გინება ბავშვს ბევრგან ესმის: YouTube-ზე, TikTok-ზე, უფროსების წრეშიც, ეზოშიც და ხშირად სახლშიც. გასაკვირი არ არის, რომ 4-6 წლის ბავშვები უწმაწურ სიტყვებს ადვილად იმეორებენ და უხარიათ კიდეც მათი წარმოთქმა. რატომ იმახსოვრებენ ბავშვები ასე მარტივად საგინებელ სიტყვებს და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
უნდა გვახსოვდეს, რომ უხამსი ენა ყოველთვის ნათელი და ემოციურად მდიდარი მეტყველებაა. გინებით ადამიანი იმ ემოციებს გამოხატავს, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდის.
თინეიჯერებისთვის უხამსი ლექსიკა ერთგვარი ინიციაციაა, ზრდასრულთა კატეგორიაში გადასვლა ან პროტესტი, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მასში ემოციური ინტონაციები და ამ გამონათქვამებზე ხალხის რეაციები იზიდავთ. პატარებს, რა თქმა უნდა, არ ესმით ნათქვამის კონტექსტი, მაგრამ განწყობას კარგად "იჭერენ".
უხამს სიტყვას ბავშვი სწრაფად იმახსოვრებს, რადგან სიტყვა მისთვის ახალი და მკაფიოა. ენათმეცნიერები ამას „ვერბალიზმს“ უწოდებენ: ბავშვს ჰგონია, რომ იცის "დიდური" სიტყვები, თუმცა არ ესმის მისი მნიშვნელობა. ამავდროულად, მას შეუძლია გამოიყენოს იგი სათანადოდ და დანიშნულებისამებრ – მაგალითად, როცა საყვარელ სათამაშოს ვერსად პოულობს.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?
- ხაზს ნუ გაუსვამთ და ნუ შეიმჩნევთ, როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამს. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ამის გადაქცევა დღის მოვლენად. ნუ გაიცინებთ და ნურც შეიცხადებთ. არ არის საჭირო არც მისი გაუთავებელი გაკიცხვა და იმის ახსნა, თუ რატომ აღარ უნდა გაიმეოროს ეს სიტყვა. თქვენ უბრალოდ ყურადღება გადაატანინეთ სხვა რამეზე.
- უფრო ხშირად უკითხეთ წიგნები - კარგი ლიტერატურული ენა ხელს შეუწყობს ნორმალური ლექსიკის ჩამოყალიბებას ადრეული ბავშვობიდან. შემდეგ კი, წარუმატებლობის შემთხვევაში, გინების გარეშეც მოახერხებს ემოციის ამოფრქვევას.
- თუ უწმაწურ სიტყვას იტყვის, ეთამაშეთ "სიტყვობანა". უთხარით, „მესმის, რომ რაღაცის თქმა გინდა. მაგრამ სხვანაირად ამიხსენი, სხვა სიტყვებით". ასე რომ, ნოტაციების კითხვის ნაცვლად შესაძლებელი იქნება დიალოგი კონსტრუქციულად აქციოთ.
- აუხსენით, რომ ოჯახში ასეთი სიტყვების გამოყენება არ შეიძლება. აღიარეთ, რომ მათ საბავშვო ბაღშიც ამბობენ, ქუჩაშიც და ზოგჯერ სახლშიც, მაგრამ ეს ცუდია და ადამიანები ასე მხოლოდ გამონაკლის სიტუაციებში იქცევიან.
- მნიშვნელოვანია, რომ სახლში არცერთი ოჯახის წევრისგან არ ესმოდეს ბავშვს გინება.
- ნუ დასჯით – ეს არაფერ შედეგს არ მოგცემთ. ჯობია აუხსნათ ან ზემოხსენებულ რჩევებს მიჰყვეთ.