ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ბავშვებში ასაკობრივ კრიზისებზე საუბრობს. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოზარდობის პერიოდში მშობლებისა და გარემოს სწორ მიდგომებს, რომ ბავშვი პასუხისმგებლიან ადამიანად ჩამოყალიბდეს:
- ძალიან სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ, მშობლები ყოველთვის იმ მიმართულებით ვმოძრაობთ, რაც ჩვენ მოგვწონს. ჩვენს საჭიროებს, ილუზიებს, წარმოდგენებს შვილებს თავზე ვახვევთ და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ზოგადად, მთელი ჩვენი ცხოვრება ილუზიების დაკარგვის პროცესია. 2 წლის ასაკში ბავშვი პირველად აღმოაჩენს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს. მართალია, საქართველოში 40 წლის ასაკშიც გვგონია, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ტრიალებს და ჩვენი უზარმაზარი ეგო გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ, ზოგადად, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ცხოვრება ილუზიების დაკარგვის პერიოდია. ფსიქიკური ჯანმრთელობა ამის უმტკივნეულოდ დაკარგვაში გვეხმარება, ანუ ცხოვრება ახალ გამოწვევებსა და მოთხოვნებს გვიყენებს და უმტკივნეულოდ, ბუფერულად გადავდივართ, ვკარგავთ ილუზიას და გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მშობლებსაც მსგავსი ილუზიები აქვთ. მშობელს ბევრი თავისი პრობლემა აქვს და მე თუ მკითხავთ, ჯერ მას უნდა დავუჭიროთ მხარი და მერე ბავშვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვმტკიცდები იმ მოსაზრებაში, რომ მშობლებს მხარდაჭერა, თერაპია, გაგება სჭირდებათ იმიტომ, რომ მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ეს კი ბავშვებზე სარკისებურად აისახება. პუბერტატის პერიოდი იმიტომაა საშიში, რომ საწინააღმდეგოდ ვმოძრაობთ. ნერვები გვეშლება, ბავშვი რომ იქამდე მორჩილი, მშვიდი იყო და უცებ რევოლუციონერი, აჯანყებული გახდა, სულ გვეწინააღმდეგება, ვერ ვიგებთ, რა სწყინს და უხარია. მაგრამ, რაც მთავარია, თავადაც ვერ იგებს, რა უნდა. მაგრამ, თუ გვეცოდინება, რომ ეს არის მისი საჭიროება, რომ უნდა გაიგოს, ვინ არის და ამაში უნდა დავეხმაროთ, მოგვარებასაც შევძლებთ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ. თავისუფლება პასუხისმგებლობაა, რომლის ტარებაც ძალიან მძიმეა. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არჩევანი თავისუფალია, მაგრამ იმ არჩევანზე პასუხს აგებს. მთელი ჩვენი საზოგადოება იმ თინეიჯერის ასაკშია, როცა რაღაცას ვირჩევთ და ქცევის შედეგებზე პასუხს არ ვაგებთ. იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ პასუხს არც საზოგადოება გვთხოვს. ჩვენს საზოგადოებაში ქცევის შედეგებზე რეაგირება ადეკვატური არ არის, ამიტომ იქ ვართ, სადაც ვართ. ხშირად კონტროლი და რეგულაცია არ გვაქვს. კონტროლი სხვა რამეა, რეგულაცია - სხვა. ორივე გვჭირდება და ეს პუბერტატის პერიოდში კი არ ყალიბდება, უკვე 2 წლის ასაკიდან იწყება. ყველგან გარემო უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ბავშვმა თვითრეგულაცია და თვითკონტროლი ისწავლოს. იმიტომ, რომ კრიზისულ პერიოდებს ადვილად გაუმკლავდეს.
თამარ გაგოშიძემ მოზრდილობის ასაკში დეპრესიისა და სტრესის ჩამოყალიბების ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება:
- ამ ასაკში ხშირად საუბრობენ დეპრესიაზე, სტრესზე. სტრესი სინამდვილეში ცუდი არ არის. ეს არის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, როცა იგებ, რომ გარემოს მოთხოვნებს ვერ უმკლავდები. შენი რესურსები უფრო მცირეა, გარემოს მოთხოვნები კი უფრო მეტი. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს სუბიექტური შეფასებაა. შეფასება, ანუ კოგნიტური მომენტი სტრესის აღქმაში მთავარია. ის, რაც თქვენთვისაა სტრესი, ჩემთვის არ არის, ან პირიქით. ბუნებაში ობიექტური სტრესი არ არსებობს. ის ყოველთვის სუბიექტურია. ამიტომაც, როცა ბავშვები თვითშეფასებაზე საუბრობენ, უნდა ვეცადოთ, ფრთხილად შევარჩიოთ სიტყვები, როცა მათ ვესაუბრებით. როცა იდენტობას ეძებენ და არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული როლი, ამ პერიოდში იმპულსების შეკავება უჭირთ. ასეთ ვითარებაში ჩვენ მომავალი მოზრდილი ცხოვრებისთვის საკუთარ თავში თვითდაჯერებულობა და თვითეფექტურობა გვჭირდება. თვითეფექტურობას უფრო ადრე ვსწავლობთ, როცა ინიციატივებს ვიჩენთ და არ გვქოლავენ, მასწავლებელი და მშობელი მხარს გვიჭერენ. პუბერტატის პერიოდშიც თვითეფექტურობა ნიშნავს, რომ არ მეშინია გამოწვევების, დამარცხების, წარუმატებლობის, დაბალი ნიშნის მიღების. თვითეფექტურობა ნიშნავს, რომ ჩემი მინუსები ვიცი და ამას მტკივნეულად აღარ ვიღებ. ეს კი გარემომ უნდა გვასწავლოს, რომელმაც ფრთხილად უნდა შეარჩიოს სიტყვები. ეს ფრაზა ხანდახან მასწავლებელსა და მშობელს ასე ესმის, რომ ბავშვს შენიშვნა არ უნდა მივცეთ. ასე არ არის. ბავშვმა სტრესთან გამკლავება უნდა ისწავლოს.