ჯოან როულინგის ამბავი მთელმა მსოფლიომ იცის - როგორ დარჩა სულ მარტო პატარა ბავშვით ხელში, როგორ დაწერა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების - "ჰარი პოტერის" პირველი წიგნი და როგორ იქცა თანამედროვეობის ყველაზე გაყიდვად და მდიდარ მწერლად... დღეს ის წარმატებული ქალია, სამი შვილის დედა, რომელსაც არ უყვარს შვილების გამოჩენა და მათზე საჯაროდ საუბარი. ღონისძიებებზე მეორე მეუღლესთან ერთად ჩნდება, რომელთანაც, პირველი წარუმატებელი ქორწინებისგან განსხვავებით, ბედნიერია და მშვიდად წერს ახალ-ახალ რომანებს.
ცოტა ხნის წინ სწორედ ჯოანის ყოფილი ქმარი გამოჩნდა კვლავ ასპარეზზე. საქმე ისაა, რომ მორიგ ინტერვიუში მწერალმა აღიარა, როგორ ძალადობდა მასზე ყოფილი ქმარი და როგორ მოპარა ჰარი პოტერზე პირველი გამოუქვეყნებელი რომანის ხელნაწერი, რათა ცოლი სახლიდან არ წასულიყო. ჯოანის თქმით, კაცს წიგნი ფაქტობრივად მძევლად "ჰყავდა".
ბრალდებებს ყოფილი ქმარი, პორტუგალიელი ხორხე არანტესი გამოემხაურა. მისი თქმით, მისი ცოლი ბოდავს "კორონავირუსის გამო სამწლიანი იზოლაციის შემდეგ". წიგნი მან კი არ მოიპარა, ისიც იზიარებდა თურმე ლიტერატურის სიყვარულს და ეგ კი არა, ამტკიცებს, ცნობილი რომანის დაწერაში მე დავეხმარეო. "მან მაშინ დაიწყო ამ წიგნის წერა, როცა ჩვენ ერთად ვიყავით და მეც ვეხმარებოდი", - ამბობს არანტესი.
ჯოანმა ხორხე პორტუგალიის ქალაქ პორტუში, ბარში გაიცნო. მომავალი მწერალი იქ ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 1992 წელს იქორწინეს და მალევე შეეძინათ ქალიშვილი ჯესიკა, თუმცა ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა. ჯოანმა თქვა, რომ ხორხესგან წამოვიდა, რადგან მას თავს დაესხა. "კი, ერთხელ დავარტყი, მაგრამ სასტიკი ძალადობები არ ყოფილა. არ ვნანობ, რომ მასზე ხელი ავწიე", - ამბობს არანტესი და ადასტურებს, რომ თავად გააგდო ცოლი სახლიდან.
არანტესმა თქვა, რომ შვილთან არ აქვს ურთიერთობა.
ჯოანი კი ყოფილ ქმართან ურთიერთობას ხშირად უწოდებს "მეტისმეტად ტრავმულს". ერთხელ იხსენებდა, რომ ქმარი გამუდმებით უჩითავდა ჩანთას, როცა შინ ბრუნდებოდა. "მე საკუთარი სახლის კარის გასაღები არ მქონდა, რადგან ის ყველაფერს აკონტროლებდა. ის არ იყო სულელი ადამიანი, ვფიქრობ, ეჭვობა, რომ კვლავ ვეცდებოდი გაქცევას..."
ჯოანს ეშინოდა, რომ არანტესს მისი ხელნაწერი არ დაეწვა, ამიტომ ნელ-ნელა ჩუმად დაიწყო ასლების გადაღება. "ყოველდღე დამქონდა რამდენიმე გვერდი ხელნაწერი, რომ ის ვერ მიმხვდარიყო, რომ რამე აკლდა, და ასლებს ვიღებდი. ნელ-ნელა ვაგროვებდი სამასწავლებლოში ამ ასლს, რადგან ეს ხელნაწერი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ერთადერთი, რაც რომანზე მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ქალიშვილი ჯესიკა გახლდათ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემს მუცელში იყო და მაქსიმალურად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს", - ყველა ჯოანი, რომელსაც მანამდე პირველი ორსულობისას მუცელი მოეშალა და მალევე დარჩა ორსულად ჯესიკაზე.
გოგონას დაბადების შემდეგ ჯოანმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. როგორ წამოვიდა არანტესის სახლიდან, ამას როულინგი ასე აღწერს: "დადგა ის დღეც, როცა ის ძალიან გაბრაზდა ჩემზე, მეც გავტყდი და ვუთხარი, რომ მისგან წასვლას ვაპირებდი. ძალიან აგრესიული გახდა და მითხრა: "შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ჯესიკას ვერ მიიღებ, დავიტოვებ და დავმალავ". დავა ფიზიკური ჩხუბით დასრულდა, ცოლი სცემა და ქუჩაში გამოაგდო. ჯოანი პოლიციაში წავიდა და საჩივარი დაწერა. მეორე დღეს კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა სახლში და ქალიშვლი წამოიყვანა.
მას მერე მწერალი მკაცრად იცავდა თავის პირად ცხოვრებას, რადგან ეშინოდა, არანტესს არ მიეგნო. როცა ჰარი პოტერზე დაწერილი რომანისთვის პირველი ჰონორარი მიიღო 1997 წელს, ედინბურგში სახლი იყიდა, სადაც ყოფილი ქმარი მიუვარდა. თუმცა საქმეში ისევ პოლიცია ჩაერია და არანტესს პორტუგალიაში მოუწია დაბრუნება.
ჯოანმა ისევ შეიცვალა საცხოვრებელი. 2001 წელს კი მეორედ გათხოვდა ანესთეზიოლოგ ნილ მაიკლ მიურეიზე, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - დევიდი და მაკენზი.