საბავშვო წიგნები, რომლებიც თქვენს შვილს სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებაში ეხმარება - მშობლები

საბავშვო წიგნები, რომლებიც თქვენს შვილს სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებაში ეხმარება

2023-03-10 14:52:53+04:00

საბავშვო წიგნების ასორტიმენტი ფაქტობრივად შეუზღუდავია. წიგნის მაღაზიის თაროებზე შეხვდებით წიგნებს 0 თვიდან, რეზინის წიგნებს, რომლებიც აბაზანაში უნდა ჩაუყაროთ, წიგნებს ჩხრიალებით, რომლებიც სათამაშოს ფუნქციასაც ითავსებს და კიდევ ათასგვარ ვარიანტს, რომლებიც იმისთვის იქმნება, რომ ჯერ კიდევ თვეების ბავშვი წიგნს შეეჩვიოს და შეუყვარდეს.

რაც უფრო პატარა ასაკში შეაყვარებთ ბავშვს წიგნს, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება მისი ინტერესები, მეტად დაინტერესდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაკლებად მიეჯაჭვება ეკრანს.

საბავშვო ლექსები კარგად ავითარებს ბავშვის გონებასა და მეხსიერებას, თუმცა სკოლამდელი ასაკისთვის ეს საკმარისი არაა. არ დაელოდოთ, როდის ისწავლის თქვენი შვილი კითხვას, რომ ენციკლოპედიის ტიპის საკითხავი შესთავაზოთ. თავად წაუკითხეთ წიგნები საინტერესო ვიზუალური ჩანართებით, რომლებიც მათში მეტ ინტერესს გამოიწვევს. მნიშვნელოვანი თემების გაცნობით თქვენს შვილს მრავალმხრივ სარგებელს მოუტანთ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

333154597-732352641883892-8419680439729026237-n-1678445794.jpg

  • ბავშვებს 4-5 წლის ასაკში ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ. მათ ნაწილს მცენარეთა სამყარო აინტერესებს, ნაწილს - კოსმოსი, ნაწილს - დინოზავრები და სხვა და სხვა. ამ ასაკში ბავშვის ინტერესების სფეროს ნუ შეზღუდავთ და თუ მას დინოზავრები უყვარს, მხოლოდ დინოზავრებიანი ტანსაცმლითა და აქსესუარებით ნუ შემოიფარგლებით. ეცადეთ, მაქსიმალურად გაუღრმაოთ ცოდნა დინოზავრების შესახებ, შეასწავლეთ დინოზავრების სახეობები, გააცანით მათ შორის ვიზუალურ სხვაობები, მოუყევით დინოზავრების გადაშენების შესახებ. ამ გზით მათ ინტერესებს მაქსიმალურად გააფართოებთ და საფუძველს ჩაუყრით, რომ როცა შედარებით გაიზრდება, თავად გააგრძელოს საინტერესო ინფორმაციის მოძიება და შესწავლა.
  • თუ ბავშვი სკოლამდე ასაკში მიეჩვევა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაციის გაცნობას, როგორიცაა ჩვენი დედამიწა, კოსმოსი, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ნაკლები შანსია, რომ მას სკოლაში სწავლა გაუჭირდეს. ის უკვე შეჩვეული იქნება ისეთ სიტყვებს, მაგალითად, როგორიცაა: კოსმოსი, პლანეტები, იუპიტერი, ფლორა, ფაუნა, გადაშენებული დინოზავრები, ტირანოზავრი და ასე შემდეგ. ეს სასარგებლოა, როგორც მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის, ისე მეტყველების განვითარებისთვის.
  • ბავშვებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, მაგალითად, კოსმოსის, დედამიწის წარმოქმნის ან დინოზავრების გადაშენების შესახებ, იციან პლანეტების დასახელება და რიგი, ასახელებენ და ახასიათებენ დინოზავრების სახეობებს, უფრო სოციალურები და კომუნიკაბელურები არიან. მიზეზი მარტივია - მათ უყვართ იმ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება, რომელსაც თავად ფლობენ. შესაბამისად, ისინი მუდმივად შედიან კომუნიკაციაში სხვა ბავშვებთან, უფროსებთან, მასწავლებლებთან და ცდილობენ, მოუყვნენ ყველაფერი, რაც იციან. ეს კი დამეგობრებასა და ურთიერთობების დამყარებაში უწყობს ხელს.

333274711-744838257014906-8531215729570858859-n-1678445823.jpg

ბავშვების მნიშვნელოვანი თემებით დაინტერესებაში დაგეხმარებათ სპეციალურად შექმნილი გამოცემები მოძრავი ვიზუალური ჩანართებით. აქვე რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ. „კოსმოსი მოძრავი ჩანართებით“ არა მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას აძლევს ბავშვს კოსმოსის შესახებ, არამედ მისი ჩანართების საშუალებით თქვენი პატარა მარტივად დაიმახსოვრებს პლანეტებს, მათ თანმიმდევრობასა და ზომას, მიხვდება, როგორ მუშაობენ რაკეტები კოსმოსში, როგორ ცვლის დღეს ღამე და პირიქით, როგორ ბრუნავს მზე და პლანეტები. წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება თქვენმა შვილმა ტელესკოპი და ვარსკვლავებზე დაკვირვებაც კი გთხოვთ. პატარაობიდანვე ასეთი ინტერესების გაჩენა კი ნამდვილად მნიშვნელოვანია.

333963125-223839646773325-823215422923028429-n-1678445729.jpg

კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა გახლავთ „დინოზავრები მოძრავი ჩანართებით“. მისი მოძრავი ჩანართები თქვენს პატარას დინოზავრების სახეობების შესწავლაში დაეხმარება და ამავდროულად, მისცემს ინფორმაციას სამყაროს არსებობის სხვადასხვა პერიოდის, დინოზავრების გადაშენების, ასტეროიდის, აღმოჩენილი ნამარხების შესახებ. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ბავშვი დიდი ალბათობით საქართველოში არსებული დინოზავრის ნაკვალევის ნახვასაც მოგთხოვთ.

333109428-5983561731763947-4910696770220554030-n-1678445777.jpg

ეცადეთ მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოთ თქვენი შვილების ინტერესები. ამისთვის კი სწორად შერჩეული წიგნი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა.

R