მენსტრუალური ციკლის დაწყება გოგონებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგანაც მათ ზოგჯერ წინასწარ არ აქვთ ინფორმაცია, მშობელი არ ესაუბრება და ვერც სკოლიდან იღებენ საჭირო ცოდნას ამ თემაზე. ამიტომაც, პროცესი განსაკუთრებულ შფოთვასთან და სტრესთანაა დაკავშირებული. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მშობელმა და შვილმა ამ დროს უნდა გაითვალისწინონ. სპეციალისტები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, მოზარდებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყებისა და არსებული რისკების, თავდაცვის საშუალებებისა და დაავადებების შესახებ იცოდნენ, რომ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. აქტუალურ თემაზე ექიმი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომას" რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ჭელიძე გვესაუბრება:
- პირველ მენსტრუაციას მენარქე ეწოდება და როგორც წესი, ის 8-დან 12 წლის ასაკამდე მოდის. პირველი მენსტრუაციისათვის გოგონა აუცილებლად მზად უნდა იყოს, ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომ არ შეეშინდეს და ამან დამატებითი შფოთვა და ნერვიულობა არ გამოიწვიოს. ამიტომაც, მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესაუბროს, უთხრას, რა მოლოდინი ჰქონდეს, როგორ მართოს ეს პროცესი, რა გაითვალისწინოს ჰიგიენური თვალსაზრისით და ასე შემდეგ. თუ გოგონას 15-16 წლის ასაკამდე მენსტრუალური ციკლი არ ექნება, ეს მდგომარეობა ყურადსაღებია და მშობელმა სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოს და შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ.
გოგონებს პირველი მენსტრუაცია ანუ მენარქე, ძირითადად, 11-14 წლის ასაკში აღენიშნებათ.
15-16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრუაციას დაგვიანებული მენსტრუაცია ეწოდება და არც დაგვიანება და არც ნაადრევად დაწყება ჯანმრთელობისათვის კარგი არ არის, ვინაიდან გარკვეულ რისკებს ქმნის და სწორედ ამიტომ, პროცესში ექიმის დროულ ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მენსტრუალური ციკლი გამონადენის პირველი დღიდან მომდევნო თვის გამონადენის პირველ დღემდე პერიოდს ეწოდება. ამ დღეების რაოდენობა ჩამოყალიბებული ციკლის დროს ერთი და იგივე უნდა იყოს. ნორმად 21-დან 35 დღემდე შუალედი ითვლება. გამონადენის დღეები კი ნორმის ფარგლებში 3-დან 7-დღემდეა. როდესაც სისხლიანი გამონადენი 3 დღეზე ნაკლები და 7 დღეზე მეტი ხნის პერიოდშია, დარღვევად ითვლება და ამ შემთხვევაშიც, ყურადღებაა საჭირო. გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, რომ სიტუაცია სწორად შეფასდეს. არსებობს მტკივნეული მენსტრუაციაც, რომელსაც შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი იწვევდეს, მაგალითად: ენდოკრინული სისტემის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევა, ფსიქოემოციური ფაქტორები და ასე შემდეგ. ასევე, შეიძლება სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ენდომეტრიოზი, მიომა და სხვა.
შეიძლება ქალს მენსტრუაციული ციკლი შეუწყდეს და ამას ამენორეა ეწოდება. ამენორეაც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული და გასათვალისწინებელია როგორც ენდოკრინული, ასევე ფსიქოემოციური საკითხები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები თავიდანვე კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და დარღვევის შემთხვევაში, სპეციალისტს მიმართონ. ასევე, საჭიროა, გოგონას მენსტრუაციის დროს ჰიგიენის საკითხებზე მივაწოდოთ ინფორმაცია და თავის სწორად მოვლა ვასწავლოთ. შეიძლება საფენი, ტამპონი, მენსტრუალური ჭიქა გამოიყენოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მან უნდა იცოდეს, რომ საფენი ხშირად გამოიცვალოს. გამონადენის სიჭარბეს გააჩნია, თუმცა აუცილებელია, რომ საფენიც, ტამპონიც და მენსტრუალური ჭიქაც 3-4 საათში ერთხელ გამოიცვალოს. დაგვიანებამ, ტამპონის შემთხვევაში, შესაძლებელია, შოკური მდგომარეობა გამოიწვიოს. აუცილებლად უნდა მივუთითოთ ისიც, რომ საფენების ჩაყრა უნიტაზში არ შეიძლება, რადგან ამას სისტემის გაჭედვა მოჰყვება და პრობლემები შეიქმნება.
- მშობელმა გოგონას, ვიდრე მენსტრუალური ციკლის დაწყების ასაკი მოუვა, წინასწარ აუცილებლად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მას სისხლიანი გამონადენი ექნება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და საშიში არაფერია. შესაძლოა, საკითხის ასახსნელად ვიდეორგოლები გამოიყენოს. იუთუბზე საგანმანათლებლო, სპეციალური ვიდეორგოლები თუ სხვა ტიპის საჭირო მასალა იძებნება. ეს აუცილებელია, რომ ბავშვს შფოთვა არ გაუჩნდეს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მოზარდებმა საკითხის შესახებ არაფერი იციან და ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებიან, იბნევიან, ნერვიულობენ და ვერ იგებენ, რა ხდება. ამიტომ, ჩვენს შვილებს რომ ეს სტრესი თავიდან ავაცილოთ, აუცილებლად უნდა ვესაუბროთ და ინფორმაცია წინასწარ მივაწოდოთ. ასევე, მინდა გოგონებს, ქალებს ვურჩიო, რომ მენსტრუალური ციკლის მეთვალყურეობის კუთხით სპეციალური აპლიკაცია გამოიყენონ. მათ შორის, ერთ-ერთია ,,ჩემი კალენდარი“, რომელიც შეუძლიათ, ჩამოტვირთონ და ტელეფონში დააინსტალირონ. "ჩემი კალენდარი" ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული უფასო აპლიკაციაა და როგორც უკვე აღვნიშნე, ის ქალებს საშუალებას აძლევს, რომ მენსტრუალურ ციკლსა და ვადებს დააკვირდნენ. ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ბევრ ინფორმაციას შეიცავს და კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციასაც გაეცნობიან. ეს აპლიკაცია არის როგორც ანდროიდისათვის, ისე აიფონისათვის და ჩამოტვრითვა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:
Google Play - bit.ly/2dBZKCZ
App Store - apple.co/2eofrh8
- როდესაც მეორადი სასქესო ნიშნები გამოხატულია და გოგონას შესაბამისი ასაკი აქვს, საფენი ყოველთვის გავატანოთ სკოლაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს. ასევე, მნიშვნელოვანია, გოგონებს ვუთხრათ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს მხოლოდ სუფთა, თბილი წყლით დაბანა აუცილებელია, რომ მიკრობების გამრავლებისათვის ხელსაყრელი სივრცე არ შეიქმნას. გარდა ამისა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე ციკლი არეული იყოს, მაგრამ დინამიკა უნდა იყოს ისეთი, რომ რეგულარულობისაკენ მიდიოდეს. თუ ციკლი საბოლოოდ რეგულარულად არ ჩამოყალიბდა ამ შემთხვევაშიც მშობლებს ყურადღება მართებთ და სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია.
- მოზარდობის ასაკში ადამიანი ემოციურად მზად არ არის, რომ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, მოზარდებს იმ რისკების შესახებ უნდა ვესაუბროთ, რაც სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთანაა დაკავშირებული, რათა კარგად გაითვალისწინონ ეს რისკები და შესაბამისად, იმ დროს დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება, როდესაც გაცნობიერებული გადაწყვეტილებისათვის და პასუხისმგებლობის აღების კუთხითაც მზად იქნებიან. შეიძლება, არასასურველი ორსულობის პრობლემა დადგეს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გავრცელდეს, რაც შემდგომში ადამიანებს სერიოზული რისკების წინაშე დააყენებს. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და ემოციური მზადყოფნა. მოზარდმა ეს ნაბიჯი სხვისი ემოციური ზეწოლით ან მიბაძვით არ უნდა გადადგას. არ არსებობს კონკრეტული ასაკი, რომლის დროსაც, შესაძლოა, ადამიანმა სქესობრივი ცხოვრება დაიწყოს. არსებობს პიროვნების პირადი მზაობა და სურვილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ადამიანმა ეს გარემოცვის მიბაძვით ან ვინმეს ზეწოლით არ უნდა გააკეთოს, რადგან შესაძლოა, ნეგატიურმა გამოცდილებამ იმდენად დიდი ემოციური დაღი დაასვას, რომ მომავალში ნორმალური ურთიერთობების აგება საერთოდ გაუჭირდეს. ამიტომ, სასურველია, რომ ყველა ასპექტი კარგად შეისწავლოს, ემოციურადაც ჩამოყალიბდეს, განსაზღვროს, რა მოლოდინები აქვს, გაიცნოს პარტნიორი, შეძლოს მასთან საუბარი და შემდეგ გადადგას ეს ნაბიჯი. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობრივი ურთიერთობა, იქნება ეს თანხმობით თუ მის გარეშე, ძალადობად ითვლება და დასჯადია.
- შეიძლება გადაედოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა პაპილომა ვირუსი, აივ ინფექცია, შიდსი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, ფარულადაც კი განვითარდეს, ნიშნები გამოხატული არ იყოს და შემდგომში ქრონიკული სახით იჩინოს თავი ისე, რომ ადამიანს შვილოსნობის პრობლემა შეექმნას.
- აუცილებელია, რომ ჩვენს შვილებს პასუხისმგებლობა გავუღვიძოთ და თავდაცვის საშუალებებზე ვესაუბროთ. თუმცა, სქესობრივი ურთიერთობების დებიუტის გადადება იმ დროისათვის, როდესაც ადამიანი ყველანაირად მზად იქნება და შესაბამისი ცოდნაც ექნება, აუცილებელია და ეს მშობელმაც უნდა უთხრას შვილს.
- ზოგადად, ჰორმონალური კონტრაცეფცია სასურველია, რომ ექიმთან შეთანხმებითა და სწორი რეკომენდაციით შეარჩიონ. არ არის მიზანშეწონილი, რომ მსგავს საშუალებებს თვითნებურად მიმართონ იმიტომ, რომ ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები, გარკვეული დაავადებების არსებობა გასათვალისწინებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შექმნას. აქტის შემდგომი კონტრაცეპტივები ჰორმონალური კონტრაცეფციის სახეა, რომლის ხშირად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც მათში ჰორმონები გაზრდილი რაოდენობითაა. კონტრაცეპტივების გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან არ გვიცავს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები აქვთ, მიზანშეწონილია კონდომის გამოყენებით თავდაცვა.
- პაპილომა ვირუსისაგან თავდასაცავად ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში კეთდება. ვაქცინას ხანგრძლივი კვლევის გამოცდილება აქვს, ბევრ ქვეყანაში დანერგილია და უსაფრთხოება შემოწმებულია. აცრა ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბოს შემდეგ, ქალის სასქესო ორგანოების კიბოებში გავრცელებით მეორე ადგილზეა და ადამიანებს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. მოეხსენებათ, რამხელა უპირატესობაა და შვებაა, როდესაც არსებობს კიბოს წარმოქმნისა და გავრცელებისაგან თავდასაცავი ვაქცინა. სხვა კიბოების შემთხვევაში, ასეთი საშუალება არ არსებობს. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი 26 წლამდე გაიზარდა, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ბევრ ქალს, რომელიც არ იყო აცრილი, აძლევს საშუალებას, ვაქცინაცია ჩაიტაროს. აცრა მიზანშეწონილია ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ქალი სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან, ქალების 70% ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებით, პაპილომა ვირუსით ინფიცირდება.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კედელში ისეთ ცვლილებას იწვევს, რომელიც შემდგომში სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს. თუმცა, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. მსოფლიოში ვაქცინის გვერდითი ეფექტები და გართულებები არსად დაფიქსირებულა, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვაქცინად ითვლება. 14 წლამდე გოგონების შემთხვევაში, ვაქცინაცია ორჯერადად ტარდება. 14 წლის შემდეგ კი 3-ჯერ აცრაა აუცილებელი. გოგონა რაც უფრო ადრე იწყებს ვაქცინის გამოყენებას, მით უფრო მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.
ვაქცინის მისამართით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება და ამაზე რუსული ნარატივი კარგად მოქმედებს, თუმცა, შვედეთში, ფინეთში ხომ ძალიან მოგვწონს ჯანდაცვის სისტემა და ხომ ვთვლით, რომ ეს სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნავენ? იქ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ და სტატისტიკა ისაა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი ქალები აღარ იღუპებიან. როდესაც საუბარი შვილის უსაფრთხოებაზეა, მშობელმა ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბევრ რამეს ჩვენს შვილებს ვერ ვაჩუქებთ, მაგრამ თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველვყოთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი განათლების საკითხს უკავშირდება. ცოდნა და განათლება გარკვეულ ეტაპზე ქცევების საფუძველს ქმნის და ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ამიტომ, ჩვენი გადასაწყვეტია, ვენდობით იმ სახელმწიფოების გამოცდილებას, სადაც საკუთარ მოქალაქეებზე განსაკუთრებით ზრუნავენ, თუ რუსულ დეზინფორმაციას გავიზიარებთ.
თამარ იაკობაშვილი