ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ ბლოგში საუბრობს, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. ექიმი ამ პრობლემის მქონე ადამიანებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:
- თმის ცვენა რომ ძალიან ხშირი მოვლენაა, ყველამ იცის. მამაკაცების ნახევარსა და ქალების 25%-ს ეს პრობლემა აწუხებს. თუ დღე-ღამეში 78 ცალამდე თმის ღერი გცვივათ, ეს ნორმად ითვლება. მაგრამ, თუ დღეში 100 ცალზე მეტია, ეს უკვე პათოლოგიაა და მას ალოპეცია ჰქვია. ხშირად, როდესაც თმის ცვენის გამომწვევ მიზეზზე საუბრობენ, პირველ რიგში, D ვიტამინის ნაკლებობას ასახელებენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მიზეზია.
ყველაზე ხშირად თმის ცვენას გენეტიკური ფაქტორი იწვევს. მაგრამ, თუ ეს გენეტიკური მიდრეკილებით არ არის გამოწვეული, რა შეიძლება გახდეს მიზეზი? ძალიან ხშირად თმის ცვენა არა რაიმე კონკრეტული პათოლოგიით, არამედ მედიკამენტებითაა გამოწვეული. მსგავსი მედიკამენტების სია, რომლებიც თმის ცვენას იწვევს, ძალიან ბევრია. ხშირად მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტები თმის ცვენას იწვევენ. ის, რაც წნევის საწინააღმდეგოდ კარგად მუშაობს, თმის ცვენაზე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად აისახება.
გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტიც იყოს. ასევე, ქოლესტეროლის დასაქვეითებელი ზოგიერთი წამალიც შეიძლება გახდეს მიზეზი.
ზოგჯერ ორალური კონტრაცეპტივები, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ასევე ხდება ხოლმე თმის ცვენის მიზეზი. თუ პაციენტი სტეროიდებს იღებს, სახსრები სტკივა, თიაქარი აქვს, ამასაც შეუძლია თმის ცვენისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით A ვიტამინის მიღებამაც შეიძლება ეს პრობლემა შეგიქმნათ.
ამიტომ, თუ თმის ცვენა გაწუხებთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გადახედოთ იმ წამლებს, რომლებსაც სვამთ და ექიმს ჰკითხოთ, იწვევს თუ არა კონკრეტული მედიკამენტები თმის ცვენას. თუ იწვევს, ის უნდა შეიცვალოს.
ასევე, შესაძლოა გამომწვევი მიზეზი აუტოიმუნური დაავადებები იყოს. არსებობს ასეთი დაავადება - სისტემური წითელი მგლურა, რომელიც ასევე იწვევს ამ პრობლემას. ეს დაავადება შეიძლება თმის ცვენით ვლინდებოდეს და სხვა არც ერთი ჩივილი არ იყოს. გარდა ამისა, სარკოიდოზი შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანს თმის ცვენა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ხველა და თმის ცვენა აქვს გამოხატული.
ასევე, გამოვყოფდი ფარისებრ ჯირკვალსაც. თუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაქვეითებულია და ის თავის ჰორმონებს არ გამოყოფს, ამ შემთხვევაში თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, ამასაც შეუძლია თმის ცვენისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს. არა მარტო მას, არამედ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებსაც შეუძლია, თმის ცვენას ხელი შეუწყოს. თუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაქვეითებულია, ასეთ შემთხვევაში ადამიანს თმა უფრო შუბლის მიდამოში სცვივა და შესაძლოა, წარბების მიდამოს შეთხელებითაც გამოიხატოს. თუ პირიქით, ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა გაზრდილია, თმის ცვენის მიზეზი ესეც შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, დიაბეტის დროს სისხლძარღვები ზიანდება და ამასაც შეუძლია, თმის ფოლიკულებს სისხლი არ მისცეს, რაც ცვენისადმი მიდრეკილებას გამოიწვევს.
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება ნუტრიციული ფაქტორები იყოს. თუ ადამიანის სხეულს აკლია რკინა, თუთია, ვიტამინი ბიოტინი, ამ შემთხვევაში შეიძლება თმის ცვენისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. თუ თმა გცვივათ და ანემიაც გაქვთ, მაშინ აუცილებლად ანემია უნდა მოაგვაროთ, სხვანაირად პრობლემა არ გაჩერდება.
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი დაბანა და თმის ინტენსიური გამოშრობა ფენის საშუალებით. თუ თავს ხშირად იბანთ, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ახალდაბანილ თავს ფენით ინტენსიურად იშრობთ, სწორედ ამან შეიძლება გაგხადოთ მიდრეკილნი გამოშრობისკენ. ამიტომ, ღირს, რომ თქვენი ცხოვრების სტილი შეცვალოთ.
ასევე, თმის ცვენა შეიძლება ფეხმძიმობითაც იყოს გამოწვეული. ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს მშობიარობის შემდეგ 3-5 თვეში თმის ცვენა ეწყება და დაახლოებით, 18 თვის განმავლობაში უგრძელდება. ეს კი გამოწვეული იმით, რომ ქალს ფეხმძიმობის პერიოდში ძალიან ბევრი ესტროგენი ჰქონდა. რომ იმშობიარა, ესტროგენის დონე დაუვარდა და თმის ცვენა დაიწყო. ამ მდგომარეობას მკურნალობა არ სჭირდება.