ვაიოლეტ ჯესოპის ფენომენი მკვლევარებს მთელ მსოფლიოში აღაფრთოვანებს. გოგონა, ალბათობის თეორიის ყველა კანონის თანახმად, უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ ტრაგედიებს სასწაულებრივად გადაურჩა და კვლავ განაგრძო ცხოვრება:
როდესაც ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი დაიბადა, ექიმებმა თქვეს, რომ მაქსიმუმ 6 თვე იცოცხლებდა. ახალშობილს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა და მშობლებს მისი სიცოცხლის იმედს არ აძლევდნენ. ვაიოლეტი ირლანდიელი ემიგრანტების უილიამ ჯესოპისა და კეტრინ კელის ოჯახში მე-9 შვილი იყო. ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა და მაშინ, როცა არგენტინაში საცხოვრებლად გადავიდნენ, ტუბერკულოზი დაემართა. ექიმების პროგნოზი არაკეთილსაიმედო იყო, მაგრამ პატარა გოგონა სიკვდილს სულაც არ აპირებდა. გავიდა რამდენიმე წელი და ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდა. მისი საოცარი ისტორია სწორედ აქედან იწყება.
ვაიოლეტის მამას კონკრეტული პროფესია არ ჰქონდა. იმედოვნებდა, რომ ირლანდიის დატოვების შემდეგ, არგენტინაში გაუმართლებდა და მრავალშვილიან ოჯახს საჭირო ნივთებითა და საკვებით უზრუნველყოფდა. ერთადერთი, რაც მამაკაცმა იცოდა, საქონლის მოშენება იყო, თუმცა საქმეს ვერ პოულობდა. უილიამ ჯესოპი სხვადასხვა სამუშაოზე ფიზიკურად მუშაობდა, ხშირად რამდენიმე დღით უჩინარდებოდა, პრაქტიკულად არაფერს ჭამდა. ვაიოლეტი 16 წლის არ იყო, როცა მამა გარდაეცვალა. კეტრინმა ჩანთები ჩაალაგა, ბოლო ფულით ინგლისში წასასვლელი ბილეთი იყიდა და გაემგზავრა.
ოჯახი წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ქალს 9 შვილის რჩენა არ შეეძლო, ამიტომაც, გადაწყვიტა ბავშვები პანსიონატში გაეშვა. ვაიოლეტი და მისი უმცროსი და მონასტერთან არსებულ ქრისტიანულ სკოლაში გაუშვა, სადაც მათზე იზრუნებდნენ და განათლებასაც მისცემდნენ.
ჭკვიანმა და მშვიდმა ვაიოლეტმა მონაზვნებს ძალიან შეაყვარა თავი. 16 წლის ასაკში ისე ზრუნავდა თავის უმცროს დაზე, იმდენად ბევრი რამ ესმოდა, რომ ყველას აოცებდა. იმ დროისთვის, კეტრინ კელი ბევრს მოგზაურობდა, ლაინერზე სტიუარდესად დაიწყო მუშაობა და, ფაქტობრივად, მთელ დროს ოკეანეში ატარებდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში გემებით გადაადგილების ბიზნესი სწრაფად განვითარდა და ამიტომ ეკიპაჟის ახალი წევრები ყოველთვის სჭირდებოდათ. ქალს 350 დღე ოკეანეში უნდა გაეტარებინა, თუმცა ამ პირობას უყოყმანოდ დასთანხმდა, რათა შვილებისთვის საჭირო თანხა გამოემუშავებინა.
ვაიოლეტი მონასტერში ცხოვრობდა, თუმცა, როგორც ცნობილია, თავად საერო ცხოვრებაზე ოცნებობდა. მალევე დედის მძიმე ავადმყოფობის შესახებ გაიგო, რომელიც მუდმივი მოგზაურობის დროს დაავადდა. ახლა დედასა და უმცროს დაზე თავად უნდა ეზრუნა. სად იყვნენ ვაიოლეტის უფროსი ძმები და ეხმარებოდნენ, თუ არა ოჯახს, უცნობია.
გოგონას მონასტერში ყველა ტიპის ხელსაქმე ასწავლეს, თუმცა სამონასტრო სკოლის დასრულების შემდეგ, არ იცოდა, სად დაეწყო მუშაობა, რომ თანხა გამოემუშავებინა. ამიტომ გადაწყვიტა, დედის კვალს გაჰყოლოდა და ბორტგამცილებლად მოეწყო.
იმ დროს გემზე ძირითადად შუახნის ქალები მიჰყავდათ. მთავარი კრიტერიუმები იყო, რომ ქალებს შრომა არ დაზარებოდათ, ყოფილიყვნენ ძლიერები და ამავდროულად, იმ ასაკის, რომ ბორტზე სასიყვარულო ურთიერთობები არ გაებათ.
21 წლის ვაიოლეტს შტატში არ აიყვანდნენ, დედას კონკრეტული რჩევები რომ არ მიეცა. გოგონამ მოძველებული ვარცხნილობა გაიკეთა, დედის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვა და ისეთი მაკიაჟი გაიკეთა, რომელიც ასაკს მატებდა. ამიტომ, იმ დღესვე "ორინოკოს" ეკიპაჟის წევრი გახდა.
