პაკისტანელი იქბალ მასიჰის დაბადების წელი, თვე და დღე ზუსტად ცნობილი არ არის, რადგანაც იგი მამამ 1986 წელს, 4 წლის ასაკში, ხალიჩების ქარხნის მფლობელზე გაასხვისა. იქბალი 6 წლის განმავლობაში, ყოველდღე 12 საათი მუშაობდა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა და სხვა ბავშვების უფლებების დამცველად იქცა. დღეს სწორედ მის ამბავს მოგიყვებით:
იქბალ მასიჰი 1982 ან 1983 წელს დაიბადა ინდოეთის საზღვართან, პაკისტანის პატარა სოფელ მურიდკეში. მისი მშობლები საიფ მასიჰი და ინაიათ ბიბი ძალიან ღარიბები იყვნენ. დედა დამლაგებლად მუშაობდა, მამა კი მუშა იყო. გარდა დაბალი შემოსავლისა, მამა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული. ერთხელ საერთოდ გაუჩინარდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. იქბალი ძმებთან, დებთან და დედასთან ერთად ოროთახიან სახლში ცხოვრობდა. ცხელი ღამეების დროს კი, სივრცე იმდენად პატარა იყო, რომ ბიჭს ეზოში ეძინა.
როდესაც იქბალი ოთხი წლის გახდა, მისმა უფროსმა ძმამ დაქორწინება გადაწყვიტა. პაკისტანში ქორწინების ცერემონია საზეიმოა და ფართომასშტაბიან დღესასწაულებს მოიცავს. ქორწილის ღირებულება იქბალის ოჯახისთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა. საიფმა იცოდა, რომ ბანკი მას ფულს არ მისცემდა, ამიტომ გადაწყვიტა, 600 რუპიის (დაახლოებით 12 დოლარის) სესხი ხალიჩების ქარხნის მფლობელისგან, არშად გულასგან აეღო. მსგავსი სესხი გირავნობად ითვლებოდა და გირად იქბალი გამოიყენეს. ოჯახმა მიიღო თანხა, თუმცა პატარა ბიჭი იმ წუთიდან ქარხნის მფლობელს ეკუთვნოდა და როგორც ენდომებოდა, ისე მოექცეოდა.
ბიჭი დილის 4 საათზე იღვიძებდა და ქარხანაში მიდიოდა. კვირაში შვიდი დღე 12-16 საათი მუშაობდა და მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდა დასვენება. მუშაობაში მას თანხას არავინ უხდიდა. თავდაპირველად პატარა ბიჭი მიიყვანეს ოთახში, სადაც 20 სხვა მონა-ბავშვი იჯდა. იქბალს თავისი ადგილი აჩვენეს, კედელზე მატყლის ფერადი დიდი ბურთულები ეკიდა და ხალიჩის დიზაინის ფოტოები იყო გამოკრული. ოსტატმა აჩვენა, როგორ უნდა გაეკეთებინა კვანძები ხალიჩის შესაქმნელად და სპეციალური ხელსაწყოებიც გადასცა, რომლებიც ბასრი იყო და მუშაობის დროს ხშირად ეჭრებოდა თითები. ნებისმიერი დაგვიანება ისჯებოდა და სხვა ბავშვებთან საუბარიც აკრძალული იყო. პარასკევს ქარხანაში დასვენების დღე იყო, მაგრამ არა მონებისთვის...
"მრავალი საათის განმავლობაში ერთ პოზაში ჯდომა მიწევდა. მუშაობისას ვერ ვმოძრაობდი. ზედიზედ ბევრი დღე, დასვენების გარეშე ვმუშაობდით. ავადმყოფ ბავშვებსაც კი არ ასვენებდნენ. ყოველგვარი დაგვიანებისთვის გვცემდნენ, გვსჯიდნენ, საჭმელს არ გვაძლევდნენ. ერთმანეთსაც ვერ ვეხმარებოდით", - იხსენებს იქბალი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიჭმა გაქცევა სცადა. ორ მეგობართან ერთად ოსტატს გარეთ გაშვება სთხოვა და უთხრა, რომ საპირფარეშოში უნდოდა შესვლა. საბოლოოდ ბავშვები გამოიჭირეს და ისევ სახლში დააბრუნეს. მეორედ გაქცევის შემდეგ ბიჭმა პოლიციამდე მიაღწია და უამბო, რა სასტიკად ექცეოდა ქარხნის მფლობელი. მაგრამ მოსყიდულმა პოლიციელებმა დახმარების ნაცვლად, ბიჭი სახლში დააბრუნეს.
ექვსი წლის განმავლობაში იქბალი ძმის ქორწილის გადასახდელად აღებული ვალის გამო მონად მუშაობდა. შეთანხმების თანახმად, მამამისს ვალი პერიოდულად უნდა გადაეხადა და შვილი დაეხსნა, თუმცა თანხა კი არ შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა.
1980-იან წლებში ინდოეთში აქტივისტთა და უფლებადამცველთა დიდი ტალღა გაჩნდა, რომლებიც ბავშვების მონობას გმობდნენ და სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. 1990-იანი წლებიდან კი ეს ტალღა პაკისტანამდეც მივიდა. შეიქმნა მოძრაობა BLLF - "მონების განმათავისუფლებელი ფრონტი", რომლის შესახებაც იქბალმა 10 წლის ასაკში შეიტყო. სხვა ბავშვებთან ერთად ქარხნიდან ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთ აქტივისტს შეხვდა. კაცმა თქვა, რომ მონობა უკანონოა და ბავშვებს აუხსნა, რომ მათ გათავისუფლებას შეძლებდნენ. ისინი ორგანიზაციის მორიგ შეხვედრაზეც მიიწვია.
ამის შემდეგ იქბალის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. მან კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა და გამბედაობა და ქარხნიდან გაიქცა. როდესაც ორგანიზაციაში მივიდა, ბავშვმა დეტალურად ისაუბრა, რა არაადამიანურ პირობებში უწევდა ცხოვრება. ორგანიზაციის წევრებმა მას თავის პატრონთან წერილი გაატანეს, რომლის მიხედვითაც ქარხნის მფლობელს განუმარტეს, რომ მონობა კანონით ისჯებოდა. გულამ წერილი დახია, გაიცინა და თქვა, რომ მისთვის კანონი არაფერს ნიშნავდა. მშვიდობიანი მოლაპარაკებით რომ ვერაფერს გახდნენ, BLLF-ის წარმომადგენელი მის სახლში მივიდა, ბავშვი წამოიყვანა და ქარხნის მფლობელს დაემუქრა, რომ სასამართლოში იდავებდა. ამის შემდეგ, იქბალ მასიჰი პაკისტანის ქარხნების მფლობელებისთვის მთავარ პრობლემად გადაიქცა, რადგანაც იქ ბავშვთა შრომას მუდმივად იყენებდნენ. მალევე იქბალი ორგანიზაციამ საკუთარ თავშესაფარში გადაიყვანა.
ბიჭმა წერა-კითხვა ისწავლა და ოცნებობდა, ადვოკატი გამხდარიყო. მიუხედავად მცირე ასაკისა, ყველაფერს აკეთებდა, რომ სხვა მონა ბავშვების უფლებები დაეცვა. BLLF-ის გუნდთან ერთად, მეგობრებს ეწვია, რომლებიც არშადის ქარხანაში მუშაობდნენ. სხვადასხვა სოფელში დადიოდა აქტივისტებთან ერთად და მთელ პაკისტანში სიტყვითაც კი გამოდიოდა. ქარხნის ხელმძღვანელი ბავშვის მშობლებსა და და-ძმებს ემუქრებოდა და ითხოვდა, რომ ბიჭი მასთან სამუშაოდ დაბრუნებულიყო და გაჩუმებულიყო. თუმცა, ის არათუ გაჩუმდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რა ცუდ პირობებში იყო და რატომ უნდა დამთავრებულიყო ბავშვთა მონობა. ბიჭი მალევე ცნობილი სახე გახდა. თუმცა ცუდ ცხოვრებას თავისი კვალი დაეჩნია - ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო. 12 წლის ასაკში ის 120 სმ სიმაღლისა იყო და 27 კგ-ს იწონიდა.
ცოტა ხანში, ორგანიზაციის დამფუძნებელთან, ეჰსან ულაჰ ხანთან ერთად, იქბალი შვედეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - აშშ-ში, სადაც მას სწავლის გაგრძელება შესთავაზეს. ამ მოგზაურობაში მან Reebok Human Rights Award-ი მიიღო და ასევე "კვირის ადამიანის" ჯილდო გადაეცა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი მაუწყებლისგან.
იქბალმა ამერიკელ და ევროპელ ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ პაკისტანში ქარხნების მფლობელებისათვის ყურადღება მიექციათ და ამ პრობლემაზე ღიად ესაუბრათ. ამის შემდეგ ბიჭის ოჯახზე მუქარა კიდევ უფრო გახშირდა...
1995 წლის 16 აპრილს იქბალი მურიდკაში აღდგომის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად მივიდა. საღამოს ორ ბიძაშვილთან ერთად ველოსიპედით სასეირნოდ წავიდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნებულა - იქბალი დახვრიტეს.
მისი გარდაცვალების შესახებ დეტალები არსად გაჟღერებულა. უცნობმა პირებმა ბიჭს მანქანიდან ესროლეს, ხოლო გამოძიებას ბევრი არაფერი გაუკეთებია. პოლიციამ ამბავი შეთხზა, თითქოს ბიჭი ფერმერმა მოკლა, რომელსაც ბავშვები დასცინოდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფერმერი დააკავეს, თუმცა, როდესაც ამბავი ჩაწყნარდა, გაათავისუფლეს...
იქბალის მკვლელობის შემდეგ მონების განთავისუფლების საკითხი სულ უფრო ხშირად განიხილებოდა. ბავშვებისთვის ხელფასების გადახდაც დაიწყეს, ქარხნების მეპატრონეებმა კი დასვენების დღეებიც შეიმუშავეს. ორგანიზაციამ ფუნქციონირება კვლავ განაგრძო, 1998 წელს კი მათი ინიციატივით პაკისტანში მიიღეს კანონი, რომელიც მონობას კრძალავდა. BLLF ისევ აგრძელებს მუშაობას და პაკისტანში ადამიანების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.
იქბალმა კი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში 3000-ზე მეტი მონის გათავისუფლება შეძლო. 2000 წელს ბიჭს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.
იქბალის მკვლელობის შემდეგ აშშ-ისა და კანადის ბევრმა სკოლამ წამოიწყო კამპანია "სკოლა იქბალისთვის". მასწავლებლები და მოსწავლეები ნებაყოფლობით 12 დოლარს აგროვებდნენ, რადგანაც იქბალი 12 წლის იყო, როდესაც მოკლეს. რამდენიმე წელიწადში უზარმაზარი თანხა შეგროვდა და პაკისტანში 20-ზე მეტი სკოლა გაიხსნა.
ბიჭის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის ბავშვთა ფონდი შეიქმნა, ხოლო აშშ-ის კონგრესმა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლისთვის Iqbal Masih Prize დააწესა. იქბალის შესახებ დაწერეს წიგნები და გადაიღეს ფილმებიც. 2023 წელს იგი 40 წლის გახდებოდა...