ისეთი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც დაუსჯელადაც ახერხებენ შვილების კარგად აღზრდას კარგი მშობლების უმრავლესობა იძულებულია, ხშირად დასაჯოს ბავშვები, მაგრამ ისეთი მშობლებიც არსებობენ, რომლებიც დაუსჯელადაც ახერხებენ შვილების კარგად აღზრდას. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იზრდებოდნენ თავად მშობლები. ძალიან ბევრი ბავშვი მართლაც ცუდად იქცევა, მაგრამ ზოგს სჯიან, ზოგს - არა. ყველაფერს განსაზღვრავს მშობლის შეხედულება დისციპლინაზე.
აუცილებელია შევიგნოთ, რომ სასჯელი არ არის დისციპლინის მთავარი ელემენტი, არამედ დამატებითი ენერგიული შეხსენებაა იმისა, რომ მშობლების აკრძალვა დაუყოვნებლივ, სიტყვის შეუბრუნებლად უნდა შესრულდეს.
ზოგიერთ ბავშვს წარამარა უტყაპუნებენ და სიამოვნების მიღების ან სიცელქის ყველა საშუალებას უზღუდავენ. მაგრამ ამით მათი ქცევა არ უმჯობესდება.
მოყვარული ოჯახი - აი ესაა კარგი დისციპლინის საუკეთესო პირობა
ბავშვი, რომელიც უყვართ, აუცილებლად ისწავლის სიყვარულს. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიქცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ.
3 წლის ასკისთვის ბავშვი თანდათან გადაეჩვევა სათამაშოების წართმევას, უფრო ხალისიანად გაუნაწილებს მათ სხვებს, რადგან უკვე ეცოდინება სხვა ბავშვების სიყვარული და უფრო კეთილადაც მოექცევა მათ.
იქნებ ბავშვს სულმა წასძლია, უნდა გაიგოს, ძალაშია თუ არა კიდევ ერთი თვის წინანდელი აკრძალვა, იქნებ ბავშვი გაბრაზებულია თქვენზე და განგებ იქცევა ცუდად, იქნებ შემთხვევით გაუტყდა ძვირფასი ნივთი, ან იქნებ ზუსტად მაშინ, როცა ხასიათზე არ ბრძანდებოდით, უხეშად მოგმართათ?
იძლევა თუ არა სასჯელი სასურველ შედეგს?
თუ სასჯელი აბოროტებს ბავშვს და ის გამომწვევად იქცევა, მაშასადამე სასჯელს მიზნამდე არ მიუღწევია. თუ ბავშვი იტანჯება დასჯისას, ესე იგი სასჯელი მისთვის მეტისმეტად ძლიერი საშუალებაა. ყველა ბავშვი სასჯელზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ხანდახან ბავშვს მისდაუნებურად უტყდება თეფში, ან ტანსაცმელი დაეხევა. თუ მშობლებთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მასაც სწყინს ეს ამბავი და სასჯელი აღარაა საჭირო. ხოლო თუ გაუჯავრდებით, ბავშვს, რომელიც ისედაც წუხს ჩადენილის გამო, შესაძლოა სინდისის ქეჯნა სულ გაუქრეს და გამოღმა შემოგედავოთ.
მოზრდილი ბავშვის სასჯელი
6 წელზე უფროსი ბავშვი ძალიან კარგად ერკვევა, სამართლიანად დასაჯეთ თუ არა, მაგრამ ამ ასაკამდე არ არის საჭირო წამდაუწუმ ვუჩიჩინთ - "ხომ გეუბნებოდი, შენი ბრალია, ხომ გარიგებდი" და ა. შ. თქვენც ხომ არ გსურთ, ბავშვს რომ დანაშაულის უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდეს? ძველად ბავშვებს ხშირად სცემდნენ და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ. შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ ბავშვის ცემა სამარცხვინოა, თუმცა ფიზიკურ სასჯელზე უარის თქმამ აღზრდის ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა.
თუ მშობლები ბრაზობენ, მაგრამ ბავშვს არ სცემენ, სამაგიეროდ მთელი დღე ლანძღავენ და თათხავენ, მე არ ვქადაგებ ფიზიკურ სასჯელს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასჯა უფრო ნაკლებად მავნებელია, ვიდრე გაუთავებელი საყვედურები, ლანძღვა და ყვირილი.
დასჯის მკეთოდები
ზოგი მშობელი დასჯის მიზნით ბავშვს ოთახში კეტავს. ეს საშინელებაა - ბავშვს საკუთარი ოთახი შესძულდება და იქნებ ვეღარც დაიძინოს შიგნით.
ზოგიერთ ოჯახში ძალიან კარგ შედეგს იძლევა ასეთი მეთოდი: სასჯელის მოხდის მიზნით ბავშვს რამდენიმე წუთით განსაზღვრულ სავარძელზე სვამენ.
თავი აარიდეთ მუქარას. მუქარა დისციპლინას ასუსტებს. თქვენ საჭიროდ მიგაჩნიათ გააფრთხილოთ ბავშვი, ეზოს თუ გაცდები ველოსიპედს წაგართმევო, მაგრამ მეორეს მხრივ მუქარა გამომწვევია. მუქარა გულისხმობს, რომ შესაძლებელია ბავშვმა არ დაგიჯეროთ და წესი დაარღვიოს. მერწმუნეთ, ბავშვი ვერ გაგიბედავთ ურჩობას, თუ მკაცრად გააფრთხილებთ: "ველოსიპედით ქუცაში არ გახვიდე", მით უმეტეს თუ დარწმუნებულია, რომ თქვენი სიტყვა კანონია. მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია, რამდენიმე დღით წაართვათ ველოსიპედი? ჯობს წინასწარ გააფრთხილოთ ბავშვი. დაუშვებელია, მუქარის არ ან ვერ შესრულება. ეს ბავშვის თვალში თქვენი ავტორიტეტის დაცემის საშუალებაა. დაუშვებელია დაშინება პოლიციით, ექიმებით, ციხით, ჯადოქრებით და გუდიანი კაცებით.
ამერიკელი ექიმის ბენჯანიმ სპოკის მიხედვით