მარიამ ნაბატანზი უგანდას პატარა სოფელში დაიბადა და გაიზარდა. მისი ზუსტი ასაკი უცნობია. ინტერვიუში თავად მარიამი სხვადასხვა თარიღს ასახელებს, მაგრამ ახლა დაახლოებით 40 წლისაა. თუმცა, ქალმა საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა...
გოგონა დედამ დაბადებისთანავე მიატოვა. მარიამსა და მის ხუთ და-ძმას მამა უვლიდა. მალევე კი მან ახალი ცოლი შერთო, რომელსაც ბავშვები არ მოსწონდა და სასტიკად ეპყრობოდა. მარიამი სახლიდან გაიქცა და ბებიასთან გადაწყვიტა ცხოვრება. მალევე ბებია გარდაეცვალა, მამამ კი გაქცეული ქალიშვილის სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა.
როგორც მარიამი იხსენებს, ამის შემდეგ დედასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან მეორედ თქვა მასზე უარი და ქმარს დაუმალა, რომ წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავდა.
როგორც კი გოგონა 12 წლის გახდა, მამამისმა მასზე ბევრად დიდ მამაკაცს მიჰყიდა... უგანდაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო და სიღარიბის გამო მშობლები თავიანთ შვილებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ნივთებს.
"ფაქტობრივად, მოხუცზე დავქორწინდი. ის მაშინ 40 წლის იყო, მე კი - 12 წლის. მას შემდეგ ამ ქვეყნად სიყვარული არასოდეს მიგრძნია. გამუდმებით მცემდა და მაუპატიურებდა. ხანდახან მის გასაბრაზებლად ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო. მეგონა, რომ ამას ვერ გავუძლებდი", - იხსენებს ქალი.
2017 წელს უგანდის მთავრობამ ბავშვთა ქორწინებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესა და ქალების უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, მარიამის მოზარდობის დროს ეს კანონი არ არსებობდა.
ქალმა პირველი შვილი 13 წლის ასაკში გააჩინა. მას ტყუპი შეეძინა. ამის შემდეგ ორჯერ კვლავ ტყუპი ეყოლა, მეოთხე ორსულობის დროს კი ერთდროულად ოთხი შვილი შეეძინა. როგორც ცნობილია, ამ წლების განმავლობაში, ქალმა 15-ჯერ იმშობიარა და აქედან მხოლოდ 2-ჯერ მოხდა ისე, რომ თითო შვილი ეყოლა.
პირველი ექვსი შვილის შემდეგ მარიამმა გადაწყვიტა, მეტი ბავშვი აღარ გაეჩინა. ექიმთან მივიდა და დახმარება სთოვა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ექიმმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. უთხრა, რომ იშვიათი პათოლოგია ჰქონდა, რომლის დროსაც ბევრი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება და თუ არ განაყოფიერდებოდა, სიმსივნის მაღალი რისკი არსებობდა. ქალმა კონტრაცეფციის შესახებაც ბევრი არაფერი იცოდა.
საერთო ჯამში ქალს 44 შვილი შეეძინა. აქედან 6 ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა. ორი წლის წინ ქმარმა მიატოვა, თუმცა ეს მარიამისთვის შვება იყო. როგორც ცნობილია, კაცს სხვა ქალები პირდაპირ სახლში მიჰყავდა და მერე საკუთარ ცოლს აიძულებდა, სახლი დაესუფთავებინა. ბევრს სვამდა და ხშირად გადაკარგული იყო. ზოგიერთ ბავშვს მამა არასოდეს უნახავს. კაცმა მთელი ქონება გაყიდა და მარიამი მარტო დატოვა.
ის კი ნამდვილად გმირი დედა აღმოჩნდა და შვილები უბრალოდ აღმერთებენ. ქალი ყველაფერს აკეთებდა, რომ ბავშვები გამოეკვება და მათთვის განათლება მიეცა. მთელი ამ დროის განმავლობაში არასოდეს უთაკილია სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და არაერთ პროფესიას დაეუფლა.
ჯინის დამზადება ისწავლა და ყიდის. ასევე, აქვს საკუთარი მაღაზია, რომელშიც სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებულ წამლებს ყიდის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მის მწვანე აფთიაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება - უნაყოფობის წამალია.
გარდა ამისა, მარიამი ამზადებს კალათებს, ეხმარება ადამიანებს ქორწილების ორგანიზებაში, კერავს ტანსაცმელს, აცხობს ნამცხვრებს გასაყიდად.
ყოველდღე მრავალშვილიან დედას უწევს 20 კგ სიმინდის ფქვილის, 5 კგ შაქრის და 7 კგ ლობიოს ყიდვა, რომ ყველამ ჭამოს. მის შესახებ მთელმა მსოფლიომ 2018 წელს შეიტყო და ქალმა ადამიანებისაგან დახმარების სახით 10 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
"სამწუხაროდ, განათლება ძალიან ძვირია და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია. მაგრამ, მასწავლებლებს დაველაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩემს შვილებს კრედიტით ასწავლიან. ფულს ვაგროვებ და ნელ-ნელა ვიხდი, 16 გოგონა მყავს, დანარჩენი ბიჭები არიან. ვიცი, რომ ჩემმა შვილებმა განათლება აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან თავად ამის შესაძლებლობა არასოდეს მქონია", - ამბობს მარიამი.
2016 წელს ქალმა ექიმებს მიმართა და შვილი აღარასოდეს ეყოლება. ახლა სხვა პრობლემებთან უწევს გამკლავება. ერთ-ერთ ვაჟს გულის სერიოზული პრობლემა აქვს და ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება სჭირდება. თავად მარიამი თავს კარგად გრძნობს და ამბობს: "მთავარია, ჩემს შვილებს განათლება მივაღებინო, იყვნენ ცოცხლები და არ შიოდეთ. სხვა დანარჩენი ამ ცხოვრებაში მხოლოდ წვრილმანებია."