10-წლიანი დეპრესია, ავადმყოფობა, გაკოტრება და სექსუალური სკანდალი - ბრენდან ფრეიზერის ტრიუმფი "ოსკარზე" და აუტისტი შვილი, რომელიც დაბრუნებაში დაეხმარა - მშობლები

10-წლიანი დეპრესია, ავადმყოფობა, გაკოტრება და სექსუალური სკანდალი - ბრენდან ფრეიზერის ტრიუმფი "ოსკარზე" და აუტისტი შვილი, რომელიც დაბრუნებაში დაეხმარა

2023-03-14 09:42:53+04:00

წლევანდელი "ოსკარის" ცერემონიიდან ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრენდან ფრეიზერის დაჯილდოება იყო, მისი ემოციური სიტყვის და ცრემლების თანხლებით. საქმე ისაა, რომ მისი ჯილდო გარდა იმისა, რომ დამსახურებული გახლდათ, იყო ასევე დასასრული მისი მრავალწლიანი ტანჯვისა და ურთულესი ცხოვრებისეული ეტაპისა, დიდი დაბრუნება სამსახიობო კარიერაში.

პირველი წარმატებები

მომავალი მსახიობი 1968 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ინდიანაპოლისში, აშშ-ში, კანადელების ოჯახში. დედა გაყიდვების სპეციალისტი იყო, მამა კი, ყოფილი ჟურნალისტი, კანადის ტურიზმის სამინისტროში მუშაობდა. ბრენდანს სამი უფროსი ძმა ჰყავს - კევინი, შონი და რეგანი.

ბავშვობაში ბევრს მოგზაურობდა ოჯახთან ერთად. დიდხანს ცხოვრობდა ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ლონდონში. უკვე მოზრდილსაც უყვარდა მოგზაურობდა და ეს მისი ჰობიც იყო.

კერძო სკოლაში სწავლობდა და სკოლის პერიოდში, 12 წლიდან დაინტერესდა თეატრით, პირველი როლებიც მაშინ შეასრულა. პროფესიული არჩევანიც ამ მიმართულებით გააკეთა და ტორონტოსა და სიეტლში ეუფლებოდა მსახიობობას. 1990 წელს სიეტლში დაამთავრა კორნიშის ხელოვნების კოლეჯი.

სამსახიობო კარიერა 1988 წელს დაიწყო, ტელესერიალებით. თავდაპირველად უფრო კომედიურ როლებს სთავაზობდნენ. პირველი აღიარება მოუტანა ტარზანის შესახებ პაროდიულმა ფილმმა "ჯორჯი ჯუნგლებიდან", შემდეგ კი, სათავგადასავლო ფილმმა "მუმია", რის შემდეგაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

brendan-1678773844.jpg

სხვადასხვა წარმატებული, როგორც კომედიური, ისე დრამატული როლების შესრულების შემდეგ, 2007 წელს დაუბრუნდა გადაღებებს "მუმიის" გაგრძელებაში და სწორედ ამ დროს მოხდა პირველი უსიამოვნო ფაქტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაზე.

სწორედ გადაღებებზე, სადაც ჩვეულად ასრულებდა ბევრ ილეთს, ხერხემალი და მუხლი დაიზიანა საკმაოდ და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მოუწია კლინიკიდან კლინიკაში სიარული და ოპერაციები ხერხემალსა და მუხლზე. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახური პრობლემები - თითქმის ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა მეუღლეს, მსახიობ ეფტონ სმიტს, რომელთანაც სამ შვილს ზრდიდა.

brendan-frejzer-s-semej-1678774160.jpg

განქორწინების პროცესი მძიმე იყო და ბრენდანს ყოველწლიურად 900 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა ალიმენტის სახით. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქტიურად ვეღარ თამაშობდა კინოში, ამიტომ ფული თნდათან შემოელია და იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა ალიმენტის თანხის შემცირების მოთხოვნით. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა - ყოფილი ცოლი ამტკიცებდა, რომ ბრენდანს ფული აქვს, უბრალოდ მალავს და გადახდა არ უნდა.

ყოველივე ამას, ჯანმრთელობის პრობლემებს, პირადი ცხოვრების დანგრევას და ფინანსურ სირთულეებს მოჰყვა მძიმე დეპრესია, წონაში მატება, როლების თანდათანობით შემცირება და ცხოვრებისეული დაღმართისკენ სვლა.

თითქმის ათ წელს გაგრძელდა ეს მძიმე, დეპრესიული პერიოდი და 2018 წელს ბრენდანის სახელს მორიგი სკანდალი დაუკავშირდა.

2018 წელს ბრენდანმა გააკეთა განცხადება, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრეზიდენტის, ფილიპ ბერკის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსვერპლი იყო. ამბობდა, რომ ინციდენტი 2003 წელს მოხდა ერთ-ერთ სადილზე, როცა ბერკმა მისკენ გაიწია და ხელითაც შეეხო ინტიმურ ადგილებში. ფრეიზერი ამბობდა, რომ ამ ინციდენტმა, მეუღლესთან განქორწინებასა და დედის გარდაცვალებასთან ერთად, მიიყვანა ის დეპრესიამდე. "უცებ თვალთ დამიბნელდა, პატარა ბავშვივით ვიგრძენი თავი. მეჩვენებოდა, რომ ყელში ბურთი გამეჩხირა და მეგონა, უბრალოდ ავტირდებოდი", - იხსენებდა იმ შემთხვევას ფრეიზერი. მსახიობის წარმომადგენლებმა ბერკისგან წერილობითი ბოდიში მოიხადეს. ბერკმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ფაქტია, რომ ამ აღიარების შემდეგ ის დაბლოკილი იყო "ოქროს გლობუსზე", როგორც სტუმარი და როგორც ნომინანტი.

მხოლოდ 2022 წელს შედგა ბრენდანის ნამდვილი დაბრუნება დარენ არანოფსკის სურათით "ვეშაპი", რომელმაც ბრენდანს სანატრელი "ოსკარი" მოუტანა. როგორც თავად ამბობს, ამ ურთულესი როლისთვის მზადებაში მას სამიდან ერთ-ერთი ვაჟი, გრიფინი დაეხმარა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. სწორედ მის მიხედვით ააგო განდეგილი მასწავლებლის როლი.

728x547-1-16e9d2625fc8d2791a3913b4783973594717x3543-0xac120004-1487334531677571826-1678775438.jpeg

brendan-fraser-gives-shout-out-to-his-autistic-son-griffin-at-oscars-1678775439.jpg
ბრენდანი და მისი ვაჟი გრიფინი

brendan-fraser-family-031223-2-ade01bcaa9f04d4bbb517c972414036f-1678775438.jpg
შვილებთან და მეგობარ ქალთან ერთად ოსკარებზე

ფაქტია, დიდი დაბრუნება შედგა და ახლა ბრენდანს წინ აქვს კარგი როლები და ცხოვრებისეული სიამეები.