"სკოლის ასაკის ბავშვი, ვიდრე მას გარდატეხის პერიოდი დაეწყება, წელიწადში მინიმუმ 5-6 სანტიმეტრით უნდა იზრდებოდეს" - ნინო ხელაძე ბავშვებში სიმაღლისა და წონის პრობლემებზე - მშობლები

"სკოლის ასაკის ბავშვი, ვიდრე მას გარდატეხის პერიოდი დაეწყება, წელიწადში მინიმუმ 5-6 სანტიმეტრით უნდა იზრდებოდეს" - ნინო ხელაძე ბავშვებში სიმაღლისა და წონის პრობლემებზე

2023-01-17 11:43:16+04:00

ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" სიმსუქნისა და წონის დეფიციტის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს ეს. გარდა ამისა, განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ასეთ დროს, როგორი უნდა იყოს ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობა და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება:

- ბავშვებში წონის დეფიციტი ძალიან საყურადღებოა, თუმცა აქ ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი. პირველი, იღებს თუ არა ბავშვი საკმარის, ხარისხიან საკვებს, არის თუ არა ის მდიდარი ყველა იმ ელემენტით, რაც აუცილებელია. მაგალითად: ცილით, კალციუმით, რკინით და ასე შემდეგ. ანუ, უნდა გავარკვიოთ, რაიმე კვებისმიერი დეფიციტები ხომ არ აქვს იმის გამო, რომ ცუდად იკვებება. თუ ამ შეკითხვაზე პასუხია "არა" და ბავშვი საკვებს კარგად იღებს, არც რკინა აკლია, არც კალციუმი, არც D ვიტამინი და ცილა, მაშინ შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იზრდება თუ არა იმ ტემპით, რაც მისი ასაკის ბავშვს ეკუთვნის. სკოლის ასაკის ბავშვი, ვიდრე მას გარდატეხის პერიოდი დაეწყება, წელიწადში მინიმუმ 5-6 სანტიმეტრით უნდა იზრდებოდეს. თუ მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან გამხდარია, მაგრამ საკვებს ნორმალურად იღებს, ხორცსაც მიირთმევს, რძის პროდუქტებსაც და ხილსა და ბოსტნეულსაც არ ზღუდავს, მაშინ მან ბავშვი უნდა გაზომოს და ნახოს, წლიდან წლამდე ზრდის ტემპი არის თუ არა ნორმალური. თუ ამასთან ერთად, ის ხშირად არ ავადობს, მაშინ ეს საყურადღებო და სანერვიულო საკითხი არ არის, შესაძლოა, მშობელმა ამაზე აღარ იღელვოს და კონცენტრირდეს იმაზე, რომ მისი საკვები ხარისხიანი იყოს. ფიზიკური დატვირთვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. ხშირად, როდესაც ბავშვებს უმადობა აქვთ, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ცოტა უკეთესად მიირთმევენ და წონაც კუნთოვანი მასის ხარჯზე ემატებათ, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე ცხიმოვანი მასის ნამატი.

ნინო ხელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს ჭარბი წონა, როგორი უნდა იყოს დღის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვა და ეკრანთან გატარებული საათების რაოდენობა:

- არდადეგების შემდეგ, რომელსაც ასეთი დიდი გასტრონომიული დატვირთვა ახლავს, ჭარბი წონის გამო მომართვიანობა იზრდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები ძირითადად სახლში არიან, მეტ დროს ეკრანთან ატარებენ და ფიზიკურად აქტიურები არ არიან. ამასთან ერთად, იღებენ არაჯანსაღ საკვებს, განსაკუთრებით სახამებლით ჭარბი დატვირთვაა აღსანიშნავი, რაც არდადეგებსა და დღესასწაულებს ახასიათებს ხოლმე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ვერაფრით იქნება კარგი. ამას მშობლებიც ხედავენ, განიცდიან, თუმცა შესაძლებელია, არდადეგები თუ საახალწლო სუფრა თავიდანვე სხვანაირად დავგეგმოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიმსუქნე, ქრონიკულ დაავადებებს შორის, ყველაზე გავრცელებული, ყველაზე ხშირი პედიატრიული დაავადებაა და მას ძალიან ბევრი გართულება აქვს. რა თქმა უნდა, მხოლოდ კვება არც საკმარისად დამნაშავეა ამაში და არც მხოლოდ მისი მოგვარების გზაა. ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, არა მარტო წონისთვის, არამედ კუნთოვანი მასის განვითარებისთვისაც. ხშირია, რომ ორთოპედი პირდაპირ უშვებს ხოლმე პაციენტს მომართვიანობით და ამბობენ, რომ ბავშვს არავითარი კუნთოვანი მასა არ აქვს, მისი ხერხემალი, სახსრები ცუდ მდგომარეობაშია. ეს ხდება როგორც ძალიან გამხდარ ბავშვებში, ასევე ჭარბწონიან ბავშვებშიც. შემდეგი, რა თქმა უნდა, უმოძრაობა და ეკრანზე დამოკიდებულებაა. მედიცინაში ყველაფრის სტანდარტი არსებობს, ყველაფერი გაწერილია და სწორხაზოვანი რეკომენდაციაა, რომ 2 საათი არის მაქსიმუმი, რისი უფლებაც ბავშვებს ეკრანთან გასატარებლად შეგვიძლია, მივცეთ. ამაში შედის როგორც კომპიუტერი, ასევე ტელეფონი, თუ ტელევიზორი. 2 საათზე მეტი უკვე რისკებს მოიცავს როგორც მათი თავის ტვინისათვის, ასევე ფიზიკური განვითარებისთვის. ფიზიკურ აქტივობაზეც გვაქვს ზღვარი - დღეში მინიმუმი საშუალო და ძლიერი დატვირთვის პირობებში 1 საათია. ეს ყოველდღიური დატვირთვის სასურველი რაოდენობაა. მაგრამ, ჩვენს რეალობაში გარკვეულწილად პრობლემურია, სხვადასხვა ლოჯისტიკურ საკითხთან, ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა მშობლების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, ეს რამდენად აუცილებელია. ეს არის უდიდესი ინვესტიცია მათი შვილების ჯანმრთელი მომავლისთვის, რომ აუცილებლად რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვაზე ატარონ, ორგანიზებულ სპორტში, ცეკვაზე თუ სხვა აქტივობაში ჩართონ, რაც მათ შეუძლიათ და ხელმისაწვდომია.