"ბავშვობიდან მტკიცედ მჯეროდა, რომ საკუთარ თავის გარდა, არავინ დამეხმარებოდა. ამიტომ, ვცდილობდი, ბევრი მემუშავა და კარგად ვყოფილიყავი", - ეს ჟაკლინ ბერიდო პისანოს სიტყვებია. სერბი ქალი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun მასზე დაწერდა და"მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ელეგანტური ბებიის" ტიტულს მიანიჭებდა. როდესაც ჟაკლინის ფოტოებს შევხედავთ, შესაძლოა, ვერც წარმოვიდგინოთ, რომ ის 53 წლისაა.
ქალი საკმაოდ თავდაჯერებულად ირგებს მოკლე შორტებსა და კაბებს და ეფექტურად გამოიყურება. როგორც თავად ამბობს, საერთოდ არ გეგმავდა, რომ ინტერნეტის ვარსკვლავი გამხდარიყო, თუმცა ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მისმა ვაჟმა სტეფანმა მშობლიური მხარის დატოვება გადაწყვიტა და ბელგრადში სასწავლებლად წავიდა. მანძილის სიშორის გამო, ქალმა სოციალური ქსელით გადაწყვიტა მასთან კომუნიკაცია. ახალგაზრდამ დედის პირადი ბლოგიც შექმნა, რადგან ფიქრობდა, რომ ის ულამაზესი ქალი იყო.
პირველივე წელს ჟაკლინს ბლოგზე 200 ათასი გამომწერი ჰყავდა, ორი წლის შემდეგ კი ამ რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
ბრენდული ჩანთები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოდური სამოსი და წარმოუდგენლად თანამედროვე გარეგნობა - ასე ახასიათებენ 53 წლის ქალს, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მან მთელი სიმდიდრე საკუთარი შრომითა და მონდომებით დააგროვა.
ჟაკლინი სერბეთში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლების მისაღებად იტალიაში წავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს. სტუდენტური წლები მისთვის რთული აღმოჩნდა. ქალი რეპეტიტორად და მიმტანად მუშაობდა. სწავლის პერიოდში 5 ენას დაეუფლა და დიპლომის აღების შემდეგ ფინანსისტად დასაქმდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჟაკლინი დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. ქალმა ძალიან ბევრი იშრომა და საკუთარი სატენდერო კომპანია შექმნა, რომელიც ძალიან მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, მოულოდნელად ქმარი გარდაეცვალა. ტრაგედია ქალის ცხოვრებაში ამით არ დასრულებულა. ორი შვილიშვილის დაბადების შემდეგ, მისი ერთადერთი ვაჟი, სტეფანი გარდაიცვალა - ბიჭს მანქანა დაეჯახა...
ამის შემდეგ, ჟაკლინმა გადაწყვიტა, ბლოგი, რომელიც მისმა ვაჟმა შექმნა, საერთოდ გაეუქმებინა და ყოველგვარი სოციალური ქსელის გარეშე ეცხოვრა. თუმცა, მისმა ქალიშვილმა ამის უფლება არ მისცა. ქალის თითოეულ ფოტოს ახლა სოციალურ ქსელში თან ახლავს ჰეშთეგი: "სტეფანის ხსოვნას".
დროთა განმავლობაში ჟაკლინს ორმა შვილიშვილმა მოტივაცია მისცა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნა. 2020 წელს კი მეორედ დაქორწინდა. ახლა მის გვერდზე უამრავი ფოტოა, სადაც შვილიშვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთადაა.
ხშირად ინტერესდებიან, რაშია 53 წლის ქალის ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო. თავად ჟაკლინი არ უარყოფს, რომ დროდადრო ბოტოქსსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებას მიმართავს, თუმცა მეტწილად ეს შედეგი მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.
"ვერასოდეს მიაღწევთ სრულყოფილ ფიგურას, თუ ალკოჰოლს დალევთ, მავნე, უსარგებლო საკვებს მიირთმევთ და სპორტდარბაზების არსებობას დაივიწყებთ. ეს კანონი კარიერული წარმატებისთვისაც მუშაობს. მულტიმილიონერი ვერასოდეს გახდებით, თუ კვირაში სამუშაოს მხოლოდ 40 საათს დაუთმობთ. ექსტრემალური შედეგი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს", - ამბობს ის.
ჟაკლინი რეგულარულად ვარჯიშობს და სწორად იკვებება. შაბათ-კვირას კი გამაჯანსაღებელ მასაჟზე წასვლა უყვარს.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაიწყოს ჩემი დღე ერთი ფინჯანი ესპრესოს ან კაპუჩინოს გარეშე", - ამბობს ჟაკლინი. მისივე თქმით, დილით არასოდეს იყენებს სოციალურ ქსელებს და ტელეფონი არც სპორტდარბაზში მიაქვს.
ის ყველას მოუწოდებს, რომ მოწევა შეწყვიტონ და ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად მოიშორონ. ასევე, ქალი რეგულარულად იყენებს მზისგან დამცავ კრემებს. მკვებავ კრემს კი არგანისა და ქოქოსის ზეთს უმატებს.
ჟაკლინმა ბევრ განსაცდელს გაუძლო, წარმატებული კარიერის შექმნა შეძლო და უამრავი ქალისთვის მოტივაციად გადაიქცა.