ვაიოლეტის ცხოვრებაში პირველი კატასტროფა ორი წლის შემდეგ მოხდა. 1911 წლის ივნისში, 23 წლის სტიუარდესა "ოლიმპიკის" გემზე მუშაობდა. კაპიტანი ედვარდ ჯონ სმიტი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ოფიცერი იყო, ხოლო მისი თანაშემწეები ახალგაზრდა და ამბიციური უილიამ მაკმასტერ მერდოკი და ჩარლზ ჰერბერტ ლაიტოლერი იყვნენ. როგორც მოგვიანებით გაზეთები წერდნენ, ატლანტის ოკეანის არაპროგნოზირებადი და რთული ამინდის გამო, გემმა წარუმატებელი მანევრი განახორციელა და სხვა გემს შეეჯახა. ამ ინციდენტზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს და ვაიოლეტიც თავის მემუარებში მშრალად საუბრობს. იმ დღეს ახალგაზრდა სტიუარდესა ცოცხალი გადარჩა და არც ეკიპაჟის სხვა წევრებს მოსვლიათ რამე.
ვაიოლეტი ნებისმიერ გასაჭირსა და გამოწვევას დიდი მოთმინებით ხვდებოდა, რადგანაც მონასტერში მონაზვნებმა ასწავლეს, რომ სიკვდილის შემდეგ მარადიული სიცოცხლეა. გოგონას ლოცვების კრებული ჰქონდა, რომელსაც ყოველ საღამოს კითხულობდა და ღმერთს კარგად ყოფნას სთხოვდა.
ამ ინციდენტის შემდეგ ვაიოლეტმა სამსახური "ტიტანიკზე" მიიღო. 1912 წლის 10 აპრილს გოგონა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, გემზე ავიდა. როდესაც 14 აპრილს გემი აისბერგს შეეჯახა და სრული ქაოსი ატყდა, მან მონაზვნებისგან წამოღებული ლოცვების კრებული აიღო და ლოცვა დაიწყო. როგორც მოგვიანებით ჯესოპმა გაიხსენა, გემბანზე თავდაპირველად ვერავინ გაიგო, რა მასშტაბის შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შემთხვევა. გემმა კი ნელ-ნელა წყალში ჩაძირვა დაიწყო.
ვაიოლეტის მოგონებების თანახმად, გემის კაპიტანმა რამდენიმე გოგონას უბრძანა, რომ მე-16 მაშველ ნავში გადასულიყვნენ. ერთ-ერთმა ქალმა ვაიოლეტს საბანში გახვეული პატარა ბავშვი გადასცა და სთხოვა, რომ მასზე ეზრუნა. ჯესოპი ერთადერთი გადარჩენილი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ "ტიტანიკის" ჩაძირვის დროს ორკესტრი საგალობელს უკრავდა. ვაიოლეტი გადარჩა. ბავშვი ძლიერად ჰყავდა ჩახუტებული მაშინაც, როცა ხმელეთზე აღმოჩნდა, იმ აურზაურში ვიღაც ქალი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ბავშვი მისი იყო. ვაიოლეტმა ვერასოდეს გაიგო, ვისი შვილი გადაარჩინა.
გადარჩენის შემდეგ ქალს საქმიანობა არ შეუწყვეტია. პირველი მსოფლიო ომის დროს, ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი სამხედრო გემ "ბრიტანიკაში" მედდად მსახურობდა. გემი ნაღმზე აფეთქდა და როდესაც წინა ნაწილის დატბორვა დაიწყო და კაპიტანმა ევაკუაცია გამოაცხადა, ორ სამაშველო ნავზე ბორტგამცილებლები და ექთნები გადაიყვანეს. მათ შორის, ვაიოლეტიც იყო. თუმცა, ვაიოლეტმა ამ დროს თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო.
ვაიოლეტ ჯესოპი სიბერემდე ბორტგამცილებლად მუშაობდა. ძალიან გამოცდილი თანამშრომელი იყო და ბოლო წლებში მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ლაინერებს ემსახურებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან მოახერხა დაქორწინება მეზღვაურზე, რომელიც სამსახურში გაიცნო, მაგრამ უცნობია, შვილები შეეძინათ თუ არა.
ვაიოლეტი მორწმუნე კათოლიკედ დარჩა, კვლავ დადიოდა მონასტერში და მოკრძალებულად ცხოვრობდა. 1950 წელს პენსიაზე გავიდა და საცხოვრებლად საფოლკში გადავიდა. პარალელურად, მისმა მეგობარმა ჯონ მექსტოუნ-გრემმა მის შესახებ წიგნები შექმნა და ეს ისტორიები სათავგადასავლო რომანებს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ამბებს. უამრავი მკვლევარისთვის ამოუცნობია, როგორ ახერხებდა ვაიოლეტი საერთო არეულობისა და ქაოსის დროს მშვიდად ყოფნასა და გადარჩენას, მაგრამ ფაქტია, რომ მას საოცარი ისტორია აქვს.
ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი 1971 წელს 83 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.