პრინც ჰარის მემუარებმა მთელსმსოფლიოში გამოიწვია მითქმა-მოთქმა. თუმცა დედამისი, პრინცესა დიანა არანაკლებ გულახდილი იყო თავის წიგნში, რომლის დაწერაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოასწრო.
”პრინცესა დიანა. ცხოვრება, რომელზეც თავად გვიამბობს" - ასე ეწოდება ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომლიდანაც დიანა სპენსერის რამდენიმე გულწრფელი ციტატა შევკრიბეთ.
- „ჩარლზს პირველად ჩემი დის წყალობით შევხვდი. მელაზე ნადირობა გამოცხადდა ნოუბოტლის ტყეში, ალტორპთან ახლოს. პრინცი ჩარლზიც მიიწვიეს. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სკოლიდან თავი გამეთავისუფლებინა და ამ დროს ალტორპში ვყოფილიყავი. რომც არ გავეშვი, გავიქცეოდი. სკოლაში ვმჯდარიყავი, როცა ჩვენს მამულში პრინცი მოდიოდა? არავითარ შემთხვევაში".
- „ღმერთო, მის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი! მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი ღალატისთვის არ ვიყავი მზად, მაგრამ ეს მერე იყო... მაშინ კი... მილიონი სასვენი ნიშანი არ გეყოფათ ჩემი გრძნობების აღსაწერად".
- „ჩარლზი მხოლოდ მაშინ არის ნაზი და ალერსიანი, როცა ყველაფერი მის ნება-სურვილზე კეთდება. ძალიან ზრდილობიანი და სასიამოვნოა მეგობრებთან ურთიერთობაში, ხმას არასდროს არავის წინაში აუწევს... ჩემ გარდა! შეუძლია საჯაროდ მიყვიროს და დამამციროს ისე, რომ არც შერცხვება. ყველას უნდა დაანახოს, რომ არარაობა ვარ, ვისთვისაც ზედმეტია ყურადღება, მილოცვა, ღიმილი".
- „ერთია სამეფო ოჯახს შორიდან აკვირდებოდე და სულ სხვაა მის წევრად ყოფნა. ბალმორალში არანაკლებ მკაცრი რუტინაა, ვიდრე ბუკინგემის სასახლეში, დედოფალმა უბრალოდ არ იცის, როგორ იცხოვროს მკაცრი ყოველდღიური რუტინის მიღმა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, სადაც ყველაფერი წუთებშია გათვლილი."
- ”ნელა მივდიოდი საკურთხევლისკენ, რომელთანაც პრინცი ჩარლზი მელოდებოდა. შორიდანვე შევამჩნიე კამილა ჭუჭყისფერი სამოსით და სასაცილო ქუდით. თავის შვილთან, ტომთან ერთად იყო. ვიცი, რომ კამილა ნაცრისფერ თაგვს მეძახდა. მაგრამ იმ დღეს ის იყო ნაცრისფერი თაგვი“.
- „ჩემს ქმარს დღეში ერთხელ მაინც რომ ეთქვა, რომ ვუყვარვარ, ცას ვეწეოდი. მაგრამ სამეფო ოჯახში უბრალოდ არ არის მიღებული გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე".
- „უამრავი ხალხი გამოხატავს ჩემ მიმართ აღფრთოვანებას და ინტერესს, მაგრამ ეს არ არის სიყვარული. უფრო სწორად, სიყვარულია, მაგრამ არა პირადად ჩემი. ხალხს უყვარს პრინცესას ხატება, რომელიც კონკია იყო და არ სურთ დაინახონ, რომ ყოფილი კონკია უბედურია“.
- „ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი და მინდოდა, ყველაზე ბედნიერი ცოლი, დედა და მომავალი დედოფალი ვყოფილიყავი! დამავიწყდა, ამ ჩამონათვალისთვის "საყვარელიც" დამემატებინა. რადგან ვერ იქნები ბედნიერი ცოლი, ბედნიერი დედა, თუ მეუღლისთვის საყვარელი ქალი არ ხარ."
- „როდესაც პირველად შევხვდით, მომხიბვლელმა გრეის კელიმ „გამამხნევა“: „ნუ გეშინია, ძვირფასო, უარესი წინაა“. რა ხშირად მახსენდებოდა მისი სიტყვები შემდგომ წლებში!”
- „სამეფო ოჯახის ქალები ფოლადისა და ბეტონისგან არიან ჩამოსხმულნი. არ ღელავენ, არ ავადდებიან, არ აქვთ ნერვები და მზად არიან თავიანთი მოვალეობები შეასრულონ მშობიარობიდან ნახევარი საათში ან ინფარქტის შემდეგ."
- „ბედნიერებას იძულებით ვერ მიიღებ, თავს ნუ მოიტყუებთ. იმდენი ძალა დაგჭირდებათ თმენასა და გაძლებაში, რომ ბედნიერებისთვის აღარაფერი დაგრჩებათ".
- „შემიძლია ჩემს შვილებს ვურჩიო: სანამ ვინმეს ხელს სთხოვთ, დარწმუნდით, რომ თქვენს რჩეულს ვარდისფერი სათვალე არ უკეთია და ყველაფერს დღის სინათლეზე ხედავს, თორემ ყველაზე გულწრფელმა სიყვარულმაც შეიძლება უბედურება მოგიტანოთ“
- „ბებიაჩემმა, ლედი ფერმოიმ, ერთხელ სარკასტულად თქვა: „შენი უბედურება იმაშია, რომ არ იცი, როგორ იყო ედინბურგის ჰერცოგინია. მივხვდი, ეს რას ნიშნავდა: მე არ ვიცი, როგორ დავრჩე ქმრის ჩრდილქვეშ ისე, როგორც პრინცი ფილიპი ახერხებს უჩინრად ყოფნას დედოფლის გვერდით. იშვიათი ღირსებაა, ნახევარი ნაბიჯით ჩამორჩე მეუღლეს."