ბევრისთვის ეს დიაგნოზი ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის, დეპრესიის მიზეზად იქცევა ხოლმე... - სამი შვილის დედის გულახდილი წერილი დედებს
***სიცოცხლის ხაზი***
მინდა გიამბოთ,სიცოცხლეზე, ჩემს სიცოცხლეზე.... ბევრი არც არაფერია მოსაყოლი, მაგრამ მაინც...
დედობა - მადლი, ნიჭი, წყალობა, ბედნიერებაა... დედობა არ იწყება არც ჩვილის ტირილიდან, არც სამშობიარო სახლის გაცრეცილი კედლებიდან და არც ჩაზნექილი წელიდან... ის იწყება ბევრად უფრო ადრე. ორსულობის დასადგენ ტესტზე დადებითი პასუხის, მეორე ხაზის გამოჩენისას, სიცოცხლის ხაზის დამჩნევისას... იმ მომენტიდან ცნობიერად და ქვეცნობიერად ემზადები დედობისთვის... მთელი არსით და არსებით უკვე დედა ხარ! არა აქვს მნიშვნელობა, რიგით მერამდენე ორსულობაა, დედობა ყოველ ჯერზე ახალი განცდა და ტვირთია, ტკბილი ტვირთი.
არის მომენტები, განსაცდელები, რომლის დროსაც მეტად აცნობიერებ სიცოცხლის მთავარ არსს. მესამე სიცოცხლის მოლოდინი, მესამედ დაძლეული ბნელი და მოსალოდნელი ნათელი...
უმძიმესი და ურთულესი მშობიარობა და ამქვეყნად მოვლენილი არსება, ჩემი გიორგი, მოვლენილი სიცოცხლის სრული უფლებით, ჯანსაღი და სრულფასოვანი სიცოცხლის უფლებით...
ყველაფერი კი არა და, ბევრი რამ არ ხდება ისე, როგორც მოველოდებით ხოლმე, როგორც წარმოგვიდგენია... მძიმე მშობიარობის შემდგომი გართულებები თითქოსდა ავიცილეთ თავიდან, მაგრამ...
მე-5-მე-6 თვიდან ჩემი პატარის არაადეკვატური უნარები და არასრულფასოვანი მოძრაობები შესამჩნევი გახდა. ნევროლოგის კონსულტაცია, ნისლით მოცული სავარაუდო დიაგნოზი, ეიფორია, შინაგანი პროტესტი... შემდეგ შეგუება და მიზანდასახული და ოპტიმისტური ყოველდღიურობა. ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ქვედა კიდურების პარეზით - ეს დიაგნოზი დაუდგინდა ჩემს გიორგის...
გამიმართლა და თავიდანვე სწორი მიმართულებით და სწორი გზით წავედით, უბნის ნევროლოგის რჩევით მკურნალობა და რეაბილიტაცია დავწყეთ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრში, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ვსარგებლობთ დღემდე... იქ პროფესიონალთა მთელი გუნდი მოღვაწეობს, რომელთა უშუალობა და უდიდესი ყურადღება მადლიერებას იმსახურებს. მათი დაუღალავი შრომით და მონდომებით დღეს ჩემი პატარა თითქმის სრულფასოვნად დადის და მეტყველებს.
გიორგი ოთხი წლისაა, ამ პერიოდში ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ-თქო, რომ გითხრათ, ალბათ არ ვიქნები მართალი. იყო სირთულეები, მაგრამ გავართვით თავი, არც საზოგადოებისგან მიგრძნია რაიმე განსაკუთრებული, ნეგატიური ან არაჯანსაღი განწყობა.
ერთი კია, ამგვარი პრობლემით მყოფ ბავშვებს და ზოგადად ოჯახებს მეტი და მეტი ყურადღება უნდათ ,სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგანაც, არსებობენ ამ დაავადების უნძიმესი ფორმით დაავადებული პატარები, რომელთა დედები ხშირ შემთხვევაში მარტოხელები არიან და მარტოდ უმკლავდებიან ამ სიძნელეებს. ისინი გმირები არიან... ვისურვებდი, ასეთი ოჯახების მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინათ თუნდაც ადილობრივ თვითმმართველობებს.
...ჩვენ კი ვაგრძელებთ ბეჯითად და მივდივართ უკეთესი და ლამაზი მომავლისკენ. ნაბიჯები და სიარულის მანერა თანდათან ემსგავსება ჯანსაღი ბავშვის ნაბიჯებს და ეს ძალიან მახარებს. მისი პატარა ნაფეხურები ჩემთვის მთელი მატიანეა, მატიანე იმ რთული გზის, რაც ერთად გავიარეთ "სიცოცხლის ხაზიდან" დღემდე,მ ის ლამაზ ნაკვალევამდე...
სიყვარული, სითბო, მონდომება, არდანებება და იმედიანად ყოფნა - ასე ნამდვილად მიაღწევთ მიზანს. ჩვენი შვილები ხომ ჩვენი ლამპრები არიან და სულის კუნჭულებს გვიმზიანებენ, სიცოცხლე და სუნთქვა მოაქვთ ჩვენთვის. მათ ვარსკვლავებივით თვალებში კი ოცნებების ცა ირეკლება, ჩაიხედეთ და იოცნებეთ მათთან ერთად, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
ყველა პატარას ვუსურვებ, ლაღი და უშფოთველი ბავშვობა ჰქონდეს, ჯანმრთელნი და ლამაზები იყვნენ, დედებს კი დათმენას და ძლიერებას ვუსურვებ... სიყვარულით გევლოთ... "სიცოცხლის ხაზიდან" უსასრულობამდე...
მანანა ზურაშვილი
ასევე იხილეთ: მე დედა ვარ, დანარჩენი წვრილმანებია - როგორია "განსხვავებული" ბავშვის დედობა