სერიალ "უენსდეის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჯენა ორტეგა სუპერვარსკვლავი გახდა. გოგონები მის მოძრაობებს, მის ჩაცმულობას ბაძავენ და მის შესახებ ყველაფერი აინტერესებთ. თავად ამბობს, რომ ამხელა პოპულარობას ნამდვილად არ ელოდა.
გოგონა 2002 წლის 27 სექტემბერს არის დაბადებული კალიფორნიაში. მამა მექსიკელი ჰყავს, დედას კი მექსიკური და პუერტორიკოული წარმომავლობა აქვს. ექვსშვილიან ოჯახში ჯენა მეოთხე გახლდათ.
მსახიობობა 6 წლიდან დაიწყო. რვა წლისა, დედისა და აგენტების დახმარებით, უკვე გასაუბრებებზე დადიოდა და მალე პირველ სერიალშიც ჰქონდა დებიუტი, რომელსაც "რობი" ერქვა. სერიალს რამდენიმე ფილმიც მოჰყვა, მათ შორის "რკინის კაცი 3" და "ასტრალი: მეორე თავი".
პირველი დიდი წარმატება მოუტანა რომანტიკულმა სერიალმა "ქალწული ჯეინი" და ასევე დისნეის სერიალმა "ჰარლის ცხოვრება". მერე კიდევ იყო რამდენიმე წარმატებული როლი, 2022 წლის 23 ნოემბერს კი ეკრანებზე გამოვიდა "უენსდეი" - ცნობილი სერიალის "ადამსების ოჯახის" ახალი ვერსია, რომელშიც ჯენას უენსდეი ადამსის როლი ერგო და ამ როლისთვის უკვე "ოქროს გლობუსის" ნომინაციაც კი დაიმსახურა.
ჯენა საზოგადოებრივად აქტიური გოგონაა და ჯერ კიდევ 13 წლის ასაკიდან იბრძვის ქსენოფობიის წინააღმდეგ. 2016 წელს ფანებთან შეხვედრა მოაწყო, რომ სიმსივნით დაავადებულ გოგონას ფინანსურად დახმარებოდა.
ასევე იცავს მიგრანტების უფლებებს და გამოდის დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში.
ხშირად ეკითხებიან პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი მისთვის არ არის აქტუალური.