ლიზა-მარია პრესლი 54 წლისა გარდაიცვალა. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მის მორიგ გამოჩენას განიხილავდნენ საჯარო ღონისძიებაზე - მამის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრო, 13 იანვარს კი გარდაცვლილი იპოვეს.
სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ლიზა მისმა მოახლემ აღმოაჩინა უგონო მდგომარეობაში. მაშინვე გამოიძახა სასწრაფო და ლიზას ყოფილი ქმარი ჯერი შილინგი, რომელმაც სცადა ექიმების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოეჩინა, თუმცა ქალს გული ჰქონდა გაჩერებული. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ორიოდე დღის წინ ის მხოლოდ მუცლის ტკივილს უჩიოდა.
1-ელ თებერვალს 55 წლის უნდა გამხდარიყო...
ლიზას სამი ქალიშვილი დარჩა - 33 წლის რაილი კიო და 14 წლის ტყუპი - ჰარპერი და ფინლი. მისმა ვაჟმა - 27 წლის ბენჯამინმა ორი წლის წინ მოიკლა თავი... საზოგადოება უკვე ალაპარაკდა პრესლის ოჯახის წყევლაზე... გულის გაჩერებით გარდაიცვალნენ ლიზა-მარიას ბებია (46 წლის ასაკში) და ასევე ცნობილი მამა, ელვისი - 42 წლის ასაკში.
ლიზა ელვის პრესლისა და მსახიობ პრისცილა პრესლის ერთადერთი ქალიშვილი იყო და მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრე.
ლიზა 1968 წელს ტენესიში დაიბადა, მშობლების დაქორწინებიდან ცხრა თვეში. მშობლების განქორწინების შემდეგ კი დედასთან ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, თუმცა ასევე დიდ დროს ატარებდა მამასთან, გრეისლენდში.
როცა ელვის პრესლი გარდაიცვალა, 1977 წელს, 9 წლის ლიზა გახდა მისი ქონების თანამფლობელი, ელვისის მამასთან, ვერნონ პრესლისთან და დიდ ბებიასთან, მინი მეი ჰუდ პრესლისთან ერთად. ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ, ის ერთადერთი მემკვიდრე იყო 100 მლნ დოლარად შეფასებული ქონების. ცნობისათვის, ამ ქონების 85 პროცენტი ლიზა-მარიამ 2004 წელს გაყიდა.
მამის გარდაცვალებიდან ძალიან მალე დედამისმა მსახიობ მაიკლ ედვარდსთან დაიწყო შეხვედრა და თანაცხოვრებაც. ამბობენ, რომ ედვარდსი 12-დან 15 წლამდე ასაკში, ლიზაზე სექსუალურად ძალადობდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში 2003 წელს ლიზამ თქვა, რომ ედვარდსს ჰქონდა ჩვევა, მთვრალი შესულიყო მის ოთახში და ძალიან ცუდად იქცეოდა...
ლიზა ბევრ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობდა, თუმცა ძირითადად - სკოლა-ინტერნატებში. რამდენჯერმე გარიცხეს სკოლიდან ნარკოტიკებთან დაკავბშირებული პრობლემების გამო, რომლებსაც მოზარდობის წლებიდან მიეჩვია. როგორც თავად ამბობდა, 13 წლიდან ჰქონდა ეს დამოკიდებულება, რომელსაც საიენტოლოგიის ეკლესიაში სიარულის დროს დაანება ტავი. საიენტოლოგებთან პრისცილა და ლიზა ჯონ ტრავოლტამ მიიყვანა და ბევრი წელი დადიოდნენ. თუმცა რომ წამოიზარდა, ლიზა ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ მიმდინარეობისადმი და რამდენიმე წლის წინ დატოვა კიდეც მათი ეკლესია.
მუსიკისადმი მიდრეკილება ლიზას გენეტიკურად ჰქონდა და სმენასა და ხმასაც არ უჩიოდა. 1970-იანი წლების ბოლოს, მამის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში, ლიზა პირველად დაესწრო როკ-კონცერტს და კალიფორნიაში Queen-ი იხილა. კონცერტის შემდეგ ფრედი მერკურის მამამისის შარფი აჩუქა და დიდ სიყვარულშიც გამოუტყდა.
ხოლო მომღერლის კარიერა ცნობილ მსახიობთან და ავტორ-შემსრულებელთან ლინდა ტომსონთან დამეგობრების შემდეგ დაიწყო. მუსიკალურ ბიზნესში საკმაოდ ნორმალური გამოუვიდა, სამი ალბომიც გამოუშვა. ასევე აკეთებდა ჩანაწერებს, დუეტებს მამის მიერ გარდაცვალებამდე გამოშვებული ტრეკების გამოყენებით.
ლიზა ოთხჯერ იყო დაქორწინებული. 1988 წელს დენი კიოზე დაქორწინდა და ამ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი რაილი და ვაჟი ბენჯამინი. 1994 წელს გაჰყვა ცოლად მაიკლ ჯეკსონს. ამ ქორწინებამ წელიწად-ნახევარს გასტანა, თუმცა მათი ურთიერთობა 2003 წლამდე გრძელდება.
ლიზა ასევე იყო მსახიობ ნიკოლას კეიჯის ცოლი, დაახლოებით 3 თვე. 2006 წელს კი მეოთხედ გათხოვდა გიტარისტ მაიკლ ლოკვუდზე, რომელთანაც ეყოლა ტყუპი ქალ-ვაჟი. ლოკვუდს ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
ბოლო წლებში ლიზა სულ ცდილობდა, გარეგნობა შეენარჩუნებინა. როგორც ახლა გაირკვა, განსაკუთრებულად მონდომებული იყო ფილმ "ელვისის" გამოსვლამდე. იმდენად უნდოდა, რომ პრემიერაზე ლამაზად წარმოჩენილიყო, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მედიკამენტების მიღება დაიწყო წონის დასაკლებად. თვე-ნახევარში 20 კგ დაიკლო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ფაქტია, პრეპარატებმა, მძიმე დარტყმებმა და წონის კლებამ ელვის პრესლის ქალიშვილი ლეტალურ შედეგამდე მიიყვანა.