მცირეწლოვანი ბავშვის სახლში მარტო დატოვება, სკოლის თვეობით გაცდენა, ჩაკეტილ მანქანაში ბავშვის დატოვება, ექიმთან დროულად არმიყვანა ან ქალაქგარეთ გასვლა და ბავშვების მარტო დატოვება - ეს და სხვა მსგავსი სიტუაციები არის თუ არა მშობლის დანაშაული და პასუხს აგებენ თუ არა მშობლები ამაზე?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გაბროშვილი ჩვენთან ინტერვიუსას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე აკეთებს განმარტებას, აღნიშნავს, რა შემთხვევაში შეიძლება უჩივლო მშობლებს ან ადამიანებს დედობის, მამობის უფლება ჩამოერთვათ, ვის უნდა მივმართოთ, თუ ვფიქრობთ, რომ ბავშვს სათანადოდ არ უვლიან, შეუძლია თუ არა ბავშვს, თავად უჩივლოს მშობლებს და რა ბერკეტები არსებობს ამ ყველაფრისთვის:
- საქართველოს კანონმდებლობა მშობელს არასულწლოვანი შვილის მიმართ არაერთ ვალდებულებას აკისრებს. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან: აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. მშობელი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, აქტიურად უნდა იყოს ჩართული არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში და სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს.
ამდენად, არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მშობლებს ენიჭებათ, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო სახელმწიფოს მხოლოდ ზედამხედველის ფუნქცია აკისრია და ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვის ინტერესებსა და უფლებებს საფრთხე ექმნება.
ბავშვის უფლებათა კონვენციით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევის წინაპირობებს, რომლის თანახმადაც, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით. ამავე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან არის ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევას განიხილავს, როგორც უკანასკნელ ზომას, რომლისთვისაც საჭიროა სახეზე იყოს კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული წინაპირობები.
მშობლის უფლების ჩამორთმევა გულისხმობს შვილის მიმართ ნათესაობაზე დამყარებული ყველა უფლების დაკარგვას, ხოლო შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.
- ჩამორთმევისგან განსხვავებით, მშობლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და შეიძლება განხორცილდეს მაშინ, როდესაც მშობელი არასათანადოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. მსგავსად ჩამორთმევისა, მშობლის უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
გავრცელებულ შემთხვევაა მშობლის უფლების შეზღუდვა მეორე მშობლის ინციატივით. უმეტეს შემთხვევაში, ეს ხდება მაშინ, როდესაც მშობლები ბავშვის აღზრდის საკითხებში ვერ ახერხებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ კონსენსუსამდე მისვლას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ მშობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მშობლის ერთ-ერთი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს მაგალითად, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, ასევე პასპორტის გაცემაზე თანხმობის გაცემის ნაწილში და სხვა.
მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაწევაზე თანხმობას აცხადებს მშობელი და არა არასრულწლოვანი, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებშ, მაგალითად სკოლაში არასრულწლოვნის სხვა სკოლაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მშობელი იღებს, ან მის სკოლიდან გამოყვანაზე. შეზღუდვა გულისხმობს ამ უფლებების შეზღუდვას, რომ ვეღარ იქნება მშობელი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი და ვეღარ მიიღებს ამ სფეროებში არასრუწლოვანზე გადაწყვეტილებას. ამდენად, მშობელს შეიძლება შეეზღუდოს მაგალითად მხოლოდ პასპორტის გაცემაზე თანხმობის ნაწილში წარმომადგენლობის უფლება, სხვა სფეროებში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი თანხობა არ იქნება საჭირო პასპორტის გაცემისთვის და ამის გაკეთება შეეძლება მეორე მშობელს, ამ მშობლის თანხმობის გარეშე, მაშინ, როდესაც კანონმდებლობა პასპორტის გაცემაზე ორივე მშობლის თანხმობას ითხოვს.
როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება.
- უფლების ჩამორთმევა ადამიანის უფლებებში მნიშვნელოვან ჩარევას წარმოადგენს, ამდენად, აღნიშნულის განსახორციელებლად არასაკმარისია მშობლის მიერ ვალდებულების ცალკეული და ხანმოკლე დარღვევები. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს, როდესაც არ არსებობს საკითხის გადაწყვეტის შედარებით მსუბუქი ალტერნატივა და სხვაგვარად შეუძლებელია არასრულწლოვნის უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
კანონმდებლობა ამომწურავად არ ითვალისწინებს უფლების ჩამორთმევის კონკრეტულ საფუძვლებს, არამედ, მოცემულია ზოგადი დათქმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ყოველი კონკრეტულ შემთხვევა შეფასდეს.
- მშობლის ზრუნვის მოვალეობაში, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანის განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაც შედის. იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი არასრულწლოვანს განათლების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს, შეიძლება მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის დაკისრების საფუძველი გახდეს კერძოდ, მაშინ, როდესაც მშობელი არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობას არ ასრულებს. დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ეს ასევე შეიძლება გახდეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში (მშობელი ვეღარ მიიღებს ამ სფეროებში არასრუწლოვანზე გადაწყვეტილებას).
- ამ შემთხვევაშიც რიგი საკითხების შეფასების შემდგომ, როგორიცაა არასრულწლოვნის ასაკი, დატოვების ხანგრძლივობა და ა.შ., დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მშობლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შესაბამისი ზომა. მხოლოდ ვალდებულების ცალკეული და ხანმოკლე დარღვევები, ვერ გახდება მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი.
- ეს შემთხვევაც საკითხის ინდივიდუალურად შესწავლას მოითხოვს. დამოკიდებულია არასრულწლოვნის ასაკზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე. მაშინ, როდესაც არასრულწლოვნის ასაკი, მისი უნარები და შესაძლებლობები იძლევა მისი სახლში უსაფრთხოდ დატოვებს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ეს ვერ გახდება მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი.
- მსგავსად წინა შემთხვევისა, აქაც გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის ასაკი, მისი შესაძლებლობები და საჭიროებები. კანონმდებლობა კონკრეტულად ამ შემთხვევას არ განსაზღვრავს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძვლად. მსგავსი საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს დარღვევის სიმძიმეზე და შეაფასოს, რამდენად აქვს მშობლის მხრიდან მოვალეობების სისტემატიურად თავის არიდებას ადგილი და აღწევს თუ არა დარღვევა სიმძიმის ისეთ დონეს, რომ გამოყენებული იქნას მშობლის უფლების ჩამორთმევა, როგორც უკიდურესი ზომა.
- ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაც მშობლის ზრუნვის მოვალეობას წარმოადგენს, შესაბამისად არასრულწლოვნისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობაც დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლოა შეფასდეს მშობლის მხრიდან მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობად. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევა უკიდურეს ზომად განიხილება, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა სხვა ზომა საფრთხის აღსაკვეთად, მაგალითად, მშობლის უფლების შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში (ვეღარ მიიღებს ამ სფეროში არასრუწლოვანზე გადაწყვეტილებას).
- არასრულწლოვნის დათრობა ან მშობლის მიერ დათრობის არ აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რომელიც დამრღვევი პირის 300 ლარით დაჯარიმებას იწვევს.
- საქართველოს კანონმდებლობით, 12 წლამდე ბავშვის მოტოციკლით გადაყვანა აკრძალულია და ამ წესის დარღვევა პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძველია.
- არასრულწლოვანს აქვს მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სასამართლოს.
ამასთანავე, კანონმდებლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავალდებულებს, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. თავის მხრივ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.
ამდენად, არასრულწლოვნის უფლებების და ინტერესების დარღვევისას ნებისმიერი პირს აქვს უფლება, რომ მიმართოს შესაბამის ორგანოებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოც და სასამართლოც არასრულწლოვანთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას მისი საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობენ. სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა დასაშვებია, თუ მშობლები თავიანთ უფლებამოსილებებს არ იყენებენ ბავშვის ინტერესების შესაბამისად. მათ შეიძლება ეს უფლება შეეზღუდოთ, შეუჩერდეთ ან ჩამოერთვათ. მშობლის უფლების ჩამორთმევა ან შეზღუდვა შეიძლება მოხდეს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიმართ.
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ბავშვის ორივე მშობელს ჩამოართმევს ან შეუზღუდავს მშობლის უფლება, მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არასრულწლოვნისთვის მეურვის ან მზრუნველის დაწესების მოთხოვნით. მეურვე კი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი, არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.
თამარ იაკობაშვილი