბობს იმიტომ, რომ სკოლის ემოციური წლების შემდეგ დასვენება სურს? განათლების სისტემა არ მოსწონს? მოტივაცია დაეკარგა? - თუ რა გახდა მიზეზი, რის გამოც უმაღლესი განათლების მიღებაზე უარს ამბობს. არიან ისეთი მოზარდებიც, რომლებსაც სკოლის დასრულების შემდეგ მკაფიო და ზუსტი გეგმა აქვთ, არ აპირებენ დიდი თანხის უნივერსიტეტში გადახდას. სამაგიეროდ, კონკრეტული საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა სურთ, რითაც ადვილად დასაქმდებიან და კარგი შემოსავალიც ექნებათ. თუმცა, როგორც წესი, მშობლებისთვის მსგავსი გადაწყვეტილება მტკივნეულია და სურთ, მათმა შვილებმა უნივერსიტეტში ისწავლონ. ეს კი კონფლიქტსა და დაძალებას იწვევს. შედეგად კი ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი ხდება სტუდენტი ისე, რომ არც ის მიმართულება მოსწონთ, რომლებზეც სწავლობენ და არც ის იციან, კონკრეტულად რაში გამოიყენებენ ამ ცოდნას.

1-1673508294.jpeg

როგორ მივიდეთ კომპრომისამდე?

სრულწლოვანების დადგომასთან ერთად, ბავშვს არჩევანის თავისუფლება უნდა მიეცეს ისე, რომ თავისი გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს. მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, გააანალიზოს, დაგეგმოს, ააგოს საკუთარი პროფესიული ტრაექტორია. ფსიქოლოგების თქმით, ამ თემის შვილთან ერთად განხილვა, საუბარი შესაძლოა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, უკეთ გაერკვეს საკუთარ სურვილებსა და მიზნებში. განვიხილოთ რამდენიმე სცენარი:

მაგალითად, პირველი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვმა სკოლის დასრულების შემდეგ გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი, კურსი, ჩააბაროს პროფესიულ სასწავლებელში და ისწავლოს ის საქმე, რომელიც ნამდვილად მოსწონს და ფიქრობს, რომ სამომავლოდ გამოადგება.

მეორე სცენარია, როდესაც მოზარდი სკოლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სამსახურის დაწყებას ცდილობს და სურს, გარკვეული პასუხისმგებლობები დამოუკიდებლად აიღოს საკუთარ თავზე. აქ კი შესაძლოა, სულაც ვერ ხედავდეს უმაღლესი განათლების აუცილებლობას. წლებთან ერთად იმდენი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დააგროვოს, რომ დარგის ნამდვილ სპეციალისტად იქცეს და საკმაოდ მოთხოვნადი კადრიც იყოს.

თუმცა, შესაძლოა, სხვა სცენარიც განვიხილოთ, როდესაც ბავშვს არც სწავლა სურს და არც მუშაობა, შუაღამემდე სერიალებსა და ფილმებს უყურებს, არ აინტერესებს საკუთარი მომავალი და არც მოტივაცია აქვს. ასეთ დროს აუცილებელია, მშობელი ჩაერთოს და თუ საჭირო იქნება, სპეციალისტთან ერთად გაარკვიოს, რა გახდა ამის მიზეზი. აქ შესაძლოა, ხისტი პოზიცია გქონდეთ და უთხრათ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობების აღებისა და თვითგანვითარების დროა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დასჯის ფორმა, მაგრამ აჩვენეთ, რომ ფული ციდან არ ცვივა და აუცილებელია, საკუთარი მომავლის განვითარებაზე იზრუნოს.

პარალელურად შეგიძლიათ, ბავშვს საკუთარი თავისა და ინტერესების აღმოჩენაში დაეხმაროთ. შესაძლებელია, რომ მას უბრალოდ აშინებს პერსპექტივები და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, როგორიცაა კარიერის არჩევა. შეეცადეთ, გაიაროს კონსულტაცია ადამიანებთან, რომლებიც კარიერის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობენ, ნახოს ინტერნეტში სხვადასხვა ინფორმაცია და მოტივაციისთვის გამოიყენოს. თქვენთან ისაუბროს, დაახლოებით, რა ინტერესები აქვს და მერე შესაძლოა, ონლაინ ტრენინგი ან რაიმე ტიპის ვიდეოები აღმოაჩინოს, რომლებითაც მიხვდება, მართლა მოსწონს თუ არა კონკრეტული საქმე.

სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მშობლებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: ისინი უკვე არა ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანები არიან. ამიტომ, მათ არჩევანზე ნეგატიური რეაქცია და გადარწმუნება ყველაზე ეფექტური მიდგომა არ იქნება. შეეცადეთ, მოუსმინოთ მოზარდს და მხარი დაუჭიროთ. დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად, აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები, ნუ მოექცევით სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. გააკეთეთ ის, რაც თქვენს შვილს სამომავლოდ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისთვის დასჭირდება. დანარჩენი ყველაფერი გემოვნების საკითხია.