ჩვენი ქვეყნისთვის მოზარდების ადრეულ ასაკში ქორწინება ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მათ სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების რისკის ქვეშ აყენებს და მათ სამომავლო განვითარებასა და წარმატებას ხელს უშლის. აღნიშნულ საკითხზე უკვე მრავალი წელია, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა“ მუშაობს, არსებულ სიტუაციას აფასებს და მშობლებსა და მოზარდებს რჩევებს უზიარებს. "თანადგომას" ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რამდენად დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ადრეულ ასაკში ქორწინება, სქესობრივი ცხოვრების დაწყება და ორსულობა:
- ადრეულ ასაკში ქორწინება შესაძლოა, მოზარდისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდეს. ეს, რა თქმა უნდა, მის მომავალ ცხოვრებაზე, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესსა და განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, მოზარდობის ასაკი 9-10 წლიდან იწყება და 19-20 წლამდე გრძელდება. ადამიანის სასიცოცხლო ციკლში გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია, რომელიც მიმდინარეობს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ემოციური ცვლილებების ფონზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წინა პოზიციაზე საკუთარი თავის „მე-ს“ იდენტიფიცირება, პიროვნების განსაზღვრა გადმოდის. მოზარდი ამ ასაკში თავისი როლისა და ადგილის ძიებაშია. აქედან გამომდინარე, ქორწინებისა და ოჯახის შექმნისთვის არც ერთი მოზარდი ამ პერიოდში ემოციურად მზად არ არის. საკუთარი თავის მისაღებადაც კი არ არის მზად, არათუ მეუღლის, მეორე პიროვნების, რომელზეც უნდა იზრუნოს და მასთან ერთად პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრება და ურთიერთობა აშენოს.
ადრეულ ასაკში ქორწინების სხვადასხვა გამოწვევაზე, როგორებიცაა, განათლება, ძალადობა, ჯანმრთელობა თუ სხვა, ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პერიოდიდან დავიწყოთ განათლება, ვიდრე ბავშვს სქესობრივი მომწიფების ასაკი დაეწყება. ავუხსნათ მათ, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა რა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ფაქტის წინაშე რომ დავდგებით, მერე ამაზე საუბარი დაგვიანებული იქნება. 15-16 წლის მოზარდი სქესობრივად მომწიფებულია, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად და სოციალურად ის ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებისთვის მზად არ არის.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმში სერიოზული ჰორმონური ძვრები მიმდინარეობს. სასქესო ჰორმონები ჭარბად გამომუშავდება და სწორედ ამ ასაკში ვნება, ლტოლვა, ინტერესი ჩნდება. ზუსტად ამ პერიოდისათვის მოზარდი უკვე, ცოდნითა და ინფორმაციით უნდა იყოს აღჭურვილი, რომ ოჯახის შექმნისა და ნაადრევად სქესობრივი ურთიერთობის დაწყების ნაბიჯი არ გადადგას.
როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც მოზარდი 15-16 წლისაა და მაშინ ვეუბნებით, რომ არ ღირს ამ ასაკში ოჯახის შექმნა, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი საუბარი შეიძლება ისეთი ეფექტური აღარ იყოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე, მოზარდობის ასაკამდე მშობლები ესაუბრებოდნენ, სკოლაში მასწავლებლები აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რამხელა ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყება, რა რისკის ქვეშ შეიძლება დადგნენ, როდესაც ამ ასაკში ბავშვს გააჩენენ, როგორ იმოქმედებს ეს მათ განათლებაზე, სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.
გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებს ხშირად სახლიდან გაქცევა სურთ, ეწინააღმდეგებიან რა მშობლების მოთხოვნებს, ისინი ფიქრობენ, რომ ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნია გარემო, სადაც ცხოვრობენ, ან კიდევ რეალურად დგანან ავტორიტარი მშობლების წინაშე, რომლებიც გამუდმებით აკონტროლებენ, თავისუფალ სივრცესა და არჩევანს არ უტოვებენ. ასეთ დროს, მოზარდებს სურვილი უჩნდებათ, რომ სახლიდან ,,გაიქცნენ“. ხშირად გოგონები „გაქცევის“ ერთ-ერთ გზად ოჯახის შექმნას განიხილავენ და ამ დროს ერთი მძიმე სიტუაციიდან მეორე, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მათთვის სრულიად უცნობ გარემოში უწევთ ცხოვრების დაწყება და თუ იქ დადებითი პიროვნებები არ დახვდებიან, ისინი ძალიან მძიმე პირობებში აღმოჩნდებიან.
- ადამიანი ასეთ დროს მენტალურად ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მოზარდის აზრები, ფიქრები ქაოსურია და კარგად არ იცის, რა სურს. გარდა ამისა, განათლების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან და სამომავლოდ, ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება. სკოლის დამთავრების მნიშვნელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ... დღეს უმაღლესი განათლება ფასიანია. მშობლებმა შესაძლოა, შვილს ხელი ვეღარ შეუწყონ, ვეღარ მისცენ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, პრობლემები შეექმნებათ შვილის გაჩენისა თუ სხვა მრავალი პასუხისმგებლობის ფონზე. ამიტომ, ყველა მოზარდს, რომელიც მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს დროებითი თავშესაფარია და პროცესით აღფრთოვანება, ვნება, ინტერესი მალევე გაივლის. მერე გოგონაც და ბიჭიც ძალიან მძიმე და მწარე რეალობის ქვეშ აღმოჩნდება.
როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვესმის კონტრარგუმენტები და ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ასაკში ოჯახის შექმნაში ცუდი არაფერია, თავადაც მსგავს პერიოდში გადადგეს ეს ნაბიჯი და ბედნიერად ცხოვრებაც შეძლეს. მაგრამ, მსგავსი მაგალითების დროს, ახალგაზრდა ოჯახები უკან ძალიან ძლიერი და მონდომებული მშობლები დგანან, რომლებმაც უზარმაზარი ძალისხმევა გაიღეს, რომ მათ შვილებს კარგად ეცხოვრათ. ყველას შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება და თუ მოზარდებს ვინმე რჩევას არ აძლევს, გვერდით არ უდგას, ძალიან გაუჭირდებათ, რომ ოჯახი და სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნონ.
- ადამიანებს ემოციები გვმართავს და ეს განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში ჩანს. რაციონალური აზროვნება, კონტროლის მექანიზმი კარგად არ არის განვითარებული. ცენტრალური ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და როდესაც აღფრთოვანების, ინტერესის პერიოდი გაივლის და მოზარდი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა, მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდეს. მით უფრო, რომ მოზარდები დეპრესიული მდგომარეობისკენ ისედაც არიან მიდრეკილნი. ამ ასაკში ადამიანებს ინტერპერსონალური ურთიერთობების სწორად ჩამოყალიბება უჭირთ. თუ წყვილს სწორად კომუნიკაცია არ შეუძლია, თუ არ განიხილავენ ორსულობასთან, აბორტთან, სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ აფასებენ რისკებს, თანაბრად პასუხისმგებლობის გადანაწილებაც გაუჭირდებათ.
ორსული ქალი მოვლენების მიმართ ბევრად უფრო ემოციური და მგრძნობიარეა. მას ამ დროს მხარდაჭერა, გამხნევება, ინფორმირება სჭირდება. მოზარდობის ასაკში შესაძლოა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა კარგად არ იყოს ჩამოყალიბებული და ორსულობამ, მშობიარობამ ტრავმირება გამოიწვიოს, ან ნაყოფს შეექმნას პრობლემა, შეიძლება დადგეს სისხლდენისა თუ სხვა გართულებების საფრთხე. გოგონას თუ გვერდით არ ეყოლება ვინმე, ვინც ჯანმრთელობის მონიტორინგში, ექიმთან ვიზიტში, თავის მოვლის პროცესში დაეხმარება, შესაძლოა, იმდენად დიდ ტვირთად და სტრესად გადაექცეს, რომ ეს დამღა მთელი ცხოვრება გაჰყვეს. დაუზიანდეს ჯანმრთელობა, ვერ მოახერხოს შვილზე პასუხისმგებლობის სრულად გააზრება და მასზე ზრუნვა.
გარდა ამისა, დღეს განათლების მიღება, გარკვეული სპეციალობის არჩევა შემოსავლის წყაროსთან არის პირდაპირ კავშირში. ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს სამსახური, საკუთარი შემოსავალი და უნდა შეძლოს საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნისას განათლების, პროფესიის არჩევის პრობლემა გოგონებსაც აქვთ და ვაჟებსაც. გოგონების შემთხვევაში მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ხშირად ოჯახში მათი მოვალეობა დალაგება-დასუფთავებით, სახლზე ზრუნვით, სადილის მომზადებით, ბავშვის აღზრდით შემოიფარგლება და მას სხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვს. სამომავლოდ კი, თუ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, საკუთარ ცხოვრებაზე დამოუკიდებლად ზრუნვას ვეღარ შეძლებენ, არ ექნებათ შესაბამისი პროფესია, რომლითაც დასაქმდებიან და შემოსავალს მიიღებენ. შესაძლოა, ჩაგვრის, სხვადასხვა ტიპის ძალადობის ობიექტები გახდნენ და იმის გამო, რომ საკუთარი შემოსავალი არ ექნებათ, ვეღარ მოახერხონ ტოქსიკური გარემოსგან თავის დაღწევა და ეს მთელი ცხოვრების ტვირთად გადაექცევათ.
- 16-17 წლის ასაკში ახალგაზრდები სქესობრივად მომწიფებულები არიან. ფიზიოლოგიურად, სქესობრივი ცხოვრების დაწყება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ, თუ მოზარდი ემოციურად არ არის ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული არ აქვს ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ძალიან დიდი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდეს. თავდაპირველად, სქესობრივი აქტი რომანტიზებულია, ფილმებსა და სერიალებში ნანახი, ლამაზად წარმოჩენილი კადრები აქვთ დამახსოვრებული, თუმცა რეალობა შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორი წარმოდგენაც წინასწარ შეიქმნეს. რა თქმა უნდა, სქესობრივი ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს გაცნობიერებულად უნდა ხდებოდეს. მოზარდები, როგორც წესი, ინსტინქტებს მიყვებიან და შემდეგ ეს იმედგაცრუებას იწვევს. საუბარია როგორც გოგონების, ასევე ვაჟების შემთხვევაშიც. გოგონების შემთხვევაში კიდევ უფრო პრობლემურია იმიტომ, რომ ეს შესაძლოა, არასასურველ ორსულობასთან, აბორტთან, სხვადასხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, გასათავლისწინებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი და თუ თავდაცვის საშუალებების შესახებ სათანადო, სანდო ინფორმაცია არ აქვთ, შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მოზარდებს ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ოჯახი და სკოლა აუცილებლად უნდა ესაუბრებოდეს. საერთაშორისო კვლევის თანახმად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე რაც უფრო ადრეულ ასაკში იქნებიან ინფორმირებულნი, მათი სქესობრივი კონტაქტის დებიუტი უფრო გვიან ასაკში გადაიწევს.
ადრეულ ასაკში სქესობრივი კონტაქტები ემოციურ დონეზე ზიანის მომტანია და მომავალში, უკვე ზრდასრულ ასაკში, ადამიანებს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას. თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყების, ნაადრევი ქორწინების, ურთიერთობების თვალსაზრისით ტრავმული გამოცდილება დარჩებათ, სამომავლოდ შესაძლოა, ადამიანმა ვეღარ ააწყოს საკუთარი პირადი ცხოვრება, გაუჭირდეს შესაბამისი პარტნიორის მოძებნა, საკუთარი თავის მიმართ სტიგმა ჩამოიყალიბოს და მსხვერპლის როლიდან გამოსვლა გაუჭირდეს.
- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე ძალიან ხშირად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მოზარდები, მშობლები, ახალგაზრდები კარგად იყვნენ, მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრება შეძლონ და არსებულ, შესაძლო რისკებზე დაფიქრდნენ. აუცილებელია, მშობელს შვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს და ეს კომუნიკაცია ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს, გაიცნოს საკუთარი შვილი, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს. არ გააკრიტიკოს ზედმეტად, დაუტოვოს თავისუფალი სივრცე და მუდმივად საყვედურის გამოხატვის პოზიციას ნუ აირჩევს, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვი, მოზარდობის ასაკში ბავშვებს აჯანყების, სახლიდან გაქცევის სურვილი ისედაც უჩნდებათ და როდესაც მსგავსი უარყოფითი ფონია, ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო გაუმარტივდებათ.
ჯანმრთელობის საკითხების, ნაადრევი ქორწინების, ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყების, დაავადებების, ორსულობისა და აბორტის, ჰიგიენის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარების თემაზე მოსწავლეებს სკოლაში აუცილებლად უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას. ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების საგნების ფარგლებში აღნიშნული საკითხები გათვალისწინებულია, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ინფორმაციის სწორად მიწოდებასა და გაკვეთილზე შესაბამის განხილვაშია. როდესაც მოზარდს სათანადო ინფორმაცია ექნება, ის გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს და ამით საკუთარი თავისა და ცხოვრების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებასაც მოახერხებს.
თამარ იაკობაშვილი