ძილის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად შვედი მეცნიერების კვლევის საგანგაშო შედეგებს გთავაზობთ. სამეცნიერო ჟურნალში Journal of Neurology Neurosurgery & Psychiatry გამოქვეყნდა კაროლინის ინსიტუტის შვედი მეცნიერების კვლევის შედეგი, რომ მოზარდობის ასაკში გამოუძინებლობა, არასაკმარისი ძილი მომავალში გაფანტული სკლეროზით დაავადების რისკს 40%-ით ზრდის. გაფაბტული სკლეროზის პროვოცირება შეუძლია გენეტიკურ და ცვლად ფაქტორებს, მათ შორის, მოწევას, სხეულის მასის ინდექსს, ეპშტეინ-ბარის ვირუსს, მზეზე გადამეტებულ ყოფნას და ორგანიზმში D ვიტამინის ოდენობას.
ამ დაავადებაზე ძილის დეფიციტის ზეგავლენა რომ გამოეკვლიათ, ავტორებმა 16-დან 70 წლამდე ასაკის ხუთი ათასამდე ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. გამოკვლეულთაგან 2075-ს უკვე ჰქონდა გაფანტული სკლეზორი, 3164-ს - არა. მონაწილეებს სთხოვეს, გაევლოთ გამოკითხვები სხვადასხვა ასაკში ძილის რეჟიმზე, მათ შორის, ძილის ხანგრძლივობაზე სამუშაო პერიოდში ან სკოლის დროს, ასევე უქმეებზე. ხანმოკლედ მიიჩნეოდა ძილი, რომელიც გრძელდებოდა დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლებს, საკმარისად - 7-9 საათი, ხანგრძლივად კი - 10 და მეტი.
მოხალისეებმა ასევე შეაფასეს ძილის ხარისხი სხვადასხვა ასაკში.
შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალო ასაკი, როდესაც დაისვა გაფანტული სკლეროზი, 34 წელი იყო. მოზარდობის ასაკში ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს პირდაპირი კავშირი ჰქონდა მომავალში დაავადების გამოვლინებასთან. 7 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი 40%-ით ზრდიდა გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს, ხოლო უხარისხო ძილი (არასრულფასოვანი ძილი, უძილობა, კოშმარები...) - 50%-ით.
სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ორი რამ - უძილობა ხშირად თავად არის რაიმე დაავადების შედეგი. გარდა ამისა, მოზარდობის ასაკში გამოუძინებლობას ხშირად იწვევს არა ცუდი რეჟიმი, არამედ ფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.