ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში "მთავარ როლში" სკოლაში ნიშნების დაწერისა და მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებების მიცემაზე საუბრობს:
- პედაგოგიკა წიგნებში არ არის. კაცმა ბევრი წიგნი რომ წაიკითხოს, შეიძლება ჰუმანური მაინც ვერ გახდეს. თუ გულში სიყვარული არ გაქვს, წიგნი კი არ შველის... თუ გულში სიყვარული არ გაქვს, ჰუმანურ პედაგოგიკას მოეშვი. კლასში შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო, დაემუქრო ბავშვებს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით. რა ცხოვრება იქნება ეს ბავშვისთვის? თუ ბავშვმა 3-იანი მიიღო, დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი ცუდია. პედაგოგიურ სიბრიყვემდე მივდივართ. მაგალითად, მივიღე 2-იანი ლექსის უცოდინრობის გამო. გავიდა ხანი, ძალიან ვეცადე და 5-იანი მივიღე. როდესაც სასწავლო წელი დამთავრდება, მასწავლებელი საგონებელში ჩავარდება, რა ნიშანი დაუწეროს ბავშვს და საშუალო გამოჰყავს. ფიქრობს, 3 დაუწეროს, თუ 4. მერე შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ის ცუდი ბავშვია და 3 ქულა დაუწეროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ცოდნა გაასაშუალა. მაგრამ, ცოდნა მართლა გასაშუალდა? ბავშვმა ერთი ლექსი არ იცოდა, მეორე ისწავლა. ერთის სწავლამ მეორეს რამე უშველა? მაშ, რაში მიიღო ნიშანი? სიბეჯითეში? მაშინ ამაში დავუწეროთ ქულა. ამიტომ, ეს ფიქციაა. ხშირად მშობლებს ბავშვის ცოდნა არ აინტერესებთ, როგორ დაწერა, როგორ უპასუხა, არამედ ქულა უფრო მეტად აინტერესებთ. ამრიგად, ჩვენი ცნობიერება ყალბი მოტივებით გაივსო.
შალვა ამონაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს საშინაო დავალება და ბევრი სამეცადინო:
- წარმოიდგინეთ, მამა გვიან მოდის სახლში, წასულია, მუშაობს... 1 საათი აქვს ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს 1 საათი იმაში უნდა დახარჯოს, რომ ბავშვს თავზე დაადგეს და უთხრას, რომ იმეცადინოს? ბავშვიც დაიჩაგრა და მამასაც ვერ გაუხარდა შვილის ნახვა. ვინ შეიტანა ეს გაუგებრობა მამა-შვილს შორის? იმ მასწავლებელმა, რომელმაც ქიმიაში დავალება მისცა, მეორემ ბიოლოგიაში და ასე შემდეგ. ბავშვი ერთია და 6 დავალება დაატყდა თავს. თითო დავალებაზე 20-30 წუთი მაინც ვიანგარიშოთ. 6 საათი სკოლაში იყოს, 3 საათი დავალებებს ამზადებდეს - 9 საათი გამოვიდა. როდისღა დაიძინოს? მამა, დედა როდის დაელაპარაკოს? ბებია როდის მოეფეროს? შეიძლება ბავშვებს საშიანაო დავალებები არ მივცეთ და ასეთი გამოცდილება გამოვიყენოთ, ვუთხრათ: "თუ დრო დაგრჩება, რამე სიურპრიზი მომიმზადე მათემატიკაში ან ისეთი კითხვა, რომ პასუხი ვერ გავცე." თუ ვინმე სიურპრიზით მოვა, მათი ეს სიურპრიზი ისეთი სიყვარულითა და აღტაცებით უნდა მივიღოთ, რომ მე-6 დაეჭვდება, იმასაც მოუნდება ჩვენი აღფრთოვანება. ის ხვალ აუცილებლად მოიტანს დავალებას. ზეგ სხვა მოიტანს და გამოდის, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის სიურპრიზები მიგვაქვს.