მზითვის ტრადიცია საქართველოს ისტორიისა და ეთნოკულტურის ნაწილია. ისტორიულად მზითვი ის ქონებაა, რომელსაც ქალს ოჯახი ატანდა ქმრის ოჯახში.
მზითვის ტრადიცია ნახსენებია იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამებაში".XI-XII საუკუნეებში მზითვის ტრადიცია უკვე გამყარებულია. ჟამთააღმწერლის ცნობით, მეფე რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს მიათხოვა და მზითვად აწყური მისცა.
იოსებ გრიშაშვილი "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს, რომ მზითვში გასატანებელი წიგნების ფართო ჩამონათვალი არსებობდა. ქალს მამის ოჯახი, "ვეფხისტყაოსნის" გარდა, ასაჩუქრებდა სასულიერო ლიტერატურითა და სხვა წიგნებითაც, მათ შორის "სიტყვის კონით", თეიმურაზ პირველის "ვარდბულბულიანით", "ანბანთქებით", ანტონ პირველის "ქართული ღრამატიკით" და სხვა.
თინა იველაშვილი, ეთნოგრაფი: - ქალი გასათხოვარ ასაკს რომ მიაღწევდა, მშობლები მზითვზე ზრუნვას იწყებდნენ. მზითვში შედიოდა: რამდენიმე ხელი ქვეშაგები, სპილენძის ჭურჭელი, ტანსაცმელი და სხვა საოჯახო წვრილმანი ნივთები.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში მექორწინე ოჯახებს შორის მზითვზე მოლაპარაკება არ ხდებოდა. მთავარი იყო ქალის ღირსება-ნაკლოვანება, გვარიშვილობა. გადმოცემით, ქალისთვის მამის ოჯახს მზითვად მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელიც რომ გაეტანებინა, ვაჟის მხარე ხმას არ ამოიღებდა, მზითვზე პრეტენზიის გამოცხადება სირცხვილად ითვლებოდა.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილში (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო) მზითვს ქალის გათხოვებისათვის დიდი ყურადღება ექცეოდა. გადმოცემით, მექორწინე ოჯახებს შორის მოლაპარაკება წინასწარ იწყებოდა. ვაჟის ოჯახი გარკვეული რაოდენობის მზითვს ითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი ნაკლები გვარის ან ღირსების იყო. ქალს თუ კარგი მზითვი ჰქონდა, მალე თხოვდებოდა, თვალტანადი ქალი უმზითვობის გამო ზოგჯერ გაუთხოვარი რჩებოდა. ყოფილა შემთხვევა, ქალი არ იყო ვაჟის შესაფერისი, მაგრამ კარგი მზითვის გამო მაინც უთხოვიათ.
საქართველოს ცალკეულ კუთხეში (აღმოსავლეთ საქართველოს მთა, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი) მიღებული იყო მზითვში მიწის ნაკვეთის გატანება. გათხოვილი ქალის ნაადრევად უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში მის მშობლებს მზითვის წიგნის მეშვეობით შეეძლოთ კანონიერად შესდავებოდნენ სიძეს და მზითვი უკან დაებრუნებინათ.
საქორწინო ურთიერთობის მოგვარების საქმეში მზითვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭება გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს."რა დროს დაწესდა საქართველოში "მზითევი", მისი განსაზღვრა ზედმიწევნით შეუძლებელია", - წერდა ივანე ჯავახიშვილი.
ირმა სოხაძე, მომღერალი:
"როდესაც მე გავთხოვდი, მაშინ მზითვის თემას გაცილებით სერიოზულად უყურებდა ყველა, ვიდრე დღეს. ჩემი მზითვი რომ მახსოვს და მერე ჩემი 2 ქალიშვილის, შედარება არ არის. ჩემს ქალიშვილებს რაც შევთავაზე, იქიდან რაც დასჭირდათ, მხოლოდ ის გამაკეთებინეს, რაც ძალიან მინიმალური იყო. მე დედაჩემმა არც მკითხა, რა მინდოდა, ტრადიციის თანახმად მოქმედებდა. ეს იყო 1975 წლის ზაფხული. მოგეხსენებათ პატარაობიდან ფილარმონიის სოლისტი ვიყავი და ხელფასი მქონდა - ჯერ 10 მანეთი და 50 კაპიკი, მერე ცოტა მომემატა, 12 მანეთამდე. პარალელურად კონცერტებსა და ჩაწერებზე დავდიოდი და მშობლებმა ჰონორარები მომიგროვეს 4-დან 19 წლამდე, 15 წლის განმავლობაში და მანქანა მიყიდეს. ეს იყო "გაზ-011".
როდესაც ვიქორწინეთ, მე 19-ის ვიყავი, რეზო 24-ის და ჩემი მზითევი მანქანა იყო. იყო კიდევ 12 ხელი თეთრეული ასეთი, 12 ხელი - ისეთი, 12 ხელი კიდევ სხვანაირი. მატყლის ლეიბებზე, საბნებზე აღარაფერს ვამბობ; თეთრი საძინებელი "ლუდოვიკო", ჩემი საყვარელი და განუყრელი როიალი. ერთმა ბებიამ ალმასისთვლიანი ბეჭედი მაჩუქა, მეორემ - ოქროს საათი, დედაჩემმა ბეჭედი, დედამთილმა კი - ქორწილში არაჩვეულებრივი ბრილიანტის ბეჭედი. მერე ეს ყველაფერი ჩემს ქალიშვილებს ვაჩუქე. მზითევიდან ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემი ბიბლიოთეკა და ბიძაჩემის ქორწილში საჩუქრად გადმოცემული "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური, 1937 წლის გამოცემა, თოიძის დასურათებით. ქორწილი 11 ივლისს გვქონდა. ჩემი ბებიისა და ბაბუის სახლში, ჭავჭავაძეზე,. ოთხივე ოთახში სუფრა იყო გაშლილი, პირველ დღეს 150 კაცი იჯდა. მეორე დღეს რეზოს ოჯახმა რესტორანში გადაიხადა 200-კაციანი ქორწილი. მერე კი თვე-ნახევრით საქორწინო მოგზაურობაში წავედით".
მაკა მახარაძე, ქორეოგრაფი, მსახიობი:
"მზითვი არ მქონია არც მე, არც დედაჩემს და არც ჩემს შვილებს. დედა მეუბნებოდა ხოლმე, ბევრად ძვირფასია თანაცხოვრებაში შეძენილი ნივთებიო. სახსოვრად კი მართლაც ბევრი ნივთი მომცეს. ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში მქონდა - ჩემს მამამთილს ინფარქტი დაემართა, თან მაისი დგებოდა და არ გვინდოდა მაისში დაქორწინება, ვცდილობდით აპრილში მოგვესწრო. საიდან არის შემოსული, რომ მაისში ქორწილი არ ვარგა, არ ვიცი... ქორწილი კი მოვასწარით მაისამდე, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ვართ. ესე იგი, მაისი არაფერ შუაშია..." გააგრძელეთ კითხვა