ყველა მშობელმა რომ იცოდეს, რა ხდება მათი შვილების ტვინში, ბევრად უკეთ გაუგებდნენ მათ.ჯერ კიდევ გუშინ თვინიერ და მოსიყვარულე ბავშვებს დღეს გუნება-განწყობის ცვალებადობა აწუხებთ, საეჭვო თავგადასავლებში ეხვევიან და თავგზა აქვთ არეული.
თინეიჯერები ხშირად არიან სტიგმის მსვერპლნი უფროსების მხრიდან. მოზარდებს გამუდმებით აკრიტიკებენ, კიცხავენ იმპულსურობისა და პროტესტისკენ მიდრეკილების გამო, უფროსებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც თავადაც გაიარეს ეს ასაკი.
სამაგიეროდ სპეციალისტებს ზუსტი მეცნიერული ახსნა აქვთ, თუ რატომ იქცევიან მოზარდები ასე - მათი ტვინი სულ სხვანაირად მუშაობს.
წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, რომელიც მეცნიერულად ამტკიცებს, რომ მომზარდების ქცევა ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების "ბრალია".
ბევრი ზრდასრული მოზარდების ქცევას ჰორმონებს მიაწერს. დიახ, გარკვეულწილად მართლები არიან: სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონების დონე ნამდვილად იცვლება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. თავის ტვინის შუბლის წილებიც დრამატულ ცვლილებებს განიცდიან.
MRI-ის წყალობით, თანამედროვე მეცნიერებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ, თუ როგორ ვითარდება მოზარდის ტვინი.
აღმოჩნდა, რომ გარდატეხის პერიოდში ტვინის შუბლის ქერქი ქმნის და შემდეგ ამცირებს ქსელებს. ეს ხდება იმისთვის, რომ ტვინმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და გააფართოოს მისი ჰორიზონტი. შუბლის წილი პასუხისმგებელია მოძრაობების, აზროვნებისა და ლოგიკის კოორდინაციაზე. მაგრამ სანამ ის სრულად არ განვითარდება, მოზარდს ხშირად უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შეფასება. ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირები მყარდება როგორც შუბლის, ისე პარიეტალურ წილებში. MRI-ზე შესამჩნევია როგორ იზრდება „თეთრი ნივთიერების“ მოცულობა. განვითარების ეს სფეროები მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარებისთვის, მათ შორის ემოციური რეგულირებისთვის, ყურადღების შენარჩუნებისთვის, პრობლემის გადაჭრისა და აბსტრაქტული აზროვნებისთვის. და როცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ "დალაგების" პროცესშია, რა თქმა უნდა, მოზარდის ქცევაც ვერ იქნება სანიმუშო.
მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებული საყურადღებოა დამოკიდებულებების გაჩენის რისკი. მოზარდს შეიძლება განუვითარდეს დამოკიდებულება ალკოჰოლზე და სხვა მავნე ნივთიერებებზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩამოუყალიბებლობის პერიოდში ყველაზე ადრე მწიფდება ტვინის ნაწილი, რომელიც ითხოვს სტიმულს, ჯილდოს, ხოლო თვითკონტროლი ჯერ არ არის განვითარებული. ამიტომაა, რომ მოზარდები უფრო იმპულსურები არიან და გამუდმებით ითხოვენ აღიარებას. ამ პერიოდის განმავლობაში ახალი შეგრძნებებისგან ბავშვები დოფამინის (სიხარულის ჰორმონის) ნამდვილ აფეთქებებს განიცდიან. მაშასადამე, ისინი მიისწრაფვიან სცადონ რაღაც ახალი, სასურველი და, სამწუხაროდ, ზოგჯერ დამანგრეველიც.
ამავე დროს, მათი გაზრდილი ცნობისმოყვარეობა შეიძლება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული. ამ პერიოდში მოზარდები აქტიურ ინტერესს ავლენენ გარემოს მიმართ და ისეთ გამოცდილებას იძენენ, რომელიც შესაძლოა მომავალში გამოადგეთ.
საინტერესო ფაქტი: ტექნოლოგიების ეპოქაში თინეიჯერები უფრო მეტად მიმართავენ თავიანთ ცნობისმოყვარეობას ახალი უნარების შეძენისკენ. ეს ნიშნავს, რომ მათ საინტერესო იდეებიც ებადებათ.
მოზარდებს მედიალურ პრეფრონტალური ქერქში მომატებული აქტივობა ახასიათებთ, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას და პასუხისმგებელია სხვა ადამიანების მიმართ რეაქციების გამოვლენაზე. კვლევის მიხედვით, ტვინის ეს უბნები პასუხისმგებელნი არიან თვითშეფასებაზე. თუ ადრეულ ბავშვობაში თქვენი შვილები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად კარგები არიან სხვების თვალში, მოზარდობისას უკვე ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. მათ აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ მშობლებისგან მიღებული სიყვარული და აღიარება. ეს უნარი მომავალში ახალი სოციალური კავშირების დასამყარებლად და საზოგადოებაში ადგილის დასადგენად გამოადგებათ. მაგრამ სანამ ის ჩამოყალიბდება, მოზარდებს ეჩვენებათ, რომ მათ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. ისინი ასევე განსაკუთრებულად მგრძნობიარენი ხდებიან სხვა ადამიანებისგან გამოვლენილი უგულებელყოფის, გულგრილობისა და მტრობის მიმართ.
მოზარდები, ზედმეტად არიან "ჩაციკლულნი" თავიანთ განცდებზე, მაგრამ სწორედ ასე სწავლობენ მათ ამოცნობას, ანალიზს და კონტროლს.
ზოგჯერ დილით ვერ აღვიძებთ სკოლაში წასასვლელად, საშინაო დავალების შესასრულებლად ან ოთახის დასალაგებლად. მაგრამ ეს ყოველთვის სიზარმაცის ან დაუდევრობის ბრალი არ არის. ხშირად ამ ქცევას ფიზიოლოგიური მიზეზი აქვს. დადასტურებულია, რომ მოზარდის ბიოლოგიური საათი არ არის სინქრონიზებული უფროსების რიტმებთან.
როდესაც ადამიანში ჰორმონ მელატონინის დონე იზრდება, ის მიდრეკილია ძილისკენ. დილით ეს ჰორმონი მცირდება და ადამიანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. მოზარდებში კი მელატონინი დღის განმავლობაში გამოიფრქვევა, რის გამოც შეიძლება დილით ჰქონდეს ძილიანობა, ღამით კი სიფხიზლის პერიოდი.
ჯონ კოულმენი, კლინიკური ფსიქოლოგი და წიგნის „მასწავლებელი და თინეიჯერი ტვინი“ ავტორი, აღნიშნავს, რომ მოზარდების თითქმის ნახევარს ჰორმონი მელატონინი დილის 9 საათზე გამოუმუშავდება, ამიტომ არ არის საჭირო ყველა ტესტი და შემაჯამებელი სამუშაო პირველივე გაკვეთილზე დაინიშნოს.
დოქტორი ტერი აპტერი თვლის, რომ არაპროდუქტიულია მოზარდისთვის ყვირილი და თქმა, რომ ზარმაცია. მოზარდის ტვინში დოფამინის მომატების გამო, ზოგჯერ უბრალო შექებაც შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს.