"ფრინველის ნაკბენის შემთხვევაშიც საჭიროა, ექიმს მიმართოთ... შეცდომით ჰგონიათ, რომ დაკბენიდან 24 საათის შემდეგ ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს" - რამდენჯერ შეიძლება ცოფზე აიცრათ და რომელი ცხოველის ნაკბენია ყველაზე საშიში - მშობლები

"ფრინველის ნაკბენის შემთხვევაშიც საჭიროა, ექიმს მიმართოთ... შეცდომით ჰგონიათ, რომ დაკბენიდან 24 საათის შემდეგ ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს" - რამდენჯერ შეიძლება ცოფზე აიცრათ და რომელი ცხოველის ნაკბენია ყველაზე საშიში

2023-01-18 12:30:32+04:00

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, სახლში შინაური ცხოველი ჰყავდეს და მასზე იზრუნოს. თუმცა, დაკაწვრის, ან დაკბენის რისკიც მატულობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. როდისაა აუცილებელი, ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში, ადამიანმა ექიმ-რაბიოლოგს მიმართოს და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, რა ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე ფრინველს ეხება, აქტუალურ თემაზე იმუნიზაციის ცენტრის ქირურგ-რაბიოლოგი ბადრი ვაზაევი გვესაუბრება:

- როდესაც ადამიანს ცხოველი დაკაწრავს, ან უკბენს, რაბიოლოგთან კონსულტაციის გავლა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. თუმცა, დასჭირდება თუ არა მას აცრა, ექიმი გადაწყვეტს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რაბიოლოგთან მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ვაქცინა უნდა გავიკეთოთ. რაბიოლოგი ჭრილობის ხარისხს შეაფასებს, გარდა ჭრილობის ზომისა, მნიშვნელობა აქვს ჭრილობის სიღრმესა და ადგილს, გასათვალისწინებელია, რომელი ცხოველი დაკაწრავს და ასე შემდეგ. ფაქტორების ერთობლიობით ხდება განსაზღვრა. ვითვალისწინებთ, ცხოველს რამდენად აქვს შეხება სხვა, უცხო ცხოველებთან, რა გარემოში ცხოვრობს, ასევე პაციენტის ასაკსაც განვსაზღვრავთ და ზოგად მდგომარეობასაც. ამას სამედიცინო ენაზე ანამნეზის შეკრება ჰქვია და ფაქტორების ერთობლიობით ექიმი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. შესაძლოა, პაციენტს 10-დღიანი დაკვირვების ვადა მივცეთ, ვუთხრათ, რომ არ სჭირდება აცრა, ტეტანუსზე ავცრათ მხოლოდ და ცოფზე არა, ან დაუყოვნებლივ გავაკეთოთ ვაქცინა - როგორც აღვნიშნე, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, მაგრამ ამისთვის ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ერთმნიშვნელოვანი ფორმულა, რა შემთხვევაში სჭირდება პაციენტს აცრა, ან - პირიქით, არ არსებობს.

- ადამიანებს ზოგჯერ ასეთი მიდგომა აქვთ - როდესაც ე.წ "სახლის" ძაღლი ან კატა, დაკაწრავთ, ფიქრობენ, რომ არ არის საშიში და ექიმს აღარ მიმართავენ. თქვენი რეკომენდაცია რა იქნება, აქვს ამას მნიშვნელობა?

- ეს არასწორი მიდგომაა. მსოფლიოში ცოფის აღწერილი შემთხვევებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში პაციენტებს საკუთარი ცხოველებისგან ზედაპირული, უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქონდათ მიყენებული, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციეს და ჩათვალეს, რომ არ იყო საშიში. როდესაც დიდი დაკბენაა, პაციენტი ისედაც მიმართავს ექიმს. ამიტომ, უმნიშვნელო დაზიანებებიც ძალიან საყურადღებოა და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს. რამდენიმე წლის წინ საქართველოში გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც თავისმა ძაღლმა უკბინა, არ მიაქცია ყურადღება და ცოფით დაავადდა.

- რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს?

- რაოდენობა განსაზღვრული არ არის - რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ უნდა ჩავატაროთ. გვყავს პაციენტები, რომლებიც რამდენიმე ათეულჯერაა აცრილი. ზოგიერთი ადამიანი შიშის გამო იკეთებს და ჩვენი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ვაქცინაცია არ სჭირდება, მაინც გადაწყვეტს, რომ აიცრას. თუმცა, თუ ადამიანს ადრე ჩატარებული აქვს აცრები, რაბიოლოგთან კონსულტაციის დროს ამ სტატუსის გათვალისწინებაც ხდება. ისე, რომ გარკვეული რაოდენობის შემდეგ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეიძლებოდეს, მსგავსი რამ არ არსებობს.

- რამდენი დღეა საჭირო, რომ ვაქცინამ მოქმედება დაიწყოს?

- როდესაც ადამიანი პირველად იკეთებს ვაქცინას, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ანტისხეულების გამომუშავებას 2 კვირა სჭირდება. თუ რაბიოლოგი ჩათვლის, რომ ინკუბაციის პერიოდი შეიძლება მოკლე იყოს და 2 კვირა ადამიანისათვის დაგვიანებული აღმოჩნდეს, ასეთ შემთხვევაში ვაქცინაციაში იმუნოგლობულინს ჩავრთავთ ხოლმე და პაციენტის ორგანიზმში პირველივე დღესაა ანტისხეულები.

- რამდენი წლიდან შეიძლება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება?

- ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თავად რამდენიმე დღის ბავშვიც მყავს აცრილი და 100 წელს გადაცილებულიც.

- ბავშვების შემთხვევაში ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე მომართვიანობის მიზეზი?

- ძალიან ხშირად ძაღლისა და კატისაგან მიყენებული დაზიანებით მოჰყავთ. ასევე, სხვა შინაური ცხოველებისაგან, მღრღნელებისგან, ზაზუნებისგან, ზღვის გოჭებისგან დაკაწვრის შემთხვევებიცაა. გარდა ამისა, კონტაქტურ ზოოპარკებშიც ხდება ხოლმე დაზიანებების მიღება, ფოტოებს რომ იღებენ მაიმუნებთან, სხვა ცხოველებთან. თბილისში წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველებისგან მიყენებული დაზიანებების შემთხვევებიც გვქონდა. როგორც აღვნიშნე, რამდენიმე დღის ბავშვიც მყავს აცრილი. მას სახის არეში ვირთხამ უკბინა. მაგრამ, უხშირესად დაზიანებებს ძაღლებისა და კატებისაგან იღებენ.

- არის განსაზღვრული, კონკრეტულად რომელი ცხოველის ნაკბენია ცოფის განვითარებისთვის უფრო საშიში, ან პირიქით?

- ცხოველის ჯიშსა და სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ძუძუმწოვარი ცხოველი პოტენციურად შესაძლებელია, დაავადებული იყოს და ცოფი გადაჰქონდეს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი შანსია, როდესაც გარეულ ცხოველებზე, მაგალითად, მგელზე, ტურაზე, მელაზე ვსაუბრობთ. ისინი შესაძლოა დაავადებულები იყვნენ და დიდი ხნის განმავლობაში გადამტანად ჩაითვალონ. როგორც წესი, მათთან კონტაქტი იშვიათია, მაგრამ სერიოზული ნაკბენებია ხოლმე და, რა თქმა უნდა, უფრო საშიშია. მაგრამ, ექიმთან დროულად მიმართვა პაციენტს მნიშვნელოვნად იცავს.

- ხშირად ამბობენ, რომ დაკბენიდან, დაკაწვრიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ ექიმს. სინამდვილეში, რა ვადაშია კონსულტაციის გავლა და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის ჩატარება აუცილებელი?

- არ არსებობს კონკრეტულად განსაზღვრული საათები. რაც ადრე მივალთ ექიმთან, მით უკეთესია. როგორც აღვნიშნე, შესაძლებელია, პაციენტი მოვიდეს და ნაკაწრი ისეთ კატეგორიად შევაფასოთ, რომ დაკვირვების ვადა მივცეთ. მაგრამ, ეს რომ შევაფასოთ, კონსულტაციის დროულად გავლა ამისთვისაა აუცილებელი. მქონია შემთხვევები, როდესაც მეზობლებმა, ახლობლებმა უთხრეს პაციენტებს, რომ 24 საათი გავიდა და აზრი აღარ ჰქონდა ექიმთან მისვლას. შესაძლოა, ადამიანს იმდენად ძლიერი ემოციური ფონი ჰქონდეს, რომ აქედან გაუჩნდეს პრობლემები და ნევროპათოლოგის დახმარება დასჭირდეს. ვიდრე პაციენტს ცოფი დაემართება, აცრას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ინკუბაციური პერიოდი გასული არ არის. თუ ადამიანს ნიშნები გამოუვლინდა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია.

- როგორი მიდგომაა ფრინველებით დაკბენის შემთხვევაში - მაგალითად, მამლის, თუთიყუშის შემთხვევაში, აქაც აუცილებელია ცოფზე აცრის გაკეთება?

- ასეთ შემთხვევაშიც აუცილებელია, რაბიოლოგს კონსულტაციისთვის მივმართოთ. ცოფის აცრას ფრინველებით დაკბენის შემთხვევაში იშვიათად ვაკეთებთ. აქ უფრო მეტად საუბარია, როდესაც ადამიანს არწივი, ბუ, გარეული ფრინველი უკბენს. თავად ფრინველს ცოფი არ გადააქვს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორს ვითვალისწინებთ. თუ თუთიყუში სახლში, გალიაში გვყავს, მის ნაკბენზე აცრის გაკეთება ნამდვილად არ არის საჭირო. ცოფის გარდა, უნდა განისაზღვროს, პაციენტს ტეტანუსის აცრა ხომ არ სჭირდება, ამიტომ ფრინველის ნაკბენის შემთხვევაშიც საჭიროა, რომ ექიმს მივმართოთ.

-სტატისტიკურად, ძაღლისა და კატის ნაკბენის შემდეგ, ყველაზე ხშირად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით რა შემთხვევაში იცრებიან?

- უფრო ხშირია მღრღნელებით, თაგვით, ვირთხით დაკბენის, დაკაწვრის შემთხვევები. თუმცა, პირველ-ორ ადგილს ძაღლი და კატა ინაწილებენ.

- თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ცოფით დაავადების შემთხვევები საქართველოში ძალიან შემცირდა. ამის მიზეზი ის არის, რომ პაციენტებმა უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს, სწორ მიდგომას იყენებენ და ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებენ. ცხოველის ნაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში, ყველაზე სწორი იმ ადგილის სუფთა წყლით, ან საპნიანი წყლით ჩამობანაა. თუ დიდი ზომის ჭრილობაა და სისხლდენაა გამოხატული, ასეთ შემთხვევაში, დოლბანდით შეხვევა მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ექიმთან მისვლა აუცილებელია, რომ მდგომარეობა შეფასდეს.

თამარ იაკობაშვილი

რამდენად საშიშია თაგვის ნაკბენი, შეუძლია თუ არა თაგვს საწოლზე აძრომა და როგორ მოვიქცეთ კბენის ან გაკაწვრის შემთხვევაში - ქირურგ-რაბიოლოგის რჩევები
პატარები, რომლებიც დედასთან ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ: ბავშვი ვირთხამ დაკბინა და ფული არ მაქვს, ცოფზე ასაცრელად ვატარო
ერთი კვირის ბავშვი ვირთხამ დაკბინა და ავცერით - რამდენჯერ შეიძლება ცოფის აცრის ჩატარება და რა შემთხვევაში არ არის ის საჭირო