სამი წლის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. ეს არის საფეხური, როცა ადრეული ასაკის ბავშვი თანდათან გარდაიქმნება სკოლამდელ ბავშვად. ეს პერიოდი ფიზიკური და გონებრივი განვითარების მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება.
სხეული ზომასა და პროპორციებს იცვლის. ინტენსიურად ვითარდება უხეში და ნატიფი მოტორული უნარები, ფიზიკური აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.
ტვინის სწრაფი განვითარება ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაფართოებას იწვევს. გონება მოქმედებით-ხატოვანი აზროვნებიდან ხატოვან აზროვნებაზე გადადის, მდიდრდება მეტყველება, ვითარდება მეხსიერება და წარმოსახვა.
საკმაოდ მოკლე დროში ბავშვის პიროვნება მთლიანად იცვლება. ეს ცვლილებები გავლენას ახდენს მის ხასიათზე, მის ძირითად საქმიანობაზე და ადამიანებთან - უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაზე. სწორედ სამი წლის ასაკში ყალიბდება მისი „მე“-ს საფუძვლები და დგინდება დამოკიდებულება გარემომცველ სამყაროზე.
შინაგანი სამყაროს ასეთ გლობალურ „რესტრუქტურიზაციასთან“ დაკავშირებით, ბავშვი საკმაოდ ხშირად ჭირვეულობს, ჯიუტობს, ყვირილითა და ტირილით მგზნებარე სცენებს აწყობს.
ფიზიოლოგია
უმცროს ასაკთან შედარებით კვებასა და ყოველდღიურ რუტინაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის (თუ ბავშვს საბავშვო ბაღში არ მიიყვანთ.) ხანგრძლივი ღამის ძილი, ერთი დღის ძილი, ოთხჯერადი კვება. მესამე დაბადების დღეზე შეგიძლიათ ბავშვს ტკბილეული გაასინჯოთ.
არ დაივიწყოთ რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები: ამიერიდან მათი ჩატარება საჭიროა წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
უნარები
ამ ასაკის ბავშვს მოძრაობის უკიდურესად მაღალი მოთხოვნილება ახასიათებს. სამი წლის ბავშვები მუდმივად აუმჯობესებენ მოტორულ უნარებს. წინა პლანზე გამოდის უხეში მოტორული უნარების განვითარება - მოძრაობების შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს მთელი სხეულის მონაწილეობას (სირბილი, ხტუნვა, ბუქნი, ტრიალი).
სამი წლის ბავშვი:
- მოძრაობს საკმაოდ შეუფერხებლად და ოსტატურად, კარგად ინარჩუნებს წონასწორობას.
- ადვილად იცვლის მიმართულებას და უცებ შეუძლია გაჩერდეს.
- შეუძლია ფეხის თითებზე სიარული, ცალ ფეხზე დგომა.
- თავდაჯერებულად ახტება მცირე დაბრკოლებებს.
- იჭერს და ურტყამს ბურთს.
- კიბეებზე ადი-ჩადის როგორც მოაჯირზე დაყრდნობით, ასევე საყრდენის გარეშეც.
- ატარებს სამთვლიან ველოსიპედს.
ამ პერიოდში იხვეწება ნატიფი მოტორული უნარებიც, თუმცა ბავშვს მაინც უჭირს ზედმიწევნით ზუსტი მოქმედებების შესრულება.
თუმცა, სამი წლის ბავშვს შეუძლია:
- ჩაიცვას და გაიხადოს მარტივი ტანსაცმელი, გახსნას ღილები და შეკრას დიდი ელვა, გაიხადოს უთასმო ფეხსაცმელი.
- გამოიყენოს დანაჩანგალი, ჭამოს და დალიოს აკურატულად.
- საჩვენებელი თითით და ცერით დაიჭიროს ფანქარი, პლასტილინისგან გააკეთოს ბურთულები და ჩხირები, მაკრატლით დაჭრას ქაღალდი.
- შეუძლია წრის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების დახატვა, მის ნახატებში ჩნდება პირველი პატარა კაცუნები.
ამრიგად, ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობსს უფრო და უფრო დამოუკიდებლად უძღვება.
როგორ ვითარდება მეტყველება
სამი წლის ასაკში ბავშვის მეტყველებითი აქტივობა სწრაფად იზრდება. ბავშვის ლექსიკა დაახლოებით 1000-1500 სიტყვისგან შედგება, იყენებს მეტყველების თითქმის ყველა ნაწილს, საუბრობს 3-6 სიტყვიანი წინადადებებით და ზოგადად, სწავლობს ენის გრამატიკულ სტრუქტურას.
როგორც წესი, ბავშვმა უკვე იცის როგორ ააწყოს დიალოგი: ნებით პასუხობს სხვის კითხვებს, სვამს საკუთარს, მის მეტყველებაში ჩნდება თავაზიანი სიტყვები და ძახილის ინტონაციები. ამ ასაკში უკვე შეუძლია სიტყვიერად აღწეროს თავისი მდგომარეობა, ისაუბროს შთაბეჭდილებებზე, გაუზიაროს გამოცდილება.
ზოგადად, ცხოვრების მესამე წლის ბოლოს ბავშვის სოციალური წრე საგრძნობლად ფართოვდება: ის ბევრს ესაუბრება არამარტო ოჯახის წევრებს, ასევე უცნობებს, თანატოლებს.
სამი წლის ბავშვი სიამოვნებით უსმენს აუდიოჩანაწერებს, ზღაპრებსა და ლექსებს, რომლებსაც უფროს უკითხავს ან უამბობს, ადვილად იმახსოვრებს მათ და თითქმის სიტყვასიტყვით ყვება. იგონებს არარსებულ სიტყვებს.
თუ ბავშვი უკვე სამი წლისაა, მაგრამ არ საუბრობს ფრაზებით ან საერთოდ დუმს, მაშინ სპეციალისტების, მეტყველების თერაპევტის, ნეიროპათოლოგის, ფსიქოლოგის, კონსულტაცია აუცილებელია.
როგორ თამაშობს
ამ ასაკში მკვეთრად იცვლება ბავშვის თამაშის სახეც. ადრე თუ უფროსი აჩვენებდა, თუ როგორ უნდა ეჭმია და მოევლო თოჯინისთვის, ბავშვი კი იმეორებდა ამ მოქმედებებს, ახლა ბავშვი ემოციურად არის თამაშში ჩართული. იზრდება ხანგრძლივობაც და ვარიანტებიც იცვლება. თამაშში ჩნდება სიუჟეტი, ყველა მოქმედება ლოგიკურად დაკავშირებული და თანმიმდევრულია. ბავშვი აგროვებს „სამშენებლო მასალებს“, აშენებს სახლს და შიგნით ცხოვრებას იწყებს, იქვე აწყობს ბაღს და თოჯინებს ან მასთან თამაშში ჩართულ პატრნიორებს უმასპინძლდება.
მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თამაშში გარდასახვები ჩნდება. სამი წლის ბავშვების უმეტესობა ადვილად „გადააქცევს“ ერთ საგანს მეორედ და ანიჭებს მათ შესაბამის ფუნქციას. ვედრო იქცევა ქუდად, ფლომასტერი ხდება თერმომეტრი, პატარა ბურთი ვაშლია. თამაშში ასეთი სიმბოლოების გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვს უკვე შეუძლია წარმოსახვის გამოყენებით კონკრეტულ სიტუაციას გასცდეს.
ახლა თამაში არის ბავშვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, აქტივობა, რომელიც მისი ემოციურ და ინტელექტუალური განვითარებას უწყობს ხელს.
ფსიქოლოგიური მახასიათებლები
- სამი წლის ასაკში ბავშვი ზრდასრულისგან დისტანცირებას ცდილობს. ის სულ უფრო ხშირად ამბობს: "მე თვითონ", "მე მინდა", "არ მინდა" და საყვარელ ადამიანებს აჩვენებს, რომ უკვე დიდია, დამოუკიდებელია. ამ პერიოდს „სამი წლის კრიზისი“ ეწოდება.
- ბავშვი გამუდმებით უფროსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჯიუტობს და უმცირესი წვრილმანის გამო ისტერიკებს აწყობს. ცდილობს ყველაფერი პირიქით გააკეთოს, ეწინააღმდეგება უფროსების ნებას; რასაც აქამდე ყოველდღიურად აკეთებდა, ახლა ამაზე უარს აცხადებს. ამავე დროს, ცდილობს დამოუკიდებლად გააკეთოს ის, რისთვისაც სინამდვილეში ჯერ არ არის მზად.
- 3 წლის კრიზისი ყველა ბავშვთან ასეთი მწვავე და ნეგატიური ფორმებით არ მიმდინარეობს, ზოგს ის მსუბუქი ცვლილებებით გადააქვს ან ცოტა ხნით გრძელდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რადგან საკუთარი „მე“-ს ფორმირება აუცილებლად ხდება.
- როგორც კი კრიზისი დასრულდება, ბავშვი აგრესიულ და სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას წყვეტს. მას უკვე თავის დამკვიდრების განსხვავებული გზა აქვს: ახლა ცდილობს წარმატებებს მიაღწიოს და ეს ზრდასრულს აჩვენოს, რათა მისგან მოწონება დაიმსახუროს.
- ბავშვი უბრალოდ კუბს კი არ დებს კუბზე - მისთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალი კოშკი ააგოს და მშობლისგან ქება მოისმინოს: „რა მაღალი კოშკია! რა კარგად აგიშენებია!" ახლა ბავშვი საკუთარ თავს ზრდასრული ადამიანის თვალით აფასებს, ის უკიდურესად მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ როგორ აფასებენ მის მიღწევებს სხვები. ასე იწყება თვითშეფასებისა და თავდაჯერების ჩამოყალიბება.
რჩევები სამი წლის ბავშვის მშობლებისთვის
- „სამი წლის კრიზისი“ გამოცდაა მთელი ოჯახისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მისი „სწორად“ გავლა, რადგან ბავშვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მშობლისა და შვილის ურთიერთობა ამ პერიოდში.
- არ არსებობს ერთი რეცეპტი, თუ როგორ უნდა უპასუხოთ სამი წლის ბავშვის გამოხტომებს. მთავარია, მან გააცნობიეროს, რომ კონფლიქტები სხვადასხვა გზით შეიძლება გადაწყდეს.
- მშობელი კვლავ კატეგორიულად კრძალავს რაღაცებს და ბავშვს მოუწევს ამასთან შეგუება. ბავშვმა შეიძლება ტირილითა და ყვირილით გააპროტესტოს თავისუფლების შეზღუდვა თუმცა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების საკითხებში ზრდასრული ადამიანის აკრძალვები მკაფიო და უცვლელი უნდა იყოს.
- თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნაკლებად სერიოზულ უთანხმოებებზე, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქცევის სხვადასხვა ტაქტიკა.
- ზოგჯერ საჭიროა ბავშვის ყურადღების გადატანა საუბრით ან თამაშით, შეჯიბრის მოწყობით. მაგალითად, როცა ჯიუტობს და ქურთუკს არ იცვამს, შესთავაზეთ თამაში „ვინ უფრო სწრაფად ჩაიცვამს ქურთუკს“. ასევე თამაშის გზით შეგიძლიათ დაალაგებინოთ სათამაშოები, ან გაიხეხოს კბილები თოჯინასთან ერთად.
- ხანდახან შეგიძლიათ დაუთმოთ ბავშვს, რადგან მასაც აქვს თავისი აზრისა და პირადი შეღავათების უფლება. არ უნდა შვრიის ჭამა? შესთავაზეთ წიწიბურა ან ბრინჯის ფაფა. დაძინებაზე ამბობს უარს? ადროვეთ კიდევ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ახირება შეუსრულოთ, მაგრამ ნურც ჯიბრში ჩაუდგებით და თქვენი ავტორიტეტის დამტკიცება ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ - ბავშვის სურვილებისა და საჭიროებებისადმი პატივისცემის გამოხატვა ზოგჯერ აუცილებელია.
- ზოგიერთ სიტუაციაში ბავშვს ემოციების ამოფრქვევის საშუალება უნდა მისცეთ, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მიიღოს სიტუაცია ისე, როგორც არის. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, არ უყიდოთ მეათე მანქანა, ის კი მაღაზიაში სკანდალს მოაწყობს და ისტერიკას გამართავს, სხვა არაფერი დაგრჩენიათ გარდა იმისა, რომ ქარიშხლის გადავლას დაელოდოთ. „გაჩუმდი“, „შენი ხმა არ გავიგონო“ და „დაწყნარდის“ მოთხოვნები მხოლოდ საპირისპირო ეფექტს მოგიტანთ. თქვენ უბრალოდ გვერდით იყავით, ჩაეხუტეთ, ცრემლები მოწმინდეთ. არაფრის თქმა არაა საჭირო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ტაქტილური კონტაქტი და ყურადღება.
- ასეთ სიტუაციებში თავად ზრდასრულმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ეცადოს, არ მიაქციოს ყურადღება გამვლელების რეაქციებს, რადგან ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვს სწორედ იმიტომ უყვირიან, რომ დამსწრე ადამიანების ერიდებათ.
- როცა ბავშვი დამშვიდდება, უნდა აუხსნათ, როგორი არასწორი იყო მისი საქციელი და განუმარტეთ, თქვენ რატომ მოიქეცით ასე და არა სხვაგვარად. აღმზრდელობითი საუბრები ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშვიდ და ნდობით სავსე ატმოსფეროში წარიმართება.
დაიმახსოვრეთ, სწორედ სამი წლის ასაკში აცნობიერებს ბავშვი, რომ მისი სურვილები ყოველთვის არ ემთხვევა სხვებისას, რომ ყოველთვის ვერ აისრულებს მათ. თუ მის წინააღმდეგობებს ყვირილითა და ცემა-ტყეპით არ ჩაახშობთ, ბავშვი ქცევის სხვადასხვა სტრაგეგიას შეიმუშავებს და ისწავლის სხვების ნების გათვალისწინებას.
სამი წლის კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ ის, რასაც ბავშვი ამ პერიოდში ისწავლის, მას მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება.