ნიკა კვირკველია თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, რომელმაც საზოგადოებას თავი გადაცემიდან "წიგნების თარო" შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა და ამ სეზონზე მისი შედეგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნიკა დიდი ხანია, სხვადასხვა პროექტში იღებს მონაწილეობას და ბევრი წარმატება აქვს, განსაკუთრებით უყვარს წიგნები, კითხვის პროცესი და ამბობს, რომ შრომისმოყვარეობა წარმატებისთვის ოქროს გასაღებია. დღეს მას უკეთ გაგაცნობთ:
- პირველი კლასიდან სხვადასხვა ოლიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას და პატარ-პატარა წარმატება ყოველთვის მქონდა. მე-4 კლასში კინგსის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და ეს პირველი ყველაზე დიდი მიღწევა იყო. გამარჯვების შემდეგ ბანაკში წავედი, რაც ძალიან დიდი გამოცდილება აღმოჩნდა და დღემდე ვცდილობ, მსგავს აქტივობებში მონაწილეობა მივიღო. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ბოლო პერიოდში კი ბიოლოგია და ქიმია განსაკუთრებით მაინტერესებს.
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, სწავლის, კითხვის პროცესი ჩემთვის სასიამოვნოა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი განტვირთვა, ჰობია, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. გარდა ამისა, ირგვლივ მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მაძლევენ მოტივაციას, რომ უფრო მეტი ვაკეთო და დრო თვითგანვითარებას მოვახმარო. მშობლებმა ბავშვობიდან მიმაჩვიეს, რომ საკუთარ თავზე მუდმივად უნდა ვიმუშაო და ჩემს წარმატებაში მათი დიდი დამსახურებაა.
- ბავშვობიდან ოჯახის წევრები ყოველთვის მიკითხავდნენ ზღაპრებს, სხვადასხვა ნაწარმოებს. ზუსტად მახსოვს, დაახლოებით, 7 წლის ვიყავი, როდესაც "პატარა პრინცი" წავიკითხე. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ წიგნების კითხვა შემიყვარდა. უფრო ხშირად და ინტენსიურად დავიწყე კითხვა და დღემდე ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
- როგორც ვთქვი, კითხვის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. თითოეული წიგნის წაკითხვა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, მეხმარება ლექსიკის გამრავალფეროვნებაში, არის მომენტები, როდესაც ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარ თავს ამოვიცნობ და ამ კუთხით ფიქრიც საინტერესოა. წიგნის კითხვა საკუთარი პიროვნების დახვეწასა და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში მეხმარება.
- ჩემთვის, ყველა დროის ფავორიტი წიგნია "ქარწაღებულნი". გარდა ამისა, ძალიან მიყვარს "1984" და "მარტინ იდენი".
- ალბათ, ჩემი თანატოლების უმრავლესობას ფილმების ყურება უფრო უყვარს, ვიდრე წიგნების წაკითხვა. ფილმების ყურება, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ, წიგნს როდესაც კითხულობ, თავად შეგიძლია კადრები წარმოიდგინო და ფანტაზია ჩართო. ფაქტობრივად, კითხვის დროს რეჟისორი შენ ხარ. თავად შეგიძლია გონებაში კადრები ააგო. ამიტომ, თუ რომელიმე ჟანრის ფილმები განსაკუთრებით გიყვართ, შეიძლება წიგნის წაკითხვაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს და სიამოვნება მიიღოთ.
- 2021 წელს მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა შევქმენით ლიტერატურული კლუბი, რომელსაც "ბიბლიოფილები" დავარქვით. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც ამა თუ იმ წიგნთან დაკავშირებით ერთმანეთს აზრებს გავუზიარებდით და ინტერაქციას შევქმნიდით. ჯგუფში ახლა, დაახლოებით, 5 ათასამდე ადამიანია და კვლავ ფუნქციონირებს.
- პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, მყავს მასწავლებლები, რომლებსაც ჩემს სწავლასა და განათლებაში განსაკუთრებული როლი აქვთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, წარმატების გასაღები შრომისმოყვარეობაშია. თუ შრომა გიყვარს, ყველაფერი გამოგივა. ასევე, უნდა იყო მიზანდასახული და გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. ამის გარეშე, არაფერი გამოვა.
- ამ პროექტში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. ჩემი 2 მეგობარიც მონაწილეობდა და როგორც კი მე-10 კლასში გადავედი, შევკრიბე გუნდი და ერთად გავედით. ბლიცში 21 სწორი პასუხი დავაგროვე და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. გადაცემამ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, დამეხმარა კომპლექსების დაძლევაში და უცხო ხალხთან კომუნიკაციაც გამიმარტივა.
- ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ვფიქრობ, პროფესიასაც ამ სფეროს დავუკავშირებ. შესაძლოა, სამედიცინო მიმართულება ან არქიტექტურა ავირჩიო, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სურვილებს, მიზნებსა და მისწრაფებებს მივდიოთ, არ დავნებდეთ და დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ.
თამარ იაკობაშვილი