ცნობილი მუსიკოსი დათო ევგენიძე უმცროს ვაჟთან - ნიკოლოზთან ერთად პარიზში იმყოფება.
პარიზში ცხოვრობს მისი უფროსი ქალიშვილი ანჟელიკა. ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან შეეძინა, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშივეა დაქორწინებული და მრავალშვილიანი დედაა.
"ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლი-ნახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ, - ყვება დათო ერთ-ერთ ინტერვიუში, - პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა მალევე გათხოვდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო საფრანგეთში წასვლა. მეც, რა გზებს არ ვპოულობდი, რომ იქ ჩავსულიყავი... პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა, იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა, შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდა ქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე... ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია..."
დათო ანჟელიკას შვილებთან ერთად
თავად დათოს ანჟელიკას და ნიკოლოზის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს. საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა.
ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე იყო დაქორწინებული, ნიკა ალასანიაზე. მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. თუმცა მათი ოჯახი დაინგრა და ლიკა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ერთად ცხოვრობს.
"პირველად 26 წლისამ ვიქორწინე ნინა კალანდაძეზე. მერე დაიბადა ლიკა, შემდეგ - ლუკა. ნინა ხელოვნებათმცოდნეა, ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს. ჩვენი ორი საერთო შვილის გარდა, კიდევ ორი არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს. მიხარია, რომ ბედნიერია.
შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ნინო ჟვანია გამოჩნდა და დარჩა სამუდამოდ. პატარა იყო, როდესაც ნათესავის ოჯახში გავიცანი. ვიცოდი მისი ტკივილი, რომ ბებია და ბაბუა დაუხვრიტეს აფხაზეთში. ყოველთვის მომწონდა და თვალყურს ვადევნებდი. ჩვენ 13 წლის წინ დავქორწინდით. პირველ მეუღლეზე 9 წლით, ნინოზე კი 17 წლით უფროსი ვარ".
ნინა კალანდაძესთან დაშორების შემდეგ დათო ევგენიძე და ნინო ჟვანია ერთად ცხოვრობენ. მასთან მუსიკოსს ნიკოლოზი შეეძინა. ნინო ჟვანიაზე არც ისე დიდი ხნის წინ ოფიციალურად იქორწინა და საქორწილო ცერემონიაც მოაწყო.