საქართველოში მრავალშვილიანად ოთხი და მეტი შვილის მშობელი ითვლება. სწორედ 4 შვილის გაჩენის შემდეგ შეუძლია მშობელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს.
საქართველოში ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია, წარმოგიდგენთ რამდენიმეს, ვისაც ყველაზე მეტი შვილი ჰყავს და ვის შესახებაც ჩვენს საიტზე წაგიკითხავთ.
ორგანიზაცია „გენი ქართულის“ დამფუძნებელი ნინო ალფაიძე-მენაბდე 12 შვილის დედა და 11 შვილიშვილის ბებიაა. მისი ცხოვრების გზა საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს სიყვარულით და იმედით სავსე იყო. ქალბატონი ნინო მამა ბესარიონ მენაბდის მეუღლე გახლავთ.
„დაოჯახებამდე არასოდეს მიფიქრია, თუ ამდენი შვილი მეყოლებოდა. არც ეკლესიურად ვცხოვრობდით. ამ მხრივ ჩემში გარდატეხა მეორე შვილის დაბადების შემდეგ მოხდა. დღენაკლული დაიბადა. იმდენად უძლური აღმოჩნდა მედიცინა, რომ ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ. ყველა გვეუბნებოდა, რომ ბავშვმა თვითონ უნდა დაძლიოსო. მაშინ მივედი ღმერთის აღიარებამდე. მივხვდი, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ ღვთის შეწევნა. დღეს ის უკვე ხუთი შვილის მამაა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის ბიძგის მომცემი, რამაც შემიცვალა ცხოვრების სტილი და მისდამი დამოკიდებულება. რადგან ღმერთმა ასეთი წყალობა მოგვმადლა, შვილი შეგვინარჩუნა, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ყველა შვილი გაგვეჩინა, რამდენსაც უფალი მოგვცემდა“, - ამბობს ნინო ალფაიძე მენაბდე. ამ ოჯახის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.
ნინო ბზვანელი და დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძეც 12 შვილის მშობლები არიან. ქალბატონი ნინო ბზვანელი გახლავთ ორგანიზაცია "მრავალშვილიანი დედების" დამფუძნებელი, პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი. ამ ოჯახის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.
მელიების 11-შვილიან ბედნიერ ოჯახში ყველას მათემატიკური ნიჭი აქვს. 11 შვილის დედა სოფიო კვაშილავა საოჯახო საქმეების პარალელულად, თსუ-ში სწავლობს და მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაში საკუთარ გამოცდილებას სხვა დედებს უზიარებს. წაიკითხეთ მათ შესახებ.
36 წლის რუსუდან მესხსაც 11 შვილი ჰყავს. მათგან 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით დაიბადა. მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს! წაიკითხეთ მათ შესახებ.
37 წლის ასკში მაკა ხოხონიშვილი უკვე 10 შვილის დედა იყო. "ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. ზოგჯერ არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს" - ამბობს მაკა ინტერვიუში.
ირინა ტომასიანი 9 შვილის დედაა, თუმცა იმ დედების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც აქვს სამსახური და ყველა საქმეს იდეალურად უძღვება. წაიკითხეთ მეტი მათ შესახებ.
„25 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გამიჩნდა. პატარა პირველად რომ ავიყვანე ხელში, ენით აღუწერელი ბედნიერება განვიცადე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ეს გრძნობა კიდევ მრავალჯერ განმეცადა. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მრავალშვილიანი დედა გავხდებოდი, თუმცა ვიგრძენი, რომ დედობრივი გრძნობა მოჭარბებულად მქონდა“ - ამბობს ირინა. წაიკითხეთ მათ შესახებ.
36 წლის რენატა მგალობლიშვილს 7 შვილი ჰყავს: ლაზარე, იოანე, ანაბელა, მარია-ალექსანდრა, გიორგი და ტყუპი - ნოე და შიო გიუნაშვილები. უფროსი 14 წლისაა, ტყუპი კი - რამდენიმე კვირის. ამბობს, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა და მათი აღზრდა არც ისეთი რთულია, როგორც გვერდიდან ჩანს. ის მრავალშვილიან დედობასა და მთავარ გამოწვევებზე გვიყვება ამ ბმულზე.
ნანა ცქიტიშვილიც 7 შვილის დედაა. პირველი შვილი 18 წლის ასაკში გააჩინა და ამბობს, რომ არასოდეს უფიქრია, თუ ბევრი შვილი ეყოლებოდა.