მე და ჩემი მეუღლე ერთი რეგიონიდან ვართ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და სკოლიდან მოდის ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ოჯახის შექმნის შემდეგ ქალაქში დავრჩით საცხოვრებლად.
მეუღლის ოჯახის წევრებს კარგად ვიცნობდი და გაუცხოვების მომენტი არ მქონია. ჩემს მეუღლეს უფროსი და ჰყავს. გათხოვილია და წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობს.
როცა პირველი შვილი შეგვძინა, ჩემი დედამთილიც სოფლიდან ჩვენთან ჩამოვიდა საცხოვრებლად.
თავისებური ქალია, უყვარს, როცა ყველაფრის წინამძღოლი და ხელმძღვანელია. ბავშვსაც ძველი მეთოდებით ზრდის, პროფესიით პედაგოგია და გამოყოლილი აქვს ძველი ჩვევები, მეც არ ვეწინააღმდეგები, ძირითად დროს მარტო ატარებენ სახლში და არც მინდა ვაწყნენინო, იყოს ისე, როგორც გაეხარდება.
არასდროს ხელი არ შემიშლია და მისი ნების წინააღმდეგ არ წავსულვარ, შეიძლება ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები.
ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ და არ შემიძლია დაძაბული ურთიერთობები, შინაგანად მანგრევს, ამიტომ ძალიან ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს.
საღმოობით, როცა ერთად ვიკრიბებით, ტრადიციად გვაქვს ჩემს მულთან დარეკვა. ყოველ საღამოს ვეკონტაქტებით სოციალური ქსელით, ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ.
ცოტა ხნის წინ ტელეფონი გამიფუჭდა, ჩემი მარჯვენა ხელია, ფაქტობრივად უუნარო ვარ მის გარეშე, სასწრაფოდ იმავე დღეს მივიტანე გასაკეთებლად და რადგან იმ საღამოს ჩემი ტელეფონით ვერ ვისარგებლე ჩემი დედამთილის მობილურით დავურეკეთ მულს.
ჩვეულებრივად ვისაუბრეთ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ტელეფონი ენერგიის დამატებას საჭიროებდა, ამიტომ წავიღე დამტენზე შესაერთებლად, როგორც კი დენის წყაროს შევუერთე, ცხადია, ეკრანი განათდა და ჩემს მულთან გახსნილი ჩათი აინთო.
ძალიან მრცხვენია, რომ ეს გავაკეთე, მაგრამ რაღაც წინათგრძნობამ მიბიძგა და მათ მიმოწერებს ავყევი... ჰოი საოცრებავ, თვალებს არ დავუჯერე, მთელი განხილვა იყო ჩვენს შესახებ:
„ამ ბავშვს დედა სჭირდება, ბებია კი არა. მოგდებული ჰყავს მთელი დღე, განა რას იღებს ამის ფასს, კაპიკებზე მუშაობს და იმასაც სალონებში ხარჯავს, რეზი (ჩემი მეუღლე) რომ არა, რით უნდა ირჩინონ თავი, მე არაფერი მინდა ამათი...“
...ძალიან ცელქია, თავი ამხადა, როდის მოვლენ ერთი სული მაქვს გადავაბარო“...
„... არავინ აძლევს შენიშვნას ჩემს გარდა, გატუტუცებული ჰყავთ..“
„ცოტაც გაუძელი დედა, ჩამოვალ და ჩემთან წაგიყვან“-პასუხობდა ჩემი მული.
ნეტა რა აქვს გასაძლები?! არ ვაჭმევთ არ ვასმევთ, არ ვაცმევთ?! ან სამადლოდ როდის გავუხადეთ საქმე?!
ერთადერთი შვილიშვილი ჰყავს, განა რა უნდა დაუშავოს დღის განმავლობაში 3 წლის ბავშვმა, რომ თავი ამაძროო, ამაზე მეორე შვილთან იწუწუნო. ბაღში არ წამაყვანინა, სახლში ვარ და მე მეყოლებაო და ახლა ამბობს რომ „მივუგდე“ ?!
ოჯახში უფროსი თვითონ არის, მის გარეშე არაფერს ვწყვეტთ. ერთი წუთით არასდროს გამივლია გულში, რომ მას ასეთი ფარული დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს მიმართ. არასდროს მიგრძვნია მისგან მსგავსი რამ, ძალიან გულნატკენი და ნაწყენი ვარ. არავისთან სიტყვა არ დამიძრავს ამის შესახებ გულში ჩავიკალი, მაგრამ ვერ ვერევი ჩემს თავს, შემეცვალა დამოკიდებულებაც და წარმოდგენაც მასზე.
სულ ვცდილობ თავი მოვარიდო, როცა მიცინის, მისი სიტყვები მიტრიალებს თავში.
მულზეც ამიცრუვდა გული, არც მისი პოზიციაა გამართლებული ჩემთვის. უცხო ხომ არ ვარ, ამდენი ხანია მიცნობს, რამეს ვუშავებ დედამისს, რომ ჩემგან „დასახსნელი“ გაუხდა? იქნებ მართლა არ ვაკეთებ რამეს სწორად, მაგრამ მოდი და მითხარი, ოჯახის წევრი არ ხარ?!
სამომავლოდ ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენთან ახლოს ბინის შეძენას აპირებს. დანაზოგს ჩემს მეუღლეს უგზავნის, რომ შეგროვებაში დაეხმაროს. ამაზეც იყო საუბარი, შენც გააკონტროლეო, მარტო მაგათ ხელში ნუ დატოვებ თანხასო.
ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, რომ ეს ყველაფერი დავმალე და არ ვთქვი.
ისიც არ ვიცი, როგორ მოვიქცე, კონფლიქტურ სიტუაციებს ძალიან ვერიდები.
რაც არ უნდა იყოს, ჩემი ქმრის დედა და დაა, ამას ვერავინ შეცვლის, მაგრამ რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, ვერაფრით ამიხსნია.
ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ.
მარიამი, 37 წლის