ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე "იმედის დღის" ეთერში მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რატომ უნდა აიკრძალოს 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენება:
- როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მაუგლის მაგალითი ხშირად მომყავს. მაუგლი კარგი ბიჭი იყო, კარგი ტვინით, ჯანმრთელი, კარგად განვითარებული ნერვული სისტემით, მაგრამ ცხოველების გარემოში მოხვდა. ჩვენი ფსიქიკა და ნერვული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გარემოებებს ვეგუებით. მას ადამიანის ენა რომ არ ესმოდა, მერე ვეღარც ისწავლა. მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო აღწერილი, როცა ბავშვები იკარგებოდნენ და ტყეში, ცხოველებთან ხვდებოდნენ. მერე უკვე როდესაც საზოგადოებაში ბრუნდებოდნენ, კომუნიკაციას ვეღარ სწავლობდნენ, იმიტომ, რომ კრიტიკულმა დრომ გაიარა, ცოცხალი ენა მათ ტვინში არ მოხვდა. 2 წლის ასაკის ბავშვი 2-სიტყვიან წინადადებას უნდა ამბობდეს. დღეს ამერიკის პედიატრთა აკადემია გვეუბნება, რომ ბავშვების 30%-ს ენისა და მეტყველების განვითარებაში შეფერხება აქვს. შეუძლებელია, რომ ამდენი პრობლემიანი ბავშვი დაიბადოს და ეს გაჯეტების ბრალი არ იყოს. ამიტომ, მისი გამოყენება 2 წლამდე საერთოდ უნდა აიკრძალოს. ბავშვს სენსომოტორული ფუნდამენტი, ანუ შეგრძნებები, მოძრაობის უნარი აქვს. შედეგ ამას ენა ეფუძნება. როცა ენას სწავლობს, ყველა დანარჩენ ელემენტარულ ფუნქციას ენობრივი უნარები აკონტროლებენ. როცა გაიზრდები, წერა-კითხვა რომ უნდა ისწავლო, რომელიც სიმბოლური ფუნქციაა, თუ ენობრივი უნარები არ გივარგა, წერა-კითხვაშიც პრობლემები შეგექმნება, სტუდენტი რომ გახდები და 500 გვერდი გექნება წასაკითხი, ვერ წაიკითხავ...
თამარ გაგოშიძემ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ გაჯეტების გამოყენება მეხსიერებას, ყურადღებას აქვეითებს და ძილის დარღვევებს იწვევს:
- ბევრი სამედიცინო პრობლემა იწყება. ბავშვებში დღეს უფრო მეტი ენდოკრინული პრობლემები, დიაბეტის შემთხვევებია აღრიცხული, ვიდრე ადრე. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ მუდმივად ზიან და თან ჭამენ. კანადის მთავრობამ 10 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მშობელს ,,აიძულებდა“, რომ შვილი სპორტდარბაზში მიეყვანა.
იგი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ თითოეულმა ადამიანმა ეკრანისაგან თავისუფალი დრო და ადგილი უნდა გამოყოს:
- ყველაზე კეთილგონიერი გამოსავალი ე.წ. ეკრანისაგან თავისუფალი დროებისა და ზონების გამოყოფაა. მაგალითად, საწოლ ოთახში არც ტელევიზორი, არც გაჯეტი და არც ტელეფონი არ უნდა არსებობდეს. სადაც გვძინავს, იქ ღამით სიბნელე უნდა იყოს, ლურჯი განათება და ხმაური არ უნდა არსებობდეს. ასევე, სადილის დროს ეკრანისაგან თავისუფალი ადგილი და დრო უნდა გვქონდეს. სინამდვილეში, ხშირად ცალი ხელით ჭამენ, თან ეკრანს უყურებენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამას სოციალიზაციის კიდევ ერთი პრობლემა მოჰყვება. ჩემი სტუდენტების ყველაზე დიდი ჩივილია ის, რომ კომუნიკაცია და ინტერპერსონალური ურთიერთობები უჭირთ. ვირტუალურ სივრცეში კიდევ ბევრი სხვა საფრთხეა. ჩვენს შვილებს ვირტუალური სივრცისა და გაჯეტების სასარგებლოდ გამოყენებას არ ვასწავლით. ამაზე განათლების სისტემამაც უნდა იზრუნოს. დროს ჩამოვრჩით, ტექნოლოგიები გარბის და ჩვენ "ქვის ხანაში“ ვართ. ეს მთელ მსოფლიოში ასეა.