ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ცოტა ხნის წინ დედა გახდა. ჟურნალ Grazia-ს უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ქეთის გულწრფელ ჩანაწერი პირად ცხოვრებასა და დედობაზე.
როგორც ქეთი მელუა ამბობს, განქორწინების შემდეგ 36 წლის მომღერალი განიცდიდა, რომ აღარასოდეს ექნებოდა ოჯახი, რომელზეც სულ ოცნებობდა.
"საკუთარი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ძლიერი იყო. მეშინოდა, გავართმევდი თუ არა თავს ყველაფერს. დედაჩემისგან ისეთი საოცარი მაგალითი მქონდა, პაწაწინა ადამიანის აღზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ძალიან მაშინებდა.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მაქვს სამუშაო და კარიერა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. 19 წლიდან ვიწერ სიმღერებს და ძალიან მიყვარს ეს საქმე, უდიდეს მუსიკოსებთან მიმუშავია და ძალიან ადრეული ასაკიდან მივეჩვიე ამ ყველაფერს, სცენას.გასაკვირი არ არის, რომ მთელი ჩემი არსებით ჩავეფალი საქმეში და ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჩავდე ამაში. როგორც იცით, ჩემი ოჯახი საქართველოდან იყო ემიგრირებული. ჩვენ ბედნიერად მივიჩნევდით თავს, რომ დასავლეთში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში დავტოვეთ ქვეყანა. თუმცა ყოველთვის გვქონდა მცირე გულისწყვეტა და სინანული, პასუხისმგებლობა, რომ წამოვედით და გვინდოდა მაქსიმუმი გაგვეკეთებინა ბრიტანეთში წარმატების მისაღწევად, მე, როგორც მომღერალს და დედას, როგორც დედას.
გარდატეხის ასაკში ძალიან მაშინებდა აზრი, რომ მოულოდნელად არ დავფეხმძიმებულიყავი. წლები გადიოდა და პირველი ქორწინების დროს უკვე იმაზე ვღელავდი, რა იქნება, რომ ეს არასდროს მოხდეს? ჩემს ახლო ნათესავებს ჰქონდათ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემები...
შემდეგ ოჯახი დაინგრა და 36 წლის ასაკში, ახალგანქორწინებული, ჯერ კიდევ მუსიკაზე გიჟივით შეყვარებული დავრჩი პერსპექტივით, არასოდეს მყოლოდა საოცნებო ოჯახი... ამ დროს გადავწყვიტე კვერცხუჯრედის გაყინვა, რათა ფერტილობის წნეხს არ ეკარნახა ჩემთვის ცხოვრების წესები...
რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი. პანდემიამ ბევრი რამ დააჩქარა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და როცა სამი თვის შემდეგ მეორე კარანტინის შესახებ გამოაცხადეს, გვქონდა ორი ვარიანტი - ერთად გვეცხოვრა ან არალეგალურად შევხვედროდით ერთმანეთს. შესაბამისად ერთადერთი ვარიანტი დარჩა.
კვერცხუჯრედის გაყინვამ, ზეწოლა მომიხსნა. ახლა შემეძლო, თავისუფლად გამეტარებინა დრო, გამეცნო კარგად ეს ადამიანი და თუ არ იქნებოდა ეს სწორი არჩევანი, ყოველთვის შეიძლებოდა დონორის პოვნა... ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე ვკითხე, მზად იყო თუ არა. გვეცადა ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა. სამთვიანი ფიქრის შემდეგ, ერთ საღამოს მითხრა, რომ მზად იყო ოჯახი შეგვექმნა...
მაშინ უკვე 37 წლის ვიყავი. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ოთხი თვის განმავლობაში "ტრადიციული" მეთოდით გვეცადა და თუ არ გამოვიდოდა, მერე გვეფიქრა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდზე. საბედნიეროდ, ჩემი პარტნიორი ყოველთვის ძალიან ლაღად და იუმორით უდგებოდა ამ საკითხს.
ორი თვის შემდეგ, ორსულობის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და ფეხმძიმობა სულ უფრო ცხადი და შესამჩნევი გახდა. რა თქმა უნდა, ღელვა არ მტოვებდა მთელი ორსულობა - შევძლებდი, ვყოფილიყავი კარგი დედა, გამეკეთებინა ყველა ის საქმე, რაც დედას ევალება? სულ უფრო შეუძლებელი და გადაულახავი მეჩვენებოდა ეს ყველაფერი...
როცა პირველად გავისეირნეთ ჰაერზე სამივემ ერთად, როგორც ოჯახმა, საოცარი ბედნიერება ვიგრძენი, თითქოს სხვა ფერებში დავინახე ყველაფერი, მეტად შევნიშნე და შევიგრძენი სამყაროს სილამაზე, ფერები, წვრილმანები.
სანდრო თითქმის ცხრა კვირისაა და ახლა ამას რომ ვწერ, მას თავის ოთახში სძინავს. რა თქმა უნდა, ახლაც მეშინია იმ პასუხისმგებლობის, რასაც დედობა ჰქვია. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედას დავუჯერე. მან მითხრა, რომ დედობა უდიდესი მოვლენა იქნებოდა, რომელიც ოდესმე შეიძლება მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ის მართალი იყო. ძალიან ვიღლები, მაგრამ ეს არაფერია იმ უნაზეს სიყვარულთან შედარებით, რომლითაც ვივსები, როცა მას ვეხუტები. ეს გაცილებით ღრმაა, ვიდრე ლირიკის, ლექსისა და მელოდიის მაგია".