პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხშირად თან ნერვიულობა და შფოთვა ახლავს. აბიტურიენტებს, რომლებიც ამ გამოწვევის წინაშე დგანან, ზოგჯერ ძალიან უჭირთ არჩევანის გაკეთება, ვერ ხვდებიან, რომელი მიმართულება უფრო მეტად მოსწონთ და გამოუვათ. ამავდროულად, მშობლები, სკოლა, გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, ხშირად ცდილობენ, საკუთარი მოთხოვნები, პრესტიჟული საქმის ძიების სურვილები თავს მოახვიონ და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც თავად სურთ. ზოგჯერ კი სტუდენტები სწავლის პროცესში თავად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს სულაც არ არის ის საქმე, რაზეც ოცნებობდნენ. ეთერ ბუნტური ექიმი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი, პროფესიული და კარიერული კონსულტანტი, პროფესიული ორიენტაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელია და ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ჩვენთან ვრცელ ინტერვიუში განმარტავს, რატომ აკეთებენ ახალგაზრდები არასწორ არჩევანს და რა გავლენა შეიძლება ამან სამომავლოდ მოახდინოს:
- თანამედროვე სამყარო ძალიან ცვალებადია და შესაძლოა, ჩვენი ინტერესები სხვადასხვა ასაკში მნიშვნელოვნად შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას სოციალური გამოწვევები, მიღებული გამოცდილებები და საკითხების ახლებურად აღქმის პროცესი ახდენს. როდესაც პროფესიის არჩევის გადაწყვეტილების წინაშე ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევანი გაკეთდეს გაცნობიერებულად და დამოუკიდებელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც სხვადასხვა გავლენით მიიღებს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ძალიან ბევრ პრობლემას წააწყდება: უჭირს პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ იყო მისი, უჭირს საჭირო ძალისხმევის ჩადება განვითარებისთვის, რჩება იმედგაცრუებული და დემოტივირებული.
ბავშვობიდან „დიდების სამყაროში“ შესაბიჯებელ მიჯნაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება აბიტურიენტებს უწევთ. პროფესიული არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, რას დაუკავშირებს მომავალ ცხოვრებას, რა საქმიანობაა მისთვის სასიამოვნო, საინტერესო და მატერიალური სარგებელის მომტანი. ვსაქმდებით იმიტომ, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ და პარალელურად, გარდა მორალური კომპენსირებისა, მატერიალური სარგებელიც გვქონდეს. ამიტომაც, უნდა შევარჩიოთ ის გზა, რომელიც ჩვენს ოცნებებს ფრთას შეასხამს და სასურველ მიზნამდე მიგვიყვანს.
აბიტურიენტები, რომლებიც ისედაც ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირდებიან, ამავე დროს, მეტ-ნაკლები წარმატებით უწევთ გამკლავება ზეწოლასთან მაკრო და მიკროსოციუმის კუთხით.
შესაძლოა, მშობელი, მასწავლებელი მუდმივად ცდილობდეს არჩევანის შეცვლას, მოუწოდებდეს ბავშვს, რომ რაღაც გაცილებით უკეთესად გამოუვა, ის საქმე, რასაც თავად, დამოუკიდებლად ირჩევს, არ არის მისთვის შესაფერისი, არ არის პრესტიჟული და ასე შემდეგ, რაც აბიტურიენტზე ნეგატიურად მოქმედებს და ძალიან აბნევს. ცალკე აღსანიშნავია ფაქტები, როდესაც მშობლები საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებას შვილებს უზიარებენ და ამტკიცებენ, რომ რაკი მათ არ გამოუვიდათ, ვერც მათი შვილები შეძლებენ ამ საქმეში წარმატების მიღწევას და ეს მიმართულება არ გამოადგებათ. ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია და წარმატება თუ წარუმატებლობა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მშობელი საკუთარი ნეგატიური გამოცდილების შვილებზე განზოგადებით მოზარდს ვერ დაეხმარება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს.
პირიქითაც ხდება - ზოგჯერ მშობლები საკუთარი ვერშესრულებულ ოცნებების ახდენას შვილების მეშვეობით ცდილობენ. მაგალითად, ვიღაცას სურდა, რომ მედიცინის მიმართულებით ესწავლა და ემუშავა. თუმცა, ვერ მოახერხა ეს და ახლა კი ცდილობს, მისმა შვილმა უგულვებელყოს საკუთარი ინტერესები და მხოლოდ მშობლის მოლოდინების გასამართლებლად იცხოვროს და დაგეგმოს მომავალი. ამიტომ, ეს რთული პერიოდია და ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური სიმწიფე სჭირდება ადამიანს, რომ ჩამოთვლილ ფაქტორებს გაუძლოს და საკუთარი მიზნისთვის იბრძოლოს.
პროფესიული არჩევანი გაცნობიერებულად უნდა გაკეთდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიცნობთ საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს და სწორად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, გვაქვს მოძიებული ინფორმაცია იმ სფეროზე, რაზეც გვინდა, რომ შევაჩეროთ არჩევანი, ვაცნობიერებთ რა მოთხოვნებს გვიყენებს კონკრეტული პროფესია. უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენი რეალიზების პერსპექტივებს კონკრეტულ პროფესიაში. არსებობს პროფესიები, რომლებიც, შესაძლოა, სამომავლოდ საერთოდაც აღარ იყოს მოთხოვნადი და საინტერესო. ჩვენ კი გვჭირდება საქმე, რომლითაც სოციუმისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. სწორედა მას მოაქვს კმაყოფილების განცდა!
- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დინამიურ და ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ახალი პროფესია იქმნება და პოპულარული ხდება, ძალიან ბევრი ქრება კიდეც. ნებისმიერმა ადამიანმა პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. მაგრამ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ მშობელი, მასწავლებელი გვერდზე გადგნენ, ჩათვალონ, რომ ეს საკითხი მათ საერთოდ არ ეხებათ და ბავშვს რჩევები აღარ გაუზიარონ.
ჩვენ, მშობლებმა შვილების თვალსაწიერის გაფართოებას აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათ საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ეს შეიძლება იყოს ინტერნეტის საშუალებით, გამოცდილების გაზიარებით, დარგის სპეციალისტების აზრის მოსმენით, საინტერესო საქმიანობაში მცირე პრაქტიკული გამოცდილების მიღებით და ასე შემდეგ.
ინტერნეტში უამრავი მასალა არსებობს, სადაც გამოცდილი ადამიანები კონკრეტული სპეციალობების, მოთხოვნებისა და საჭირო უნარების შესახებ საუბრობენ და დაინტერესებულ აუდიტორიას მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ. ერთია, ჩვენ რა გვინდა კონკრეტული პროფესიისგან და მეორეა, თავად ეს საქმე რას ითხოვს ჩვენგან, რა ტიპის ცოდნა და პიროვნული უნარები გვჭირდება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მაგალითად, შესაძლოა ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ინტროვერტია და ეს მისი ხასიათის თვისებაა, გაყიდვების სფეროში, ფსიქოლოგიაში, მედიცინაში, იმ საქმეში, სადაც აქტიური კომუნიკაციაა საჭირო, ძალიან გაუჭირდეს წარმატების მიღწევა. ასეთ შემთხვევებში, როდესაც მშობელი საკუთარ შვილს კარგად იცნობს, მისი უნარები და შესაძლებლობები იცის, უნდა დაეხმაროს, რომ მან ზუსტად გაიაზროს, რა ტიპის საქმესთან მოუწევს შეჭიდება.
ასევე, დღეს IT მიმართულებები ძალიან პოპულარულია და ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ ეს შემოსავლიანი და პრესტიჟული საქმეა. მაგრამ, თუ აბიტურიენტმა არ იცის, კონკრეტული პროფესია მისგან რას მოითხოვს, რა ძალისხმევა უნდა ჩადოს, რომ მოთხოვნადი და შემოსავლიანი კადრი გახდეს, ფაქტის წინაშე რომ დადგება, შესაძლოა მიხვდეს, რომ აბსოლუტურად არ აქვს მზაობა და სურვილი, ამ მიმართულებით განაგრძოს სწავლა. ასევე,
აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა გაითავისოს, მაღალი შემოსავალი აქვს არა იმას, ვინც პრესტიჟულ და ზოგადად შემოსავლიან პროფესიას ირჩევს, არამედ იმას, ვინც საქმეს ზედმიწევნით კარგად და პროფესიონალურად აკეთებს. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი არჩევანს IT მიმართულებაზე აკეთებს, კონკურენციაც მეტია. წარმატებულია ის, ვინც უფრო მეტად კომპეტენტურია, ყოველდღიურად ვითარდება ამ დარგში და თუ აღმოვაჩენთ, რომ კონკრეტული საქმე არ გვაინტერესებს, ვერც განვვითარდებით. ამიტომ, მშობელი, მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ სწორედ ეს აჩვენოს ბავშვს, ამ მიმართულებით დააფიქროს და სწორად შეაფასებინოს მოლოდინები. თუ ვერ დავარწმუნებთ, რომ ეს მისთვის არც ისე ხელსაყრელი საქმე იქნება, ვფიქრობ, მის არჩევანს პატივი აუცილებლად უნდა ვცეთ. დროული გაცნობიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს ძალიან ბევრი გზა არსებობს, რომ არჩევანი შევცვალოთ.
- უკვე 2 წელზე მეტია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მათ შორის, აბიტურიენტებთანაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მეტად მოთხოვნადი IT მიმართულებები და ბიზნესია. ასევე, მედიცინა აქტუალურობას ინარჩუნებს.
- სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა უმეტესად ასახელებენ ხოლმე, რომ მშობელმა არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, შეიძლება ბევრი სხვა მიზეზი არსებობდეს. მაგალითად, ძალიან ხშირად არასწორ მოლოდინებს ქმნიან, ამბობენ, რომ თუ ბავშვი პრესტიჟულ და მაღალშემოსავლიან საქმეს აირჩევს, ის აუცილებლად წარმატებული იქნება. თუმცა, როგორც ვთქვი, შემოსავალი და წარმატება აქვს იმას, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია და არა იმას, ვინც კონკრეტულ პროფესიას უბრალოდ ირჩევს. ქართულ რეალობაში მიკროსოციუმი, მშობლები, ოჯახი, როგორც წესი, ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ხოლმე და ხშირად აბიტურიენტს, ფაქტობრივად, თავად ურჩევენ პროფესიას. თუმცა, ყოველთვის ვერიდებით, რომ არჩევანის საკითხი ნეგატიურ ჭრილში განვიხილოთ, ამას მხოლოდ გაცნობიერება და გაანალიზება სჭირდება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, არასოდესაა გვიან, შეიცვალო პროფესია, მიმართულება და არჩევანი. თუმცა, იმისათვის, რომ 17-18 წლის ახალგაზრდამ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, თვალსაწიერის გაფართოებაზე მშობელმა მცირე ასაკიდანვე უნდა იზრუნოს, რადგანაც სამომავლოდ, როდესაც ადამიანები აღმოაჩენენ, რომ კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო უნარები არ აქვთ, იმედგაცრუებია იპყრობთ და ამან შესაძლოა, თავდაჯერებულობის დაკარგვა და საკუთარი შესაძლებლობების სრული უგულებელყოფა გამოიწვიოს.
ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტებში მობილობა 60-70%-ს შეადგენს. საბედნიეროდ, თანამედროვე განათლების სისტემა მოწყობილია ისე, რომ სტუდენტს, რომელიც მიმართულებას რადიკალურად არ იცვლის, სასწავლო წელის და მატერიალური რესურსის დანაკარგის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
- ვიდრე აქამდე მოვიდოდი, თავადაც ძალიან დიდი და შორი გზა გავიარე. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ექიმობა მინდოდა. 90-იან წლებში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. თუმცა სოციალურმა გამოწვევებმა და იმ ფაქტმა, რომ თავადაც და ოჯახსაც შემოსავალი სჭირდებოდა და თან მატერიალური პრობლემებიც იყო, მაიძულა, რომ სხვა მიმართულებით წავსულიყავი. მაშინ რეზიდენტურაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, რაც საკმაოდ დიდ თანხასთან და დროსთან იყო დაკავშირებული. ამ პირობის გარეშე ვერ დავსაქმდებოდი, თუმცა ჩემს შემთხვევაში, საჭირო იყო, რომ სამსახური და შემოსავალი მქონოდა. ამიტომ, სულ სხვა მიმართულებით წავედი. გაყიდვები, ფარმაცევტული მარკეტინგი, ბიზნესის მართვა შევისწავლე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემიაში მოვხვდი, სადაც სწავლა უკვე ფსიქოთერაპიის მიმართულებით გავაგრძელე და დავუბრუნდი სამედიცინო აქტივობას, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით. ამიტომ, როდესაც ჩემს მეგობართან და პარტნიორთან ერთად ცენტრის დაარსების შესახებ ვიღებდი გადაწყვეტილებას, საკუთარი მაგალითი მქონდა. შესაძლებელია, ადამიანმა საკუთარ ოცნებაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში უარიც კი თქვას, მაგრამ როდესაც ეს გაცნობიერებულია, როდესაც ვიცით, რომ ეს ეტაპი ზუსტად იმისთვის გვჭირდება, რომ უფრო მეტად მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს, იმედგაცრუება აღარ დგება და არც დიდი ტკივილია.
მე და ჩემმა მეგობარმა პროფესიული ორიენტაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად დავაარსეთ და მივხვდით, რომ საჭირო იყო, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მეორე მხრივ, ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს დაეხმარებოდა, რომ ობიექტური, სარწმუნო და ვალიდური მონაცემი მიეღოთ, რათა პროფესიული არჩევანი გაადვილებოდათ.
ჩვენ შემოვიტანეთ ქართველი აუდიტორიისთვის ადაპტირებული და ყველა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ინსტრუმენტი, რომელიც ონლაინ ტესტირებას გულისხმობს და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გააკეთოს ადამიანმა. ტესტი, რომელიც შინაარსითა და სტრუქტურით უნიკალურია, სამ მიმართულებას მოიკვლევს, რომელიც საჭიროა, ვიცოდეთ, მაშინ, როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე ვდგებით. პირველი - იკვლევს ჩვენს ინტერესებს. ცხადია, რომ თუ ადამიანს კონკრეტული საქმე არ აინტერესებს და არ უყვარს, ყოველდღიურად ვერ გააკეთებს და ვერც წარმატებას მიაღწევს. თუმცა, არის ხოლმე ისეც, რომ ბევრი ინტერესი გვაქვს და დამატებითი მოკვლევა გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, ამ ინტერესებს შორის რომელზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელს მივყვეთ. მეორე, ბლოკი, რასაც ტესტის მეშვეობით ვიკვლევთ - ჩვენი რესურსები და შესაძლებლობებია, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია. ერთია, რომ, მოგვწონდეს და გვაინტერესებდეს კონკრეტული საქმიანობა და მეორეა მქონდეს სათანადო ცოდნა, გამოცდილება, პროფესიული უნარები, ამ საქმიანობის პროფესიონალურად შესასრულებლად. უნდა ვიცოდეთ საკუთარი ძლიერი მხარეები და თვალი გავუსწოროთ ე.წ. სისუსტეებს, უნარებს, რისი განვითარებაც გვჭირდება.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკია, ჩვენი პიროვნული მახასიათებლები. ჩვენი ინდივიდუალური ხასიათობრივი ნიშნების ცოდნა გვეხმარება, გავაცნობიეროთ, როგორ გარემოში, რომელ ობიექტებთან თუ სუბიექტებთან კონტაქტში ვიგრძნობთ თავს კომფორტულად. ტესტი ამაშიც ეხმარება ადამიანებს. სწორედ აღნიშნული სამი მიმართულებით მოკვლეულ კომპლექსურ ინდივიდუალურ მონაცემებს ვაჯამებთ და კონსულტირების ფარგლებში ვესაუბრებით ჩვენს ბენეფიციარებს შესაფერის პროფესიულ არჩევანსა და პერსპექტივაზე.
- ასეთ შემთხვევაში მთავარია, მშობლის მხარდამჭერი და წამაახალისებელი პოზიცია; ის უნდა დაეხმაროს აბიტურიენტს გაცნობიერებაში, რომ არცერთი არჩევანი არ არის ვერდიქტი. შეცვლა ყოველთვის შეიძლება. მსგავსი მიდგომა სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს. რა თქმა უნდა, გაცნობიერებისათვის აუცილებელია, რომ მოზარდმა საკუთარი თავი მოიკვლიოს და იპოვოს პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ:
ხშირად სასარგებლოა, ბავშვობაში გადანაცვლება, გახსენება, რისი გაკეთება გვსიამოვნებდა, მარტო უფრო გვიყვარდა თამაში, თუ გვჭირდებოდა ინტერაქტივი? როგორი როლი იყო ჩვენთვის კომფორტული, ლიდერობა თუ გუნდური მოთამაშეობა და ასე შემდეგ. როდესაც მშობელი კარგად იცნობს შვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ეხმარება, გვერდიდან დაანახოს საკუთარი თავი, ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გაუფართოვოს თვალსაწიერი და ხელი შეუწყოს არჩევანის მრავალფეროვნებასაც. სხვა შემთხვევაში, სასურველია მივმართოთ დარგის პროფესიონალებს და მივიღოთ კომპეტენტური რჩევები ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაცნობიერებულად და სწორად გასაკეთებლად. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული თვითგამორკვევა ადამიანის თვითგამორკვევის უმაღლესი საფეხურია და განსაზღვრავს ჩვენს მორალურ კმაყოფილებას, ღირსეულ ანაზღაურებასა და ბედნიერ მომავალს.
თამარ იაკობაშვილი