"როდესაც მშობელი თავად წყვეტს, ყველა საკითხს და შვილს არჩევანის შესაძლებლობას აღარ უტოვებს. არ ითვალისწინებს, მას რა მოსწონს. ფიქრობს, რომ თავად იცის, რა უკეთესია მისთვის და შემდგომში ამას საკმაოდ ცუდი შედეგი აქვს. წლების შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანები საკუთარი საჭიროებების ამოცნობას, თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას ვეღარ ახერხებენ და სულ აქვთ მოლოდინი, რომ სხვა მიუთითებს, ასწავლის, როგორ მოიქცნენ, როგორი გემოვნება ჰქონდეთ, რა პროფესია აირჩიონ და ასე შემდეგ. პოზიტიური მშობლობის დროს პირიქითაა. ბავშვი, რომელსაც მშობელი მცირე ასაკიდანვე აძლევს შესაძლებლობას, ნივთები თავად აირჩიოს, საკუთარი აზრი გამოთქვას, სამომავლოდ დამოუკიდებლად ცხოვრებას მარტივად მოახერხებს.
ხშირად მშობლები, ერთი შეხედვით, უწყინარ ფრაზებს, წინადადებებს, მათ ბავშვობაში დასწავლილ ქცევებს ისე გადასცემენ თავიანთ შვილებს, რომ არ ფიქრობენ, ეს რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათი განვითარებისა და მომავალი წარმატებისთვის. გენდერისა და კომუნიკაციების ექსპერტი, მაია ჩიტაია გვესაუბრება, რა გავლენას ახდენს ბავშვზე ტოქსიკური მშობლობა, რა როლი აქვს პოზიტიურ დამოკიდებულებას და როგორ იცვლება იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც ბავშვობაში მშობლები არჩევანის უფლებას აძლევდნენ და მხარს უჭერდნენ:
- გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს ჩატარდა და მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობას იკვლევდა, კიდევ ერთხელ განმტკიცდა ის ფაქტი, რომ მშობლები ძირითადად ავტორიტარულ აღზრდის მეთოდებს იყენებენ. ეს არის ის მეთოდები, რომლებითაც თავად გაიზარდნენ და შვილებთანაც იმავე გამოცდილებას ანიჭებენ უპირატესობას. ამავე კვლევაში განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ მოზარდების აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მშობლების ავტორიტარულ დამოკიდებულებას მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ფაქტობრივად, გარდამტეხი როლი აქვს. რამდენიმე მათგანი ახსენებდა იმასაც, რომ მშობლების მსგავსი დამოკიდებულების გამო, დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდათ და საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაუქვეითდათ. მოზარდები იმის გამო, რომ ხშირად ოჯახისაგან მხარდაჭერას ვერ იღებენ, არ შეუძლიათ თავიანთ გრძნობებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე ხმამაღლა საუბარი, ამ საჭიროებებს სახლის გარეთ, სხვაგან ეძებენ. ხშირად კი არასწორი მხრიდან იღებენ ინფორმაციას და ვითარდებიან.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წლის კვლევამ იმ მშობლების შვილების აზრიც გამოკვეთა, რომლებსაც აღზრდის პროცესში პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები მხარს უჭერენ, უსმენენ, ეხმარებიან, დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, გაცილებით მკაფიოდ შეუძლიათ საკუთარ შესაძლებლობებსა და წუხილებზე საუბარი, პოზიტიური ღირებულებითი სკალა აქვთ და ბევრად უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. შემდგომ ცხოვრებაში კი წარმატებულები არიან და აკეთებენ იმას, რაც უყვართ.
ეს ძალიან საინტერესო შედარებაა, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით. მაგრამ, კვლევამაც რომ დაადასტურა, ტოქსიკური მშობლობის უარყოფითი გავლენის გამოკვეთა კიდევ უფრო ნათლად შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ მშობელს გააზრებული ჰქონდეს, თუ რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს სწორი პოლიტიკა და შექმნას პოზიტიური მშობლობის დასწავლის პროგრამები, რომლებიც, ამ ეტაპზე, არ გაგვაჩნია. არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საკითხზე საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, ქმნიან სასწავლო რესურსებსა და რჩევებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მშობელს ამ რესურსებზე ხელი არ მიუწვდება. რეგიონებში ინტერნეტის საკითხი ჯერ კიდევ პრობლემაა. არსებობს ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც მშობელს ამ საკითხებზე ფიქრისა და პრაქტიკაში გამოყენების დროც კი არ რჩება. ისინი იმდენად არიან ჩართულნი ოჯახში ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში, რომ სხვა საკითხებზე ვეღარ ახერხებენ ფოკუსირებას. ბავშვების აღზრდის პროცესში თანასწორ ჩართულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან დედაა. მაგრამ, როდესაც როლები დედასა და მამას შორის გადანაწილებული იქნება, ორივე მხარეს თვითგანვითარებისთვის უფრო მეტი დრო დარჩება.
- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მივცეთ. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ კონკრეტულ მომენტში მისი აზრი არ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ აზრის გამოთქმის, დაფიქსირების უფლება აუცილებლად უნდა მისცეთ. გარდა ამისა, ბავშვს მშობელთან საკუთარ საჭიროებებზე საუბარი უნდა შეეძლოს. ტოქსიკური დამოკიდებულების დროს, მშობელი შვილს მთლიანად უგულებელყოფს იმიტომ, რომ არ სცალია, სხვა საქმეები აქვს, არ ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროს ბავშვს რაღაცაზე საუბარი სურს, უნდა, რომ მშობელს გაუზიაროს. პოზიტიური მშობლობა კი გულისხმობს იმას, რომ გადავდოთ ყველა საქმე და შვილს მოვუსმინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტუალურია ის საკითხი, რაზეც ის გველაპარაკება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლები მას უსმენენ და მხარს უჭერენ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი ზემზრუნველობაა. როდესაც მშობელი თავად წყვეტს ყველა საკითხს და შვილს არჩევანის შესაძლებლობას აღარ უტოვებს. არ ითვალისწინებს, მას რა მოსწონს. ფიქრობს, რომ თავად იცის, რა უკეთესია მისთვის და შემდგომში ამას საკმაოდ ცუდი შედეგი აქვს. წლების შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანები საკუთარი საჭიროებების ამოცნობას, თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას ვეღარ ახერხებენ და სულ აქვთ მოლოდინი, რომ სხვა მიუთითებს, ასწავლის, როგორ მოიქცნენ, როგორი გემოვნება ჰქონდეთ, რა პროფესია აირჩიონ და ასე შემდეგ. პოზიტიური მშობლობის დროს პირიქითაა. ბავშვი, რომელსაც მშობელი მცირე ასაკიდანვე აძლევს შესაძლებლობას, ნივთები თავად აირჩიოს, საკუთარი აზრი გამოთქვას, სამომავლოდ დამოუკიდებლად ცხოვრებას მარტივად მოახერხებს.
ზემზრუნველობის კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ მშობლებს სურთ, რაც თავიანთ ბავშვობაში არ ჰქონდათ, ვერ მოახერხეს, ახლა შვილებს გადასცენ და მისცენ შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამას სრულიად კეთილი მიზნებით აკეთებენ, მაგრამ ასეთ დროს შვილებს არჩევანის უფლებას ართმევენ. შესაძლოა, მათ სულაც არ უნდოდეთ იმ პროფესიის არჩევა, რომელზეც მშობელი ადრე ოცნებობდა, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა ხელი შეუშალა.
- შვილებს არასდროს უნდა ვუთხრათ შემდეგი ფრაზები: "შენ ეს არ შეგიძლია", "არ გამოგივა". ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომ შეცდომების დაშვება აუცილებელია, რომ განვვითარდეთ. თუ შეცდომას არ დავუშვებთ, არ დავმარცხდებით, ვერ მივხვდებით, რა არის სწორი და რა - არასწორი. მიეცით შესაძლებლობა, ბევრი რამ სცადოს და თავად ნახავს, რა გამოსდის და არა - არა. მიეცით შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და ნუ ეტყვით წინასწარ, რომ რაღაც არ გამოუვა.
- აღზრდის პროცესში გენდერული როლების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს წარმოდგენა, რომ რაკი გოგონაა, ის უნდა იყოს სახლის საქმეებში ჩართული და ბიჭს შეუძლია, ეზოში სათამაშოდ წავიდეს. სამომავლოდ, მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალებს აქვთ განცდა, რომ სახლის საქმეები მხოლოდ მათი საქმეა და მამაკაცები არ უნდა ჩაერიონ. დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი აქვს არა მარტო ოჯახს, არამედ სკოლასა და მასწავლებელს. მასწავლებლის მიერ წარმოთქმულმა ერთმა არასწორმა ფრაზამ შეიძლება, საერთოდ ყირაზე დააყენოს მათი ცხოვრება. ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონებსა და ბიჭებს საგნების სწავლის მიხედვით ჰყოფენ და ამბობენ, რომ ბიჭებს მათემატიკის კარგად სწავლა შეუძლიათ, გოგონებს კი უფრო ჰუმანიტარული საგნები გამოსდით. არასწორი კოდირების გამო, ჩვენს შვილებს თავიდანვე განვუსაზღვრავთ ხოლმე, რა უნდა აირჩიონ. სინამდვილეში კი სხვადასხვა საგნის შესწავლა გოგონებსაც და ბიჭებსაც თანაბრად შეუძლიათ და ბავშვებს არასწორი მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ.
- ქალების ემანსიპაცია და მათი როლის გაძლიერება ნელ-ნელა თვალსაჩინო ხდება. მაგრამ, რაც უფრო ძლიერდება ქალი, პატრიარქალური გარემოცვა მით უფრო ბრაზდება. არ პატიობს გაძლიერებას, რაც შემდგომში მომატებული ძალადობრივი ფაქტებით გამოიხატება. მაგრამ ის, რომ ქალები ძლიერდებიან, აშკარა და შეუქცევადი პროცესია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალების გაძლიერება ერთჯერადი მონაპოვარი არ არის. ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც მივაღწევთ და ვიტყვით, რომ პროცესი დასრულდა.პირიქით, ყოველდღიური ბრძოლის შედეგია, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება.
- ნაადრევ ასაკში ქორწინება იმიტომაა კანონით აკრძალული, რომ მოზარდს არ შეუძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვროს, მისი ახლანდელი ნაბიჯი რა შედეგს მოუტანს. როგორც წესი, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განათლების მიღების შესაძლებლობაზე, სამომავლო ცხოვრების დაგეგმვაზე, განვითარებასა და რეალიზებაზე. ამიტომაც არის ის კანონით აკრძალული. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერება წლებთან ერთად ძალიან გაიზარდა და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ამაში კი არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ, რომლებმაც წარმოუდგენელი შრომა გაწიეს რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობისას და დადებითი დინამიკა შექმნეს.
თამარ იაკობაშვილი