იყო და არა იყო რა, იყო ერთი თაგუნა. სარკე ჰქონდა, უბრალო კი არა, ჯადოსნური. ვინც იმ სარკეში ჩაიხედავდა, თავისი თავი ვეებერთელა წარმოუდგებოდა იყო და არა იყო რა, იყო ერთი თაგუნა. სარკე ჰქონდა, უბრალო კი არა, ჯადოსნური. ვინც იმ სარკეში ჩაიხედავდა, თავისი თავი ვეებერთელა წარმოუდგებოდა. თაგუნა სულ იმ სარკეს ჩასცქეროდა და ეჩვენებოდა, სინამდვილეშიც დიდი და მძლავრი ვარ, ჩემხელა დედამიწის ზურგზე არავინ დადისო. აგდებით, დიდკაცურად დაუწყო ცქერა სხვა თაგვებს, თამაში კი არა, ლაპარაკი აღარ ინდომა მათთან. იჯდა კუთხეში, ამაყად თათს ისვამდა ულვაშებზე, დროდადრო პაწია ფეხს დაჰკრავდა მიწას და ყურს დაადებდა: აბა, ირყევა თუ არა დედამიწაო?
აზრადაც არ მოსდიოდა, მასზე უფრო დიდი და მძლავრი ქვეყანაზე თუ შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო.
აი, რა ამაყი ვინმე იყო პაწია თაგუნა!
ერთხელ, ბებიამ - ბებერმა, გამოცდილმა თაგვმა უთხრა:
- ფრთხილად იყავით, გენაცვალე! ქვეყანა ლაპარაკობს, რომ ძალიან გაყოყოჩდი და თავი ყველაზე ღონიერ მხეცად მიგაჩნია. გახსოვდეს, სპილოს არ მოეწონება შენი ამდენი ბაქიბუქიო.
- ეგ სპილო ვინღა გდია?! - დაიწრიპინა თაგუნამ. - რა სპილოზე ლაპარაკობ, რომელი ბრძანდება აქ სპილო? მაჩვენე ერთი, რა დღე დავაყაროთ!
თაგუნას ბებიას ჩაეღიმა და მიუგო:
- სპილო ყველაზე დიდი ცხოველია ქვეყანაზეო.
- შეუძლებელია, ვიღაც სპილო ჩემზე ღონიერი იყოსო! - შესძახა თაგუნამ და სპილოს საძებნელად გაემართა.
ტყის პირას მწვანე ხვლიკს შეხვდა.
- აქეთ მოიხედე, სპილო შენ ხომ არა ხარო? - ჰკითხა თაგუნამ.
- არა, ხვლიკი ვარ, სპილო რად გინდაო? - დაინტერესდა ხვლიკი.
- ღმერთს მადლობა შესწირე, იოლად გადარჩი, კიდევ კარგი, სპილო არ ხარ, თორემ სულ ნაკუწ-ნაკუწად დაგგლეჯდიო! - უთხრა თაგუნამ.
პაწია თაგუნას ისეთი შესახედაობა ჰქონდა, რომ ხვლიკს სიცილი აუტყდა.
თაგუნას გული მოუვიდა და თავისი ძალა რომ ეჩვენებინა, მიწას თათი დაჰკრა. სწორედ ამ დროს შემთხვევით მეხმა იგრიალა.
მწვანე ხვლიკი დაფრთხა და ქვებში გაძვრა, ეგონა, თაგუნას გამო ატყდა გრიალიო.
"აი, რა ძლიერი ვყოფილვარო!" - გაიფიქრა თაგუნამ და სუნსულით განაგრძო გზა.
ცოტა რომ გაიარა, ხოჭო შემოხვდა.
- ეი, შენ! შემთხვევით სპილო ხომ არა ხარო?
ხოჭო დაიბნა:
- არაო, - ჩაიბუტბუტა, - სპილო კი არა, ხოჭო ვარო.
- ბედი გქონია! გიხაროდეს, სპილო რომ არ ხარ, შენ რომ სპილო ყოფილიყავი, გაგაქრობდიო!
ამ სიტყვებზე ხოჭოს მხოლოდ გაეღიმა. მაშინ პაწია თაგუნამ მიწას თათი დაჰკრა, - შევაშინებ ხოჭოსო. მაგრამ ამჯერად მეხს არ უგრიალია.
თაგუნამ ერთხელ კიდევ დაჰკრა თათი მიწას - ისევ არავითარი გრიალი!
"ალბათ დედამიწა სველია და გრიალიც იმიტომ არ ატყდაო!" - გაიფიქრა თაგუნამ და გზა სირბილით განაგრძო.
ცოტა რომ გაირბინა, რაღაც უცნაური ცხოველი დაინახა - ხის ძირას იჯდა და შეწუხებული სახე ჰქონდა.
"ეს კი ნამდვილად სპილოაო! - გაიფიქრა თაგუნამ. - ეტყობა, დამინახა, მიხვდა, რა დღეც მოელის, და იმიტომაცაა ასე შეწუხებულიო!"
- ერთი მიპასუხე, სპილო ხომ არა ხარო? - ჰკითხა თაგუნამ.
თაგუნას შეკითხვაზე ცხოველმა ჩაიღიმა და მიუგო:
- სპილო არა, მაგრამ ქვეყის მბრძანებლის მეგობარი ნამდვილად ვარ - ძაღლი გახლავარო!
- ეგ ქვეყნის მბრძანებელი ვინღააო! - ჰკითხა თაგუნამ.
- ადამიანიო! - მიუგო ძაღლმა.
- უყურე ერთი! შენი ბედი, რომ ძაღლი ყოფილხარ! სპილო რომ იყო, შავ დღეს დაგაყრიდი! ერთი კი დაიმახსოვრე: ქვეყნიერების ერთადერთი მბრძანებელი მე გახლავარ და არა ვიღაც ადამიანი! გირჩევნია, შენი სიტყვა უკანვე წაიღო, სანამ გვიან არ არისო!
ძაღლმა ბაქია თაგუნას გამასხარავება გადაწყვიტა:
- დიდებულო მხეცო! - მიმართა თაგუნას, - შენ მართალი ხარ! ადამიანებიც კი შენთვის შრომობენ და შენ გემსახურებიან: იმათ პური მოჰყავთ, შენ კი ჭამო!
და ძაღლმა თავისი გზით გასწია.
იარა თაგუნამ, იარა და უცებ მთისოდენა ცხოველი დაინახა; ბოძებივით ფეხები ჰქონდა და ორი კუდი: ერთი გრძელი კუდი - წინ და ერთიც მოკლე კუდი - უკან.
- სპილო ხომ არა ხარო? - რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეჰყვირა ბღენძია თაგუნამ.
მიიხედ-მოიხედა სპილომ, მაგრამ ვერავინ დაინახა. თაგუნა მოზრდილ ქვაზე აცოცდა, სპილოც უკეთ დააკვირდა იქაურობას და მაშინღა შენიშნა.
- ჰო, სპილო ვარო! - მიუგო.
- როგორ ბედავ ჩემს შეშინებას და მასხრად აგდებასო! - შესძახა თაგუნამ და ქვას თათი დაჰკრა, მაგრამ არც ახლა გაიღო გრიალი დედამიწამ.
თაგუნას მრისხანებაზე სპილოს არც კი გაჰღიმებია, მშვიდად აივსო ხორთუმი წყლით და მეტიჩარას ზედ მიუშვა. ბაქია წამში მორეცხა წყლის სვეტმა ქვიდან. წყალიც ბლომად ყლაპა თაგუნამ და კინაღამ დაიხრჩო.
გონს რომ მოვიდა, გუბიდან ძლივძლივობით ამოფორთხდა.
არ ელოდა თაგუნა, რომ ასე სამარცხვინოდ დასრულდებოდა მისი სპილოსთან შებრძოლება და გალუმპული შინისკენ წასუნსულდა. ახლა უკვე იცოდა, რომ ქვეყანაზე ნამდვილად არსებობდა მასზე ბევრად ძლიერი მხეცი.
მას მერე თაგუნას აღარც უტრაბახია და აღარც თავის ჯადოსნურ სარკეში ჩაუხედავს.