დარაჯი, კურიერი, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის დამხმარე... - სად შეგიძლიათ დასაქმდეთ სოციალურად დაუცველთა სახელწიფო პროგრამით და რა შეღავათებით ისარგებლებთ - მშობლები

დარაჯი, კურიერი, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის დამხმარე... - სად შეგიძლიათ დასაქმდეთ სოციალურად დაუცველთა სახელწიფო პროგრამით და რა შეღავათებით ისარგებლებთ

2023-03-06 10:20:15+04:00

სახელწიფოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ერთი წლის წინ ამოქმედდა. ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამით სამსახურს დაიწყებენ და ხელფასი დაენიშნებათ, სოციალური დახმარებას 4 წლის განმავლობაში არ დაკარგავენ. ამ დროის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ასევე მაზე მიბმული ფულადი თუ სხვა სახის დახმარება.

მათთვის, სურვილი გაქვთ, შეუერთდეს ამ პროგრამას, მაგრამ ჯერ კიდევ კითხვები აქვს, მათთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

რას გულისხმობს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის პროგრამა?

საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს რამდენიმე ალტერნატივას:

  • - საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას;
  • - ღია შრომის ბაზარზე ატვირთულ ვაკანსიას;
  • - თუ დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზებას;
  • - პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვას.

პროგრამაში ჩართვით სოციალურად დაუცველი პირი იღებს საშეღავათო პირობებს - 4 წლის განმავლობაში და მისი სოციალური სტატუსი არ გადამოწმდება.

ვის შეუძლია საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა?

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ, 18 წლის და უფროსი ასაკის პირს საპენსიო ასაკამდე, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.მსურველები არ უნდა იყვნენ პარალელურად დასაქმებულები კერძო სექტორში ან თვითდასაქმებულები.

ვის და რომელ დამსაქმებლებს შეუძლიათ საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში ვაკანსიების მოწოდება?

საზოგადოებრივი სამუშაოების შესახებ ვაკანსიების მოწოდება შეუძლია, სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან მის მმართველობის სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ასევე, საჯარო სამართლის პირს ან სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს.

რა გამოცდილება, კვალიფიკაცია და განათლება სჭირდება საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვისთვის მოქალაქეს?

საზოგადოებრივი სამუშაოს მსურველ პირებს პროგრამაში ჩასართავად არ სჭირდებათ გამოცდილება, კომპეტენცია ან შესაბამისი განათლება. სამუშაოების მიზანია მოქალაქეებს შემოსავლების ზრდის პარალელურად, სამსახური მათ შრომითი უნარების გამომუშავებასა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმაროს.

როგორი ვაკანსიებია საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში?

საზოგადოებრივი სამუშაოები გულისხმობს მაგალითად: ბიბლიოთეკარის დამხმარეს, მეტყევე, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის არაკვალიფიციური დამხმარე, ზედამხედველის დამხმარე, დარაჯი, კურიერი, ტერიტორიების კეთილმოწყობის გამწვანებისა და დასუფთავების თანამშრომელი და ა. შ.

შეუძლია თუ არა სოციალურად დაუცველი ოჯახის რამდენიმე წევრს ერთდროულად ჩაერთოს საზოგადოებრივ სამუშაოებში?

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შეუძლია ოჯახის ერთ ან მეტ წევრს. რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ტერიტორიულად სად შეიძლება დასაქმდეს პროგრამით მოსარგებლე პირი?

სოციალურად დაუცველ პირს საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვა შეუძლია იმ მუნიციპალიტეტში, სადაც რეგისტრირებულია და იღებს სოციალურ გასაცემელს.

როგორი სამუშაო გრაფიკია საზოგადოებრივ სამუშაოებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე?

საზოგადოებრივი სამუშაოებში ჩართვის მსურველ პირებს შეუძლიათ დასაქმდნენ სრული ან ნახევარი განაკვეთით.

მაგალითად: სრული განაკვეთის სამუშაო გრაფიკს შეიძლება მიეკუთვნებოდეს ისეთი სამუშაო, რომელიც მოიცავს:

  • კვირაში 5 სრულ სამუშაო დღეს, სტანდარტული 5-8 საათიანი გრაფიკით (ან დამსაქმებლის სამუშაო დღეების შესაბამისად);
  • კვირაში 7 არასრულ სამუშაო დღეს არასტანდარტული 3-4 საათიანი გრაფიკით;
  • მოქნილი სრული განაკვეთის შემთხვევაში კვირაში 4-5 სამუშაო დღე 8 საათიანი გრაფიკით;
  • 4 დღეში ერთხელ მუშაობა 24 საათიანი გრაფიკით;

ნახევარი განაკვეთის სამუშაო გრაფიკს შეიძლება მიეკუთვნებოდეს ისეთი სამუშაო, რომელიც მოიცავს:

  • კვირაში 5 სამუშაო დღეს 4 საათიანი გრაფიკით; (ან დამსაქმებლის სამუშაო დღეების შესაბამისად)
  • თვის განმავლობაში დღე-მონაცვლეობით მუშაობას 8 საათიანი გრაფიკით;

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის დროს სოციალური გასაცემელი სრული განაკვეთით მუშაობის შემთხვევაში განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით, ნახევარი განაკვეთით დასაქმების შემთხვევაში კი, 150 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, მოქალაქე სრული განაკვეთით მუშაობისას განსაზღვრული 20 დღის ნაცვლად იმუშავებს ათ დღეს, მიიღებს ათი დღის სოციალურ გასაცემელს.

სად მოხდება დასაქმებული პირის მიერ გამომუშავებული თანხის დარიცხვა?

სოციალური გასაცემელი დაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელზეც ირიცხება სოციალური შემწეობა.

მოეხსნება თუ არა რომელიმე სოციალური შეღავათი იმ პირს, ვინც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩაერთვება?

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. სტატუსის ჯავშანი შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ის ღია შრომის ბაზარზე გადამისამართდება და უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურში დასაქმდება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის შემდეგ, პროგრამით მოსარგებლე პირს შეუძლია თუ არა პარალელურად ღია შრომის ბაზარზე დასაქმება?

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ პირს პარალელურად ღია შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით მოსარგებლე პირი მოისურვებს უკეთესი ანაზღაურების მქონე ვაკანსიის მოძიებას გადამისამართდება კერძო სექტორში, ის საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამას ჩაეხსნება, თუმცა 4 წლიანი ჯავშანი და სხვა შეღავათები შეუნარჩუნდება.

სად/რომელ უწყებაში შეუძლია საზოგადოებრივი სამუშაოებით დაინტერესებულ პირს დაზუსტებული ინფორმაციის მიღება არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით? ვის უნდა მიმართოს დასაქმების მსურველმა?

პირველ რიგში, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის მსურველი პირი აუცილებელია, რომ რეგისტრირებული იყოს პროგრამით მოსარგებლეთა ბაზაში. სამუშაოებში ჩასართავად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, გაარკვიოს არის თუ არა პროგრამით მოსარგებლეთა სიაში. სტატუსის დაზუსტების შემდეგ კი ბენეფიციარს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტი, შესთავაზებს მისი რეგისტრაციის შესაბამის ტერიტორიულ არეალში არსებულ ვაკანსიებს, ჩაუტარებს მოკლე აღწერას არსებული ვაკანსიისა და პროგრამის შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში მას გადაამისამართებს დამსაქმებელთან, მაგალითად: სკოლის დირექცია, აიპ, სსიპ ან მუნიციპალიტეტი. მხარეთა შეთანხმების შემდეგ ბენეფიციარს უფორმდება სამმხრივი სოციალური ხელშეკრულება და ერთვება პროგრამაში.

რა მოხდება თუ ბენეფიციარი თავისი ნებით უარს იტყვის საზოგადოებრივ სამუშაოზე?

პროგრამით მოსარგებლე პირი თუ თავისი ნებით ჩაეხსნება პროგრამას, ავტომატურად მას 4 წლიანი ჯავშანი გაუუქმდება და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. ასევე, თუ სოციალურად დაუცველი პირი არაჯეროვნად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას საზოგადოებრივი სამუშაოს ფარგლებში, მონიტორინგის სამსახური მოახდენს იდენტიფიცირებას და მასთან ხელშეკრულება შეწყდება.

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმების პროგრამაში ჩართვა არ სურს, უწყდება თუ არა სოციალური შემწეობა? შეუძლია თუ არა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლა? დასაქმების პროგრამაში მოგვიანებით ჩართვა ან პროგრამიდან გამოთიშვა?

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება, თუმცა პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. შესაბამისი ბენეფიტებით სარგებლობა პროგრამაში ჩართვის დღიდან იქნება შესაძლებელი. პროგრამიდან გამოთიშვის შემთხვევაში კი, მონაწილეობაზე უარის თქმის თვიდან, ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ავტომატურად გადამოწმდება